რამდენმა სირიელმა ლტოლვილმა მომართა საქართველოს დახმარებისთვის და რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო მათ დასახმარებლად

რამდენმა სირიელმა ლტოლვილმა მომართა საქართველოს დახმარებისთვის და რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო მათ დასახმარებლად

როგორც აღმოჩნდა, სირიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს დასახმარებლად მხოლოდ 175-მა სირიელმა მომართა, მათგან განსხვავებით კი ერაყელი ლტოლვილების რიცხვი გაცილებით დიდია, თავშესაფარის მთხოვნელთა თითქმის 80% სწორედ ერაყელი ლტოლვილია.

ძირითადად რომელი ქვეყნის მაცხოვრებლები მომართავენ საქართველოს თავშესაფრისთვის, რა ვალდებულებას იღებს სახელმწიფო მათ დასახმარებლად, ამ საკითხებზე AMBEBI.GE საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსს, ირაკლი ლომიძეს ესაუბრა.

ირაკლი ლომიძე:

- ამ დროისთვის ყველაზე მეტი მომართვა სამინისტროს ერაყის მოქალაქეებისგან აქვს. მანამდე, დაახლოებით 2014 წლის ივნის-ივლისიდან 2015 წლის მაისამდე აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული კონფლიქტების გამო, ძალიან ბევრი იყო უკრაინული მომართვები. 2015 წლის მაისის მერე უკრაინული მომართვების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და ახლა კვირის განმავლობაში თითო-ოროლა შემოდის, ძირითადი მასა ისევ ერაყია. 2014-2015 წლებში მთლიანად, ლტოლვილების ჯამური მომართვა იყო 3006. ამ პერიოდში ძირითადი ქვეყნები იყო ერაყი და უკრაინა.

- სირიაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო თუ მომართა საქართველოს სირიელმა ლტოლვილებმა?

- სირიელების მომართვა თავიდანვე, როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ძალიან მცირე გვქონდა და ახლაც ასეა. სირიის მოქალაქეების მომართვიანობა ჯამურად არის 175 პირი.

- როგორია მომართვის შემდგომი პროცედურები?

- რეგისტრირდებიან თავშესაფრის მაძიებლებად და მერე იწყება კვლევა, - უნდა დადგინდეს, მიენიჭოს თუ არა სტატუსი ამ პირს. ეს პერიოდი მოიცავს 6 თვეს და შესაძლოა, კიდევ 3 თვით გაგრძელდეს თუ რაღაც ისეთი გარემოებებია, რომელიც დამატებით გამოკლევას საჭიროებს; ანუ ჯამურად გამოდის 9 თვიანი პერიოდი. ვინც ჩვენს ქვეყანას თავშესაფრისთვის მომართავს, ფიზიკურად ის პირები საქართველოში უნდა იმყოფებოდნენ, ეს არის პირველი აუცილებელი მოთხოვნა, ისე მომართვას ვერ გააკეთებენ.

- თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ლტოლვილები უკვე საქართველოში იმყოფებიან და შესაბამისად, მათ სჭირდებათ თავშესაფარი და საკვები...

- მარტყოფში გვაქვს დროებითი განთავსების ცენტრი და ნაწილი იქ არის. ნაწილი თავის თავს თვითონ ინახავს. ამას გარდა, სამინისტროს ფარგლებში შექმნილია კომისია, რომელიც განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორიის პირებს იკვლევს და მათ დაფინანსებას ახორციელებს, ამაში შედის ბინის ქირა, შეიძლება გამოიყოს ყოველთვიური სოციალური შემწეობა, ასევე დამატებითი სახსრები ჯანდაცვაზე და ა.შ.

- მას შემდეგ, რაც პირი სახელმწიფოსგან თანხმობას მიიღებს, როგორ უზრუნველყოფს საქართველო ლტოლვილების ცხოვრებას ქვეყანაში?

- ჩვენ ორი სტატუსი გვაქვს, ერთია ლტოლვილის, მეორე კი ჰუმანიტარულის სტატუსი. ეს უკანასკნელი პირს ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე ენიჭება, როცა მის ქვეყანაში კონფლიქტური სიტუაციაა და პირადი პრობლემა არ აქვს. ამ სტატუსების მინიჭების მერე სახელმწიფოს მათი დახმარების ვალდებულება აქვს. პირველ რიგში ისინი იღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას - 45 ლარს, ისევე, როგორც ჩვენი დევნილები.

ასევე, ჯანდაცვის კუთხით გათანაბრებული გყავს საქართველოს მოქალაქეებთან, კერძოდ, მათ ეხებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ამ წელს დავიწყეთ 6 თვიანი ქართული ენის შემსწავლელი კურსები და ამის წარმატებით დაძლევის შემდეგ პირდაპირ გააგრძელებენ სწავლას შესაბამისი განათლების კლასებიდან.

- რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს, უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო ამით?

- უმეტესობა მაინც თვითონ ინახავს საკუთარ თავს, მაგრამ სამინისტროს კომისია მათი მომართვის საფუძველზე იხილავს განცხადებებს, ვინც საჭიროებს საცხოვრებელს, სიტუაციას ადგილზე სწავლობს და გადაუდებლობის შემთხვევაში ბინის ქირას აფინანსებს.

- ლტოლვილების დახმარება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება თუ ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები?

- ეს არის დახმარება მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ საკმაოდ სერიოზულ დახმარებს გვიწევს საქართველოში არსებული გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია