რამდენი მღვდელმსახურია საქართველოს ეკლესიაში და აფინანსებს თუ არა მათ საპატრიარქოს ბიუჯეტი?

რამდენი მღვდელმსახურია საქართველოს ეკლესიაში და აფინანსებს თუ არა მათ საპატრიარქოს ბიუჯეტი?

რამდენი მღვდელმსახურია საქართველოში, აქვთ თუ არა სასულიერო პირებს შემოსავალი და რაში იხარჯება სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად AMBEBI.GE საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს ესაუბრა:

- ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, სავარაუდოდ, ალბათ 2 000-მდე მღვდელმსახურია, 1 000-მდე ბერი და 500-მდე მონაზონი. ეს არის სავარაუდო ციფრები, რადგან ზუსტი მონაცემი არ გვაქვს.

- საიდან ფინანსდებიან სასულიერო პირები? რა წარმოადგენს მათ საარსებო საშუალებას?

- მოძღვრებისთვის შემოსავალი არის ის შემოწირულობა, რომელსაც მრევლი გადაუხდის მღვდელმსახურების შესრულებაში, იქნება ეს ნათლობა, ჯვრისწერა, პანაშვიდი, წესის აგება და ა.შ. რასაც შესაწირის ყუთში შეწირავენ, ის არის სასულიერო პირის შემოსავალი. საპატრიარქოს ბიუჯეტიდან არც ერთი მღვდელმსახური არ ფინანსდება, რადგანაც ეს არ არის ნორმა. ეკლესიაში სასულიერო პირები თანხას ჩვეულებრივ შესაწირიდან იღებენ.

- საზოგადოებაში ხშირად უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ საპატრიარქოს ბიუჯეტი ყოველ წელს იზრდება, როგორ ნაწილდება ეს თანხები?

- თანხა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დასაფინანსებლად გამოიყოფა, არის ერთგვარი კომპენსაცია იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, ანუ ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში სახელმწიფოსგან ეკლესიას მიადგა, ვგულისხმობ 20-იან წლებს, როდესაც ბოლშევიკურმა რეჟიმმა ეკლესიები პრაქტიკულად დააცარიელა.

ეს ნორმა არსებობს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ასეა, გამოყოფილია გარკვეული თანხა, რომელსაც საკომპენსაციოდ ეკლესიას უხდიან, რადგანაც ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის, რა თქმა უნდა, იმ სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეა, რომლის დროსაც ეკლესიამ მატერიალური ზარალი მიიღო. აქედან გამომდინარე, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ძალიან მცირე ნაწილი სოციალურ მიმართულებებს. რადგანაც ჩვენ მომავალს ვხედავთ სასულიერო პირების აღზრდაში, სასკოლო დაწესებულებების შექმნაში, სადაც ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ შესაბამის განათლებას, ეს თანხა მთლიანად აქეთკენ არის მიმართული. ამ თანხიდან სასულიერო პირები, როგორც ასეთი, ხელფასს არ იღებენ.

არსებობს ორი სასულიერო აკადემია, ორი უმაღლესი სასწავლებელი უნივერსიტეტი, საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, ოთხი სემინარია, სკოლები, გიმნაზიები და გამოყოფილი თანხა მთლიანად ამ მიმართულებებზე იხარჯება. თვალსაჩინოებისათვის გეტყვით, რომ ეს 25 მილიონი არის იმდენი, რამდენითაც ფინანსდება ერთი უმაღლესი სასწავლებელი. თუ არ ვცდები "ილიაუნის" 40 მილიონამდე აქვს გამოყოფილი, რომ იფუნქციონიროს, პრაქტიკულად ერთი უნივერსიტეტი რასაც მოიხმარს მთელი წლის განმავლობაში, იმას იხმარს ჩემს მიერ ჩამოთვლილი დაწესებულებები და თუ ასე გავაანალიზებთ, ვფიქრობ რომ ამხელა ეკლესიისთვის 25 მილიონი ძალიან დიდი თანხა არ არის, თუ ქვეყანაში ერთი უნივერსიტეტის დაფინანსებას 30 და უფრო მეტი მილიონი ლარი სჭირდება.

- გამოყოფილ ბიუჯეტში თუ შედის სოციალური დახმარება უმწეოთათვის?

- არა, ასეთი მიმართულება პრიორიტეტად არ გვაქვს, უბრალოდ, ეპარქიებში როგორც ახერხებენ სასულიერო პირები და მღვდელმთავრები დახმარებას, ამას ახორციელებენ. ჩვენ რომ თანხა სოციალურ დახმარებაზე გავანაწილოთ, საპატრიარქოსთან, ალბათ, ხალხის რიგი არ შეწყდება იმიტომ, რომ დღეს პრაქტიკულად ყველას უჭირს.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს COVID-19-სგან დამცავ საშუალებად წარმოაჩენენ, ყალბია - საგანგებო განცხადება

იპოვე  და აპოვნინე 250, 400 ან 600 ევრო  5000 მგზავრს – Flyhelp.ge