ინფორმაცია 40 პოპულარული ქართული გვარის შესახებ

ინფორმაცია 40 პოპულარული ქართული გვარის შესახებ

ვინაიდან დიდ ინტერესს იწვევს გვარებისა და წარმომავლობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციები, ამიტომ ვაგრძელებთ მკითხველის მოთხოვნით კიდევ რამდენიმე გვარის შესახებ არსებული ცნობების მოწოდებას. ზოგიერთი მათგანის გარშემო მეცნიერების მიერ შეკრებილი მასალა მწირია, ზოგი - ვრცელი.

ბერიძე - მთელ საქართველოშია გავრცელებული. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი - ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია ბევრი საკუთარი სახელი, რომლებიც გვარ-სახელებშია შესული: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე... ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვილი. მესხეთში (ახალციხის რაიონი) სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, იქ ასპინძის რაიონიდან გადმოსულან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით ბერიძესშვილებად იწერებოდნენ, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. იქ მცხოვრები ბერიძეები ორ შტოდ ყოფილან დაყოფილი: ბერიძიანებად და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფელ ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები.

დათუაშვილი - გავრცელებულია გურჯაანში, ქუთაისსა და თბილისში. ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან "დათუა". დათუა, დათა, დათია, დათიკო, დათუკა, დათუნა და დავითის კნინობით-ალერსობით ფორმებად მიიჩნევა. ისტორიულ ცნობებში, 1710 წელს ვინმე დათუაშვილი ზურაბა იხსენიება.

თამარაშვილი - ძირითადად გავრცელებულია თბილისსა და ახალციხეში. ცნობილი ისტორიკოსი - მიხეილ თამარაშვილი თავის გვარს ამ წესით ამოკლებდა და ევროპულ ენებზე წერდა: Michel Tamarati. ამავე ძირისაა თამარაძე.

კოპტონაშვილი - მომდინარეობს მეტსახელიდან "კოპტონა". გადმოცემით, კოპტონაშვილების ძველი გვარი ხმალაძე ყოფილა. ერთ-ერთ ხმალაძეს ბატონთან უთანხმოება ჰქონია, მისთვის თივის ზვინები გადაუწვამს, გაქცეულა და ჯავახეთში გადასახლებულა. იქ ბევრი სელი მოუყვანია, კოპტონი უხვად ჰქონდა, რისთვისაც კოპტონა დაურქმევიათ.

ბარნოვი - მესხური წარმოშობის გვარია, ასპინძის რაიონიდან, სოფელ ბარნავიდან. ოსმალების ხშირი შემოსევების გამო სოფელ ბარნავიდან ქვემო ქართლში (კოდაში, დღევანდელ თეთრიწყაროს რაიონში) გადმოსახლებულა ზაქარია ბარნოვი, შემდგომში ცნობილი მწერლის, ვასილ ბარნაველ (ბარნოვის) მამა. ის XIX საუკუნის მეორე ნახევარში დღევანდელი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დიდი ენაგეთის მღვდელი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. გვარი - ბარნაველი რუსიფიკაციამ შეიწირა. გვარმა რუსული დაბოლოება შეიძინა. ვასილ ბარნოვი თავის პაპას, აბრამს, ბარნაველად იხსენიებს. თუმცა შვილებმა დაიბრუნეს ბარნაველის გვარი.

კოშკელაშვილი - სადაურობის სიტყვიდან მომდინარეობს. სოფელი კოშკი კახეთში მდებარეობდა. გადმოცემით, კოშკელაშვილების წინაპრები კახეთიდან თბილისის მახლობლად გადმოსახლებულან. ზოგი მათგანი კოშკელოვებად იწერება.

ასლამაზიშვილი - ეს გვარი გარდაბანში, მცხეთასა და თბილისშია გავრცელებული. შედგება საკუთარი სახელისგან ასლამაზა. ასლამაზიშვილების გვარის წინაპრები ლამაზიშვილები ყოფილან (XV ს). მოგვიანებით (XVIII ს.) მეტსახელმა ასლამაზ აწარმოა გვარი ასლამაზიშვილი.

XIX საუკუნის თბილისში ცხოვრობდა 23 სხვადასხვა გვარის 70-ზე მეტი მამრობითი სქესის თავადი. ამასთან, 68 სხვადასხვა გვარის აზნაური. მათ შორის იყვნენ ასლამაზიშვილები. ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ასლამაზიშვილი გვხვდება 1615, 1689, 1782 წლებში. გვარს აქვს შტო-გვარებიც: ზურაბიშვილი, რამაზაშვილი, ფეიქრიშვილი. ასლამაზიშვილების მეორე გვარი ყოფილა ზურაბაშვილი.

ლიქოკელი - ხევსურეთში ფართოდ არის წარმოდგენილი: მომდინარეობს გვარადქცეული სადაურობის სიტყვიდან. ლიქოკი სოფელია ხევსურეთში, ლიქოკელების ძირითადი საცხოვრისი.

ლოლაძე - გავრცელებულია საგარეჯოში, ჭიათურასა და თბილისში. შეიცავს ქალის საკუთარ სახელს - ლოლა. ლოლაძეთა წინაპარი იმერეთიდან გადმოსულან. ჩანდნენ ერეკლე მეფის დროს, 1695 წელს და ტრაქტატშიც არიან მოხსენიებულები, როგორც აზნაურები, რომლებიც იმერეთში არიან დასახლებულები და ნაწილი - ქართლში.

ლურსმანაშვილი - გავრცელებულია ჩხერში, სხლითში, ვერტყვიჭალაში. გადმოცემით, ძველად ფურცელაძეები ყოფილან. ჩხეთში მოსახლე ლურსმანაშვილთა შტოგვარებია: ქაქიჩაშვილი, ბაშტაშვილი, მიქელაშვილი, ბეკიაშვილი, კიჟინაშვილი.

მჭედლიძე - გორში, ზესტაფონსა და თბილისშია გავრცელებული. შედგება ხელობა-მოსაქმეობის სიტყვისგან - მჭედელი. ამავე ძირისაა: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: გვარი ჭელიძე მიღებულია მჭედლიძისაგან. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად, შეიძლება მოვიხმოთ ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წელი), სადაც გურიაში სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, ამ სოფელში მჭედლიძე არავინაა, მაშინ როცა ჭელიძეები მრავლად სახლობენ. თუ ვარაუდი სწორია, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი - მ და დ დაკარგულა) და ჭელიძედ ქცეულა.

ლეკიშვილი - გავრცელებულია გარდაბნის (მარტყოფი), ასპინძისა (ვარგავი), კასპის რაიონში (წინარეხი) და ამბროლაურში. ამავე ძირისაა ლეკიაშვილი. გადმოცემით, წინარეხელი ლეკიშვილები წინათ მამისაშვილები ყოფილან, ერთი მათგანი ლეკებს გაუტაციათ, 3 წლის შემდეგ უკან დაბრუნებულა.

მაღალაძე - ქართლის წარჩინებული ფეოდალური გვარია. მაღალაძეები XV საუკუნიდან დაწინაურდნენ. გვარს საპატიო ადგილი ეჭირა - სვეტიცხოვლის ქადაგის თანამდებობა. ერთგული სამსახურისათვის მიუღიათ ამ თანამდებობისთვის მიკუთვნებული მამულები წინარეხში, რომელიც მათი რეზიდენცია გამხდარა. იქიდან სამიოდე კმ-ის დაშორებით შემონახულია ე.წ. მაღალაანთ ეკლესია და კოშკები.

მელაშვილი - მომდინარეობს საკუთარი სახელიდან - მელა, მგელი. აქედანვეა მიღებული სოფლის სახელი მელაანი (გურჯაანის რაიონი), ამავე ძირისაა: მელაია, მელაიძე, მელაძე. გავრცელებულია კვაცხუთში (ამბროლაურის რაიონი).

მელიქიძე - გვხვდება ასპინძასა და ახალციხეში. საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის ტერმინი "მელიქი" (არაბ. მალიქ) კუთხის, სოფლის, ქალაქის მმართველი, გამგებელი.

მუჯირი - გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა, მუჯირი "ხვარბლის მნე" (საბა), ამავე ძირისაა: მუჯირიშვილი.

ნოზაძე - გავრცელებულია ხაშურში, საჩხერესა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ნოზა. ნოზაძეთა განშტოების გვარად მიიჩნევა ალელიშვილი და ცაცუნაშვილი. ალელიშვილი გავრცელებულია ჯავახეთში. შედგება გვარადქცეული სადაურობის სიტყვისგან ალელი. ალი სოფელია ხაშურის რაიონში. გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს ადგილობრივი გამოთქმით, არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო სავარაუდოა, მათი წარმომავლობა სოფელ არლიდან (არალი ადიგენის რაიონშია) ყოფილიყო.

საგინაშვილი - გავრცელებულია სიღნაღსა და მცხეთაში. მომდინარეობს საკუთარი სახელადქცეული ანტიკური ეთნონიმიდან "საგინა". ამავე ძირისაა საგინაძე.

მგალობლიშვილი - გავრცელებულია დირბში (გორის რაიონი), ერკეთსა (ჩოხატაურის რაიონი) და ზუგდიდის რაიონში. სამეგრელოში გამოთქვამენ როგორც გალობერი, გელებერი. გადმოცემით, ერკეთელი მგალობლიშვილები ბალაძეები ყოფილან და გურიაში ლტოლვილობის დროს მესხეთიდან გადმოსახლებულან, თან წამოუღიათ ზარზმის ხატები და საეკლესიო ნივთები. ბალაძის ოჯახი მგალობელი ყოფილა, გურიის მთავარს შემოქმედს გადაუყვანია, სადაც მგალობლად უმოღვაწიათ.

სუთიაშვილი - გავრცელებულია თბილისში, მცხეთასა და გორში. უკავშირდება საკუთარ სახელს სუთია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1721 წელს მოიხსენიება ვინმე ალავერდა სუთიაშვილი. ამავე ძირისაა სუთიძე.

სეთური - ეს გვარი გავრცელებულია დუშეთის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისგან - სეთი. სეთურნი სოფელია გუდაურის მახლობლად. ამავე ძირისაა სეთაშვილი და სეთურიძე.

სულაშვილი - შედგება საკუთარი სახელისგან სულა. მოიხსენიება XII ს. ძეგლში, ხოლო 1817 წელს კოდაში თავად ლუარსაბ ორბელიანის ყმებს შორის იყო ვინმე გეო სულაშვილი. სულა ამჟამად გავრცელებულია მოფერებითი ფორმით - სულიკო. სულა-დან ნაწარმოებია გვარები: სულაძე, სულავა, სულაისძე, სულიაური, სულიაშვილი.

ტაბაღუა - გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან ტაბაღი. შედარებითი ფორმა ტაბახი - უძველესი ეთნონიმი ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან. ამავე ძირისაა ტაბახია.

მეფარიშვილი - გავრცელებულია ვანის და ჩოხატაურის რაიონში. შედგება ხელობის სახელისაგან მეფარე - ფარის მკეთებელი, მოხელე. ამავე ძირისაა: მეფარიძე.

ჩიხრაძე - ჩიხრაძეების გვარის ისტორია XVI საუკუნიდან იწყება. გადმოცემის მიხედვით, ჭიათურის რაიონში მდინარე ჩიხურას ხეობაში ორი ძმა ბატონს გაუნაწყენდა და სოფლიდან წასვლა გადაწყვიტა. გახიზვნის შემდეგ მათი სამყოფელი ახლანდელი გომის ტერიტორიაზე მოუნახავთ. მთისთვის, სადაც იმყოფებოდნენ, ჩიხორა დაურქმევიათ, ხოლო გვარად ჩიხრაძეზე დაწერილან. ჩიხრაძეები ძირითადად ხის ხელოსნობით ირჩენდნენ თავს.

უნდილაძე - გავრცელებულია დუშეთის რაიონში. შედგება მეტსახელი უნდილა-საგან, რაც მომდინარეობს ზოგადი მნიშვნელობის სიტყვისგან უნდილი, უფხო, მოუხერხებელი ადამიანი. თეიმურაზ I-ის მიერ ერთ-ერთ თავის თხზულებაში მოხსენიებული "შირაზის ხანი" არის გამაჰმადიანებული ქართველი იმამ-ყული-ხან უნდილაძე, ფარსის ბეგლარბეგი, ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა შაჰაბაზ I-ის დროინდელი სეფიანთა ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე, აღჭურვილი უდიდესი გავლენითა და ავტორიტეტით. ალავერდიხან უნდილაძე იყო შაჰ-აბასის პირადი მცველი, ჯარის მეთაური (ყულარაღასი) და ირანის მნიშვნელოვანი პროვინციის ფარსის ბეგლარბეგი. უნდილაძე დაუდხანი-განჯის ბეგლარბეგი. ამავე ძირისაა უნდილაშვილი.

ტყეშელაშვილი - ძირითადად ონისა და ამბროლაურის რაიონებშია წარმოდგენილი. გადმოცემით, ამ გვარის წინაპრები კოზოლიები ყოფილან, აფხაზეთიდან გადმოსულან იმერეთში და კოზოლაძეებად ქცეულან, შემდეგ ხატისკაცებად. ტყეშელაშვილების პირველი საცხოვრებელი იმერეთში ბზვანი და მაღლაკი გახლდათ. ამავე ძირისაა ტყეშელაძე, ტყეშელიაძე.

ყაუხჩიშვილი - გავრცებულია ახალციხეში, ქუთაისსა და თბილისში. ეს გვარი მომდინარეობს თურქული ტერმინიდან "ყაუხჩი", რაც ქართულად მექუდეს ნიშნავს. ზოგიერთი გადმოცემით, მათი წინაპართა გვარი დარდგანიძე ყოფილა.

შავლაშვილი - ამ გვარის წარმომავლობა ხევსურეთიდან მოდის. შავლაშვილები გიგაურის "განაყარი" გვარია. ამავე ძირისაა შალვაძე.

ჩიბუხაშვილი - გავრცელებულია ზემო მაჩხაანში. შერქმეული გვარი უნდა იყოს, აღნიშნავდა ჩიბუხის მკეთებელს (მეჩიბუხეს), ანდა მიუთითებდა ყმა-გლეხზე, რომელიც ბატონს ჩიბუხს უკიდებდა.

ცალუღელაშვილი - გავრცელებულია თიანეთის რაიონში. გადმოსახლებულები არიან ერწოდან. მათ ნაცხოვრებ უბანს ახლაც ცალუღელაანთკარი ჰქვია. მათი წინაპართა გვარი რაზმაძე ყოფილა.

ციციშვილი - ქარელის რაიონშია ფართოდ წარმოდგენილი. ეს გვარი წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა ქართლში, ყოფილი ფანასკერტელი, საციციანოს მფლობელი XVI საუკუნიდან. ამავე ძირისაა ციციაშვილი, ციციგაშვილი, ციცილაშვილი.

ციხელაშვილი - გავრცელებულია დუშეთის, დმანისისა და ახმეტის რაიონებში. შედგება საკუთარი სახელისგან ციხელა. დმანისის რაიონში მოსახლე ციხელაშვილები გადმოცემით, ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი (სოფელ გოგაშნიდან), ძველად ხოსიტაშვილები გახლდნენ.

ცხოვრებაძე - სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან "ცხოვრება". ამავე ძირისაა ცხოვრებაშვილი. გვხვდება მაქათუბანსა და ჩხერში.

ცხომარია - გვარადქცეული სადაურობის სიტყვა ცხომარი, ნიშნავს ცხომელს, ცხომი, იგივე ცხუმი - თანამედროვე სოხუმის ძველი სახელწოდება იყო. ცხომარი გვხვდება საკუთარ სახელადაც. ამავე ძირისაა ცხომელიძე.

წამალაიძე - გავრცელებულია მთიულეთში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან "წამალა". ამავე ძირისაა წამალაძე, წამალაშვილი.

ჭაბუკაშვილი - გავრცელებულია ქარელის რაიონში. გადმოცემით, სიდამონიძეები ყოფილან სოფელ ხანდოს მცხოვრებნი, იქ ბატონი მოუკლავთ და გამოქცეულან. ამავე ძირისაა: ჭაბუკიძე, ჭაბუკიანი.

ჭარელიძე - გავრცელებულია ამბროლაურის რაიონში. შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ჭარელი. ჭარელიძენი იხსენებიან სორის ტაძრის წარწერაში (XIV საუკუნე), როგორც რაჭის ერისთავები. სოფელ შქმერში ცხოვრობენ ჭარელები. ამავე ძირისაა ჭარელიშვილი (ახმეტის რაიონი), ჭარელაშვილი (ფშავი).

ჭუმბურიძე - გავრცელებულია სიმონეთში, ბარდუბანსა (თერჯოლის რაიონი) და კიცხში. საკუთარი სახელია "ჭუმბურო". შესაძლებელია მომდინარეობდეს მეგრული სიტყვისაგან ჭუმბური (წაბლი).

ხარატიშვილი - ხარატასშვილი - ხარატი (არბ.) ოსტატი. მოგვიანებით ხელობა-საქმიანობის სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას. ეს გვარი სწორედ ხარატიდან, იგივე ოსტატიდან მომდინარეობს.

ხარისჭირაშვილი - გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში (წარმოშობით ჯავახეთიდან, წინაპართა გვარი - ადუაშვილი). შედგება ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული მეტსახელისაგან - ხარისჭირა. გადმოცემით, ამ სახელით ცნობილი პირი სახალხო მკურნალი ყოფილა.

ხარხელაური - გავრცელებულია თიანეთში, მცხეთასა და თბილისში. შედგება სავარაუდო მეტსახელისგან ხარხელა. ხარხელაური 1860 წელს სოფელ ლასტისციხეში გადმოსულა საცხოვრებლად "ტიფლისის ოლქის" სოფელ მოხისიდან (დღევანდელი ქარელის რაიონი).

მოამზადა ლალი ფაციამ, საინფორმაციო პორტალისთვის AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია. გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში! AMBEBI.GE/საზოგადოება