18 წლის გიორგი კოვზირიძე, რომელიც ეკონომიკის მინისტრობაზე ოცნებობდა და მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

18 წლის გიორგი კოვზირიძე, რომელიც ეკონომიკის მინისტრობაზე ოცნებობდა და მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

AMBEBI.GE-ზე 30 სექტემბერს 18 წლის გიორგი კოვზირიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ენერგიულად და შემართებით ებრძოდა მძიმე სენს და რამდენიმე დღეში იაპონიაში მიემგზავრებოდა მკურნალობის კურსის (ახლებური მეთოდით) ჩასატარებლად.

მას ოცნება ჰქონდა - ეკონომიკის სამინისტროში უნდოდა საქმიანობა, ვინაიდან უნივერსიტეტში ეკონომიკას ეუფლებოდა. ოცნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აუხდინა. გიორგიმ აღნიშნულ სამინისტროში ერთი დღე იმსახურა (ვიდეო: გიორგის ერთი დღე მინისტრად)

ახლახან სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ, - გიორგი კოვზირიძე გარდაიცვალა...

სალომე მარაქველიძე, გიორგის მეგობარი ამ ფაქტს "ფეისბუქზე" ასე ეხმაურება:

"ცხოვრება სიუპრიზებითაა სავსე, უცებ ისეთ უბედურებას გამოუგზავნის ადამიანს, რომ მის გასამკლავებლად არც ძალა აქვს და არც სახსრები გააჩნია, მაგრამ არ ნებდება და თავს არ უხრის. გიორგი კოვზირიძე ამის მაგალითია. იგი მძიმე დაავადებით დაავადდა და ცდილობდა, გამკლავებოდა მას. ყველა გვერდში ედგა და მასთან ერთად ცდილობდნენ ამ უბედურების გადატანას. მისი ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. გიორგი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ეს ბრძოლა წააგო, ვერ დაამარცხა მძიმე დაავადება, რომელმაც მისი თავი წაგვართვა, მაგრამ ვიცი, გიორგის სული სამოთხეშია და ზემოდან გვიყურებს, გვიფარავს და გვიცავს! გიორგი, ის დიდი მანათობელი ვარსკვლავი იყო, რომელიც გაქრა. ისიც ვიცი, იმ ადამიანის გულებში, რომლებსაც უყვარდათ და აფასებდნენ, არასოდეს ჩაქრება. გიორგის ვარსკვლავი. საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის და უფალმაც საუკეთესო წაიყვანა თავისთან".

AMBEBI.GE ბერი ანდრიას ფონდის ხელმძღვანელს თინათინ ჩხვიმიანს დაუკავშირდა. გიორგი მისი შვილობილი იყო, როგორც სხვა უამრავი მძიმე სენით დაავადებული ბავშვი:

- გიორგი იაპონიიდან 2 კვირის წინ დაბრუნდა, იქ ახლებური მეთოდით მკურნალობის კურსს გადიოდა. მაგრამ მისი დაავადება საკმაოდ შორს იყო წასული და დაავადება ვეღარ დამარცხდა. თუმცა რაღაც ეტაპზე, გარკვეული შვება კი ჰქონდა... საბოლოოდ ის დაბრუნდა საქართველოში...

მისმა გარდაცვალებამ ყველას გული დაგვწყვიტა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, რომ ეს მწუხარება გამოვხატო. საოცრად ძლიერი ადამიანი იყო, დიდი და კარგი მიზნები ჰქონდა... დიდხანს, 5 წლის განმავლობაში ებრძოდა სენს...

მადლობა მინდა, გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელმაც გიორგის ოცნება აუხდინა, საშუალება მისცა, ეკონომიკის სამინისტროში ერთი სამუშაო დღე გაეტარებინა. ნათელში იყოს მისი სული. ის ჩვენი შვილობილი იყო და უკვე ძალიან დაგვაკლდა, რასაც, განვიცდი".

ახლა ის ინტერვიუ, რომელიც გიორგი კოვზირიძემ სექტემბერში თავად მოგვცა.

***

18 წლის გიორგი კოვზირიძე, რომელიც მძიმე დაავადების დასამარცხებლად აქტიურად იბრძვის

18 წლის სტუდენტ გიორგი კოვზირიძეს 2011 წელს სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს - ფილტვებში მეტასტაზირებული ძვლის ოსტეოსარკომა აღმოაჩნდა, მაგრამ ის დაავადების დასამარცხებლად დღემდე აქტიურად იბრძვის. ამის პარალელურად სკოლის წარმატებით დამთავრებაც მოახერხა და წელს თსუ-ს სტუდენტიც გახდა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების განხრით ჩააბარა.

გიორგი კოვზირიძე "AMBEBI.GE"-ს ესაუბრა:

- პირველი კურსის სტუდენტი ვარ, წელს 50-პროცენტიანი გრანტიც მოვიპოვე... სკოლა ზესტაფონში დავამთავრე, მეშვიდე საჯაროში ვსწავლობდი.

- როგორია ამჟამად შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე, მეტასტაზები ისე აღარ იზრდება, მაგრამ ქიმიოთერაპიის კურსები დაავადებას უკვე ეფექტურად აღარ შველის და სასწრაფოდ მესაჭიროება იაპონიაში გამგზავრება, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული, ახალი მეთოდით მიმკურნალებენ.

- ვინ დაგეხმარა ამაში?

- რა თქმა უნდა, "ბერი ანდრიას ფონდი", დედა თინათინი, სადაც ახლაც ვარ. დაფინანსებით კი "სოლიდარობის ფონდმა" გამომიყო სახსრები. იაპონიაში ერთ კვირაში მივემგზავრები.

საერთოდ კი, თავიდან სპეციალისტებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ, სანამ დიაგნოზი დამისვეს, - საბოლოოდ თურქეთში დაადგინეს, რომ ძვლის ოსტეოსარკომა მაქვს, რომელიც ფილტვებშია მეტასტაზირებული.

- მკურნალობა იქვე დაიწყე?

- არა, საქართველოში. 2011 წლიდან ერთი წლის განმავლობაში ვმკურნალობდი. ქიმიოთერაპიის კურსმა

დაავადება შეაჩერა. მერე ერთი წელი შესვენება მქონდა, დაავადებაც არ პროგრესირებდა, შეჩერებული იყო.

ერთი წლის მერე ისევ განახლდა და მკურნალობა განვაახლე. გერმანიაში ორი ოპერაცია და ერთი ქიმიოთერაპიის კურსი ჩამიტარეს. იმის მერე სულ ვმკურნალობ.

- ამ ყველაფრის ფონზე შეძელი ის, რომ სტუდენტი გახდი, სკოლაც წარმატებით დაამთავრე. როგორ მოახერხე ეს?

- ძალიან რთული იყო, ქიმიოთერაპიის გამო, ერთი თვიდან თითქმის ნახევარს თბილისში ვატარებდი. თან, ეს პროცედურა რთული გადასატანია, ბევრი უკუჩვენება აქვს, მაგრამ სტუდენტი მაინც გავხდი.

- როგორც ჩანს, ნიჭიერი ადამიანი ხარ. სკოლაში შენი მდგომარეობის გამო შესაძლოა, მასწავლებლები გეხმარებოდნენ, მაგრამ უნივერსიტეტში ხომ არავინ იცოდა შენი ავადმყოფობის შესახებ?

- არა, არავინ იცოდა, გამოცდები როგორც ყველამ, მეც

ისევე ჩავაბარე, მაგრამ სკოლაში მასწავლებლები მეხმარებოდნენ, მოსწავლეებიც გვერდში მედგნენ და მეც ძალიან ვცდილობდი.

- აშკარად მიზანდასახული ხარ. სამომავლოდ რაზე ოცნებობ?

- ბავშვობაში ყველას რაღაც სურვილი აქვს, ვიღაცას ექიმობა უნდა, ზოგს - კოსმონავტობა, მე ბიზნესი მიზიდავდა ყოველთვის. ახლა ის უკვე ჩემი სფეროც გახდა, ამ მიმართულებით ვსწავლობ. სულ მინდოდა, გავმხდარიყავი ეკონომიკის მინისტრი იმიტომ, რომ მაინტერესებს ამ სფეროს შიგნიდან შევხედო, გავეცნო. ეს ხომ ის დარგია, რომელშიც მომავალში ვაპირებ რომ დავსპეციალისტდე.

- საქართველოს ეკონომიკა რომ არ არის მყარი და წარმატებული დარგი?

- ამიტომ საჭიროა, ამ სფეროში ბევრი კვალიფიციური კადრი მოვიდეს.

ბოლოს ყველა ადამიანს მინდა, მადლობა გადავუხადო, მათ, ვინც ჩემი მდგომარეობა ამ წლების განმავლობაში გულთან ახლოს მიიტანა. ეს არის ფეროშენადნობი ქარხანა, ფულადი დახმარება გამიწია, მადლობა, რა თქმა უნდა, დედა თინათინს და "ბერი ანდრიას ფონდს", რომ ასე მეხმარება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია