უბანში ყველამ იცოდა, რომ ანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - ბერი გაბრიელის პროსპექტზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

უბანში ყველამ იცოდა, რომ ანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - ბერი გაბრიელის პროსპექტზე დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბერი გაბრიელის პროსპექტზე მოკლული 38 წლის გიორგი ბედოშვილი კახეთში, სოფელ ქიზიყში დაკრძალეს. იგი ფსიქიკურად დაავადებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ხოლო გიორგის ბიძაშვილი, ზურაბ ბედოშვილი, ფეხში დაჭრა.

იმ დღეს ისინი პაციენტის დასახმარებლად დილის 8 საათზე მივიდნენ. გიორგი ბედოშვილს ფსიქიკურად დაავადებული ანდრო მკრტიჩიანის დედამ დაურეკა და შვილის საავადმყოფოში გადაყვანაში დახმარება სთხოვა. როგორც კი გიორგიმ და ზურაბმა სახლში შედგეს ფეხი, ანდრო მკრტიჩიანმა მათ ესროლა. გიორგი ზღურბლზევე დაიღუპა, ფეხში დაჭრილმა ზურაბმა კი გაქცევა მოახერხა და პოლიცია გამოიძახა.

54 წლის ანდრო მკრტიჩიანი ბინაში ჩაიკეტა და სამართალდამცველებს დახოცვით ემუქრებოდა. იძულებული გახდნენ, ფეხში მსუბუქად დაეჭრათ და მხოლოდ ამის შემდეგ განაიარაღეს. შემთხვევის ადგილზე საშინელი სურათი დამხვდა, კიბე ერთიანად სისხლით იყო მოსვრილი, სისხლის გუბე იდგა ლიფტის კარსა და ბინის შესასვლელთანაც. ანდრო მკრტიჩიანი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ანდროს და იმავე კორპუსში ცხოვრობს (მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა). უბანში ყველამ იცოდა, რომ ანდროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ბევრჯერ უნახავთ, თავის თავს როგორ ელაპარაკებოდა, მაგრამ როგორც ამბობენ, აგრესიული არ ყოფილა. მხოლოდ ერთი ინციდენტი გაიხსენეს მეზობლებმა, - რამდენიმე კვირის წინ ანდრომ მანქანა შუა გზაზე დააყენა და თვითონ ბინაში ავიდა. სხვა მანქანებს გზა გადაეკეტათ და როცა გზის გათავისუფლება სთხოვეს, მძღოლს აუშარდა, უარზე დადგა. ანდრო მკრტიჩიანს მართვის მოწმობაც ჰქონდა, გაირკვა საგანგაშო ფაქტიც: მას იარაღი ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული. როგორც ჩანს, მომსახურების სააგენტოში იარაღის გასაფორმებლად მისული მკრტიჩიანის ფსიქიკურ მდგომარეობაში ეჭვი არავის შეუტანია, ალბათ, მართვის მოწმობის საფუძველზე გასცეს იარაღის შენახვის ნებართვა ისე, რომ ფსიქო არავის მოუთხოვია. არადა, როგორც მეზობლები ამბობენ, მას ვიზუალურადაც ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. საბედნიეროდ, 1-ლი ნოემბრიდან სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის იარაღის შეძენის წესები შეიცვალა. ვისაც იარაღის შეძენა სურს, შსს-ს მომსახურების სააგენტოში თეორიული გამოცდა უნდა ჩააბაროს.

ჩვენი ინფორმაციით, ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დედამ მკურნალ ექიმს აცნობა, რომ შვილს მდგომარეობა გაუმწვავდა. ექიმმა ურჩია, დაერეკა სასწრაფო დახმარებისთვის და ექიმები და პოლიცია დაეხმარებოდნენ შვილის საავადმყოფომდე მიყვანაში. მაგრამ დედამ ამ წესს გვერდი აუარა და ნაცნობ გიორგი ბედოშვილს დაურეკა დასახმარებლად. გიორგი ბედოშვილმა ანდრო მკრტიჩიანი ასათიანის ქუჩაზე ადრე მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაიცნო, ბედოშვილი იქ სანიტრად მუშაობდა.

ლალი წულეისკირი, ექიმ-ფსიქიატრი: "გიორგი ბედოშვილი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. შვილებისთვის რომ არაფერი მოეკლო, ღამეებს ათენებდა, დამატებით მუშაობა არ ეზარებოდა. თითქმის მთელ დროს პაციენტებთან ატ

არებდა, მათ ნდობასა და პატივისცემას იმსახურებდა. ამ ოჯახს ის ადრეც დაეხმარა. ეტყობა, იფიქრა, ამჯერადაც მშვიდად მოაგვარებდა საქმეს. რას წარმოიდგენდა, სახლში შეიარაღებული ადამიანი თუ დახვდებოდა. ანდრო მკრტიჩიანი ჩვენს კლინიკაში იყო რეგისტრირებული. ეტყობა, წამლებს არ სვამდა, თორემ ასეთ რამეს არ ჩაიდენდა. ჩვენს კლინიკაში მუშაობს დაჭრილი ზურაბ ბედოშვილიც, ექთანის თანაშემწეა (გიორგი ბედოშვილის ბიძაშვილია). სამწუხაროდ, ამ ფაქტის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში სოციალური სტიგმა (ადამიანის დისკრიმინაცია ან პიროვნული უკმაყოფილება მისი უნიკალური თავისებურებით, რომლითაც იგი განსხვავდება სოციალური გარემოსგან) გაღრმავდება. ჩვენც დავდივართ ბინაზე ვიზიტებით, მაგრამ წინასწარ ვსწავლობთ პაციენტის მდგომარეობას. ფორმა 100-ში თუ წერია, რომ პაციენტი ძალიან აგრესიულია, მაშინ შესაბამისად მომზადებული მივდივართ, მაგრამ დაცული მაინც არ ხარ. ამასთან, ვალდებული ვართ, კონფიდენციალურობა დავიცვათ. თუ ადგილზე არ გვხვდება პაციენტი, მეზობელს ვერ ვეტყვი, ვინ ვარ, უფრო მეტიც, ოჯახის წევრსაც კი არ ვეუბნებით, რომ მისი ექიმი ვარ. სამწუხარო ფაქტი მოხდა. ოჯახებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ. მსგავს შემთხვევებში აუცილებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა უნდა გამოიძახონ".

"როცა პაციენტი აღარ იღებს მედიკამენტს, ის უკვე საშიში ხდება"

უნდა ვერიდოთ თუ არა ფსიქიკურ ავადმყოფებს, რამდენად საშიში არიან ისინი, ან როდის მწვავდება დაავადება, ამ და სხვა საკითხებზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს, ლაშა კილაძეს ვესაუბრეთ:

- არ მინდა, ბანალური ვიყო და სიტყვა "სტიგმა" გამოვიყენო, მაგრამ მთავარი პრობლემა დღეს საზოგადოებაშია. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია