ნათია ფანჯიკიძე პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა ვიდრე ამ პროფესიას დაეუფლებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. ამბობს, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მუშაობა საშუალებას მისცემს, სამშობლოში მაღალი რანგის პროფესიონალად დაბრუნდეს. თბილისში დაბრუნებას კი გაზაფხულზე გეგმავს.ნიკა ალასანია 17 წლისაა. ნიუ-იორკში სპეციალიზებულ მათემატიკურ საჯარო სკოლას ამთავრებს და პოლიტიკური მეცნიერების შესწავლას აპირებს. ნიკა ალასანია: "უფრო პოლიტიკისკენ მივისწრაფვი. ვიცი, რომ პოლიტიკოსის გზა დაბრკოლებებით არის სავსე, მაგრამ ეს დაბრკოლებები უფრო მიზიდავს. პოლიტიკის გარდა, ფეხბურთი და კალათბურთი მიტაცებს, კარგად რომ გამომდიოდეს, ფეხბურთელი ვიქნებოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის".
ეკა ალასანია 12 წლისაა. ისიც მათემატიკურ სკოლაში სწავლობს. დედა მას ემოციურ, თუმცა, გაწონასწორებულ პიროვნებად ახასიათებს და ამბობს, რომ ხასიათით ნიკა უფრო დედას ჰგავს, ეკა კი - მამას. ნათია, ეკა და ნიკა პოლიტიკური გაერთიანება "ალიანსი საქართველოსათვის" ლიდერის, ირაკლი ალასანიას ოჯახის წევრები არიან. ალასანიების ოჯახი ზუსტად 18 წლის წინ შეიქმნა.
ირაკლი ალასანია: - შვილებთან ურთიერთობისთვის, სამწუხაროდ, იმდენი დრო არ მრჩება, რამდენიც მინდა, მქონდეს. ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა იმითაც არის კარგი, რომ ახალგაზრდა კაცს უკვე მოწიფული შვილი გეყოლება. მე და ნიკა ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მასთან ვმეგობრობ. ეკას კი ბოლო ხანს ბევრი საიდუმლო აქვს, მაგრამ ამას გაგებით ვეკიდები.
- ნიკას პროფესიულ არჩევანზე თქვენ იქონიეთ გავლენა?
- არა. მე სხვაგვარად წარმომედგინა ნიკას მომავალი, მაგრამ ეს მისი არჩევანია. შეიძლება მის გადაწყვეტილებაზე იმან იმოქმედა, რომ ხედავს, დღეს საქართველო რა მდგომარეობაშია, მე რომ ჩავერთე პოლიტიკაში, ალბათ, გარკვეული როლი ამანაც ითამაშა.
ნათია ფანჯიკიძე: - ნიკუშამ შარშანწინ გამოგვიცხადა, ფსიქიატრობა მინდაო. ადამიანის ხასიათის ამოცნობის კარგი უნარი აქვს, ჰუმანისტია. ვიფიქრე, რომ კარგი ექიმი გამოვიდოდა.
შარშან კი თქვა, რომ პოლიტიკური მეცნიერება აინტერესებს. მგონია, უფრო მამის მიმართ გაუჩნდა სოლიდარობის გრძნობა და სურს, მას დაეხმაროს. არჩევანში ხელს ვერ შევუშლი.
- კონკრეტულად რას საქმიანობთ ბელვიუ ჰოსპიტალში (Bellevue Hospital Center)? გული არ გწყდებათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის დატოვება მოგიწევთ?
- მე ასისტენტ-ფსიქოლოგი ვარ. ჩემი კოლეგები ძალიან ავტორიტეტული სპეციალისტები არიან. უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელი, პროფესორი ანათინა მიშერი გენიალური ქალია, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. კარგ ადამიანებთან მუშაობისას თვითშეფასების ხარისხი გიუმჯობესდება. მათ გვერდზე თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მეც მათი მსგავსი ავტორიტეტი ვარ. ამიტომ იქიდან წამოსვლა ჩემთვის მართლა არ არის იოლი, თუმცა ცხოვრება იმით არის საინტერესო, რომ ერთი ეტაპი მთავრდება და ახალი იწყება.
- თბილისში დაბრუნების შემდეგ სად აპირებთ მუშაობას?
- მინდა, ის მეთოდი დავნერგო საქართველოში, რომლითაც ამ კლინიკაში ვმუშაობთ. მსურს, ჩემი სამსახური შევთავაზო ნარკოლოგიურ ცენტრს... ძალიან მინდა, ვიმუშაო მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან. ამერიკაში წასვლამდე ბავშVვთა სახლში ვმუშაობდი და ის პატარები ახლაც ძალიან მენატრება. ვაპირებ მათ მონახულებას, თუმცა ამ ბავშვების უმეტესობა პატარა აღარ იქნება. ასე რომ, ვნახოთ... რომ დავბრუნდები ყველაფერს გავეცნობი და არჩევანს მერე გავაკეთებ.
- თბილისი თუ შეიცვალა იმ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ ნიუ-იორკში ცხოვრობთ?
- ცხოვრებას ხალისით აღვიქვამ, ამიტომ ჩემთვის ყველაფერი უფრო კარგია, ვიდრე ცუდი... თბილისში დავიბადე და ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. ჩემი ოჯახი და ახლობლები აქ ცხოვრობენ.
- ბატონო ირაკლი, თქვენ როგორ აღიქვამთ თბილისს?
- ბოლო წლების განმავლობაში თბილისის იერსახე შეიცვალა. ძალიან კარგია, რომ თბილისი ნათელი ქალაქი გახდა, მაგრამ მინდა, ადამიანების სულებშიც განათდეს და იმედი გაუჩნდეს ხალხს. ჩვენი საზოგადოება ახლა ნიჰილისტურად არის განწყობილი, განსაკუთრებით აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ. ბოლო დღეებში ძალიან ბევრი მოღიმარი სახე დავინახე ტელეეკრანზე და ეს მახარებს, მაგრამ ცოტას ვხედავ ისეთს, ვისაც თვალებიც უცინის. ვისურვებდი, რომ 2010 წელი უიმედობის დამარცხებისა და ხალხის გამოფხიზლების წელიწადი იყოს. ჩვენ ისეთი რთული პრობლემების წინაშე ვდგავართ და იმდენი რამე გვაქვს ერთად დასაძლევი, რომ თუ რეალობას თვალი არ გავუსწორეთ, შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა გაგვიჭირდება.
- ბატონო ირაკლი, როგორ ეგუებით თქვენი პირადი ცხოვრებისადმი ასეთ ინტერესს?
- როცა საჯარო პოლიტიკაში გადავწყვიტე წასვლა, ისიც გათვითცნობიერებული მქონდა, რომ პრივატულობას ვკარგავდი. ვიცოდი, მედიისთვის საინტერესო იქნებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების ყველა დეტალი. თუმცა ყველაფრისთვის მზად ვერ იქნები და გონებაც ყველაფერს ვერ გასწვდება. ძალიან ძნელია შეეგუო, როცა ადამიანები ასეთ სიბინძურემდე ეშვებიან. ამ ფაქტმა დამანახვა, რომ მოწინააღმდეგე სწორედ ასეთია. დარწმუნებული ვარ, ხალხი, ვინც ასეთ სიუჟეტებს უყურებს, სწორად აფასებს ყველაფერს. ზოგს ძალიან ეშინია მოახლოებული, გარდაუვალი ცვლილებისა და ყველა საშუალებას იყენებს, მაგრამ ჩვენ ამ ბინძური კამპანიის გამო გზიდან არ გადავუხვევთ.
- ქალბატონო ნათია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხომ არ გირჩევნოდათ, თქვენი მეუღლე ამერიკაში დარჩენილიყო და პოლიტიკაში არ ჩართულიყო?
- თავდაპირველად ასე იყო, მაგრამ ახლა უკვე ისეთი იმედი გაჩნდა მის მიმართ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა უკან მიბრუნების საშუალებას აღარ მოგვცემს. თუკი მიგაჩნია, რომ რაღაცის გაკეთება სხვაზე უკეთესად შეგიძლია, უნდა სცადო. სჯობს, იმის გამო ინანო, ამხელა პასუხისმგებლობა რატომ ავიღე ჩემს თავზეო, ვიდრე იმაზე, რომ შეგეძლო, მაგრამ შენი ქვეყნისთვის ხელი არ გაანძრიე.
- ბატონი ირაკლის მიერ პოლიტიკაში აქამდე გავლილ გზას როგორ შეაფასებთ?
- აპრილში, როგორც კი ტრაპიდან ფეხი ჩამოდგა, ირაკლი დაგეგმილ მიტინგზე აღმოჩნდა. ხალხის რისხვა ისეთი იყო, მათ გვერდით რომ არ დამდგარიყო, დანაშაული იქნებოდა. იმხანად ხელისუფლებამ უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა: ხალხის ეს რაოდენობა ცვლილებისთვის არ არის საკმარისიო. მახსენდებოდა გაოცებული ოტია იოსელიანის სიტყვები: ასი ათასი კაცი კი არა, ასი უარმყოფელი ცოტააო? სიტყვა "უარმყოფელს" იმხელა დატვირთვა აქვს, რომ 100-მა კი არა, ხუთმა კაცმა გულწრფელად და დასაბუთებულად რომ უარმყოს, შეიძლება მოვკვდე...
- როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი, როგორ დაახასიათებდით ირაკლი ალასანიას?
- ინფორმაცია "პაციენტის" შესახებ კონფიდენციალურია (იცინის)...
ირაკლის მიაჩნია, რომ თუ რაღაც კარგი გააკეთა, ამის აფიშირება საჭირო არ არის; თუ რაღაცაში მართალია, მიაჩნია, რომ ეს ისედაც ცხადია. თუმცა, სამწუხაროდ, როცა პოლიტიკურ არენაზე გამოდიხარ, ყველაფერი თავისთავად ცხადი არ არის. საერთოდ კი, მიყვარს მამაკაცები, რომლებიც ბევრს არ ლაპარაკობენ. ირაკლი გაწონასწორებული პიროვნებაა, დინჯი და თვითკონტროლის არაჩვეულებრივი უნარი აქვს. ეს ძალიან ძვირფასი თვისებაა, მით უმეტეს, ჩვენს ემოციურ საზოგადოებაში.
- პოლიტიკოსობა სხვა თვისებებსაც მოითხოვს, მეუღლეს თუ ურჩევთ ხოლმე, როგორ უნდა გახდეს სხვანაირი?
- ერთი წუთითაც არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ადამიანი სხვანაირი უნდა იყოს, ვიდრე არის. უბრალოდ, კარგი იქნებოდა, რომ ირაკლის გუნდი უკეთესად წარმოჩნდეს. მას გუნდში არაჩვეულებრივი ადამიანები, მაღალი დონის პროფესიონალები ჰყავს. მინდა, რომ ეს ადამიანები ჩანდნენ. საზოგადოებაც დაინახავდა, რომ ქვეყანაში არსებობენ პროფესიონალები. ხოლო, როცა ეს გუნდი თავის სიტყვას იტყვის, ირაკლისთვის საკმარისი იქნება, დარჩეს ისეთი, როგორიც არის.
- ქალბატონო ნათია, თქვენ და ბატონმა ირაკლიმ საკმაოდ ადრეულ ასაკში შექმენით ოჯახი და უკვე 18 წელია ერთად ხართ...
- ჩემი და ირაკლის ოჯახი, ალბათ, იმის გამო შედგა, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. არა ემოციების გამოხატვითა და პროფესიული ინტერესებით, არამედ საერთო იდეალებით. რაც უფრო მეტი კონტრასტია ადამიანებს შორის, მით მეტია კომპრომისი. მე და ირაკლის კი არ გვაქვს კომპრომისი ზნეობის საკითხებში, არ გვაქვს განსხვავებული თვალსაზრისი სიკეთეზე, ბოროტებაზე, პატრიოტიზმზე, ოჯახზე და ეს არის მთავარი. სხვა განსხვავება საინტერესოც კია. მე ემოციური ვარ, ის - დინჯი. ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს.
ბოლო 18 წლის განმავლობაში ირაკლი, სადაც ომი გაჩაღდა, ყველგან გაიქცა. ჩემი მეუღლე ჯარისკაცია ყველა გაგებით. ისე იზიდავს ექსტრემული ვითარება, რომ პარაშუტით ხტომაც ისწავლა.
- ბატონო ირაკლი, თქვენი მეუღლე თუ შეიცვალა ამ 18 წლის განმავლობაში?
- შინაგანად არ შეცვლილა. ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად - ბევრი სიხარული და ბევრი ტკივილი, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა. 18 წელი არ არის მცირე დრო, მაგრამ ჩვენ არა მარტო წარსულის გამო ვართ ერთად, არამედ მომავალსაც ერთნაირად ვხედავთ - ჩვენი შვილებისა და ქვეყნის მომავალს. ბევრს ვფიქრობთ და ვმსჯელობთ ერთად და ეს კიდევ უფრო გვაახლოებს.
მარიამ სხილაძე
”ყველა სიახლე”













