დავით ნარმანიას ოჯახი ახალ წელს სამარხვო სუფრით შეხვდა: "იმედი მაქვს დათოს სახლში ყოფნა არ დაებედება..."

დავით ნარმანიას ოჯახი ახალ წელს სამარხვო სუფრით შეხვდა: "იმედი მაქვს დათოს სახლში ყოფნა არ დაებედება..."

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ოჯახში საახალწლო სუფრაზე, ქათმისა და ინდაურის ნაცვლად, თევზის საცივი იდო. სხვა კერძებიც სამარხვო გახლდათ, რადგან მერმა და მისმა მეორე ნახევარმა, თიკა თინიკაშვილმა, საშობაო მარხვა შეინახეს. დავით ნარმანია ცოლთან ერთად ახალ წელს ღია ცისქვეშ უკვე მესამედ შეხვდა. 2016 წელს მშობლებთან ერთად უფროსი შვილები - კოკო და ილია-დენისიც შეხვდნენ. პატარა გოგონა ელენე კი სახლში დატოვეს.

ქალბატონ თიკას ახალი წლის ღამეს ჩათქმული სურვილების ასრულების არ სჯერა. გაცილებით რეალისტურად უყურებს ყველაფერს, მაგრამ აუცილებლად ოპტიმისტურად.

- ქალბატონო თიკა, გილოცავთ ახალ წელს, როგორ გაატარა თბილისის მერის ოჯახმა ახალი წლის ღამე?

- ახალ წელს მე, დათო და ბიჭები ღია ცისქვეშ, თავისუფლების მოედანზე შევხვდით. შემდეგ მე და ბავშვები სახლში დავბრუნდით, დათომ კი იმ ღამეს ახალი წელი მიულოცა დასუფთავების, მეტროს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და გვიან დაბრუნდა შინ თავის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად და, რა თქმა უნდა, სუფრასთან გაგრძელდა ახალი წლის აღნიშვნა.

წელს ვმარხულობთ და, შესაბამისად, სუფრაც მოკრძალებული იყო. ტრადიციული ქეიფი არ გამართულა, როგორიც ქართულ ოჯახებშია ხოლმე. გამთენიამდე გასტანა სუფრამ. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ღამით თოვლი წამოვიდა. მართალია, ისეთი არ იყო, როგორც დასავლეთ საქართველოში იცის და რისიც ყველას ძალიან გვშურს, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო. ფანჯრიდან ვუყურებდი და ამან სულ სხვა ხიბლი მისცა ახალ წელს.

- ბატონ დავითს მარხვა არ გაუჭირდა?

- არ უჭირს. ადრეც სულ ვმარხულობდით. ბოლო ერთი წელი ვერ ვიმარხულე, რადგან ორსულად ვიყავი, მერე ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა. როგორც კი პატარები წამოიზარდნენ, ისევ შევძელი მარხვის დაცვა.

რამდენიმე წლის წინ, სანამ მარხვას დავიწყებდი, მეგონა, ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ დღევანდელ დღეს მარხვის დაცვა სულაც აღარ არის რთული. თუ რამე ძალიან მოგინდება, სამარხვო თითქმის ყველაფერი მოიპოვება. როცა მარხვას იწყებ, მზად ხარ და განწყობაც შესაბამისი გაქვს. იცი, რომ ახალი წელი მოვა და შენთვის რაღაცეები აკრძალული იქნება. თუ მოთქმაში იქნები, ვაიმე, დედა, გოჭს და ინდაურს ვერ ვჭამო, მაშინ ჯობია, სულ არ იმარხულო.

დათოს თევზეული ძალიან უყვარს. 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათი-პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იყო, რაც საკმაოდ უმსუბუქებს ადამიანს მარხვის დღეებს. ახალი წლის დღეებშიც ხსნილი იყო თევზეულით და ხორცეულის ჭამის დიდი სურვილი მაინცდამაინც არ გვქონია. დათო არ არის პრეტენზიული მჭამელი და არ მიეკუთვნება იმ მამაკაცთა კატეგორიას, რომლებმაც ხორცი თუ არ ჭამეს, ვერ ნაყრდებიან.

- ბედობადღეს, 2 იანვარს, რა დაიბედეთ?

- ბავშვებთან ერთად ჟივილ-ხივილი და - მეუღლე სახლში. როგორც იქნა, დათო სახლში იყო და ძალიან კმაყოფილები დავრჩით, მაგრამ იმედი მაქვს, სახლში ყოფნა არ დაებედება, ეს მთლად მთელ წელს არ გასტანს და თბილისელებზე ისევ იზრუნებს.

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია