"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა დავიბადე" - რას ყვებიან თანაგუნდელები "გუნდის კაც" ზაზა ფაჩულიაზე ESPN-ის სტატიაში

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა დავიბადე" - რას ყვებიან თანაგუნდელები "გუნდის კაც" ზაზა ფაჩულიაზე ESPN-ის სტატიაში

გავლენიანი ამერიკული სპორტული გამოცემა espn.com ზაზა ფაჩულიას ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორი ტიმ მაკმაჰონი წერს, რომ ფაჩულიამ, "დალას მავერიკსის" კლუბში გადასვლით, გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერა.

"ვიცი, რომ ეს მოულოდნელი იყო ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა დავიბადე, - ამბობს ფაჩულია espn.com-თან საუბარში, - არ მინდა ცუდად ვახსენო გუნდები, სადაც ადრე ვიყავი, მაგრამ ჩემი კარიერის განმავლობაში ეს საუკეთესო ადგილია. წინა გუნდთან ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. აქ კი ჩემთვის განსხვავებული სიტუაციაა, გუნდი მიმართულია მხოლოდ გამარჯვებისკენ, მხოლოდ წარმატებისკენ. ჩემი მოსაზრებით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მივიღე ასეთი შედეგები. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის და მადლობელი ვარ იმისთვის, რომ აქ ვარ", - ყვება ფაჩულია.

როგორც ტიმ მაკმაჰონი წერს, "დალას მავერიკსში" ნამდვილად არ ეგონათ, რომ ფაჩულია ასეთ შედეგებს აჩვენებდა. მისი თანაგუნდელი დირკ ნოვიცკი ყვება, რომ ფაჩულიას თამაშზე არაფერი იცოდა და ზაზამ მას თავისი საუკეთესო თამაშების ვიდეორგოლები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა. სტატიის ავტორი წერს, რომ ეს სავსებით გასაგებია, რადგან ადრე ქართველი კალათბურთელი შედარებით დაბალშედეგიან გუნდებში - "ორლანდოში", "ატლანტასა" და "მილუოკიში" თამაშობდა და იშვიათად ჩნდებოდა გავლენიანი გამოცემების გვერდებზე.

როგორც espn.com წერს, მას შემდეგ, რაც 21 წლის ასაკში ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოუქსში" გადავიდა, პირველად ხდება, რომ ის მუდმივად გუნდის სასტარტო შემადგენლობაშია. 2006-2007 წლების შემდეგ ფაჩულიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. "ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, - განმარტავს რიჩარდ კარლაილი, "დალას მავერიკსის" მთავარი მწვრთნელი, - მიხვდა, როგორ უნდა ითამაშოს ეფექტურად ჩვენს სისტემაში, მოსწონს გამოწვევა და ყოველთვის ცდილობს, გამოწვევას გამარჯვებით უპასუხოს".

სტატიის ავტორი წერს, რომ ფაჩულია თანაგუნდელებში დიდი სიყვარულით სარგებლობს. დირკ ნოვიცკი ქართველ კალათბურთელს "უმნიშვნელოვანეს" თანაგუნდელს უწოდებს. ამ მოსაზრებას იზიარებს ყველა სპორტსმენი, რომელსაც ზაზასთან ოდესმე უთამაშია. "ის უანგარო ადამიანია, ოღონდ კი გუნდმა გაიმარჯვოს, ის ერთნაირად ბედნიერია მაშინ, როცა 0 ქულას იღებს და მაშინაც, როცა ორმაგი დუბლი აქვს. ის გუნდის კაცია", - ამბობს ნოვიცკი.

სტატიის ავტორის შეფასებით, "მავერიკსის" გულშემატკივრებისთვის ზაზა ფაჩულია ფავორიტია, შესაძლოა საკულტო ფიგურაც კი. "ის ნამდვილი მებრძოლია", - ამბობს "მავერიკსის" მოთამაშე დევინ ჰარისი, რომელიც ფაჩულიასთან ერთად "ატლანტაში" თამაშობდა, - გასახდელ ოთახში ყოველთვის დასისხლიანებული შემოდის და ძირს ეცემა. ზაზას სიმტკიცე სწორედ ის არის, რაც ჩვენს გუნდს სჭირდება", - ამბობს ჰარისი espn.com-თან საუბარში.

მომზადებულია espn.go.com-ის მიხედვით

ხილეთ ვიდეო

როგორ უნდა დაუჭირეთ მხარი ქართველ კაპიტანს, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშოს!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია