"ვან დეიკი ასეთ მუცელგადმოგდებულ ქალებს არ ხატავდა" - გია ბუღაძეს 14 მილიონად შეფასებული ტილოს ნამდვილობაში ეჭვი შეაქვს

"ვან დეიკი ასეთ მუცელგადმოგდებულ ქალებს არ ხატავდა" - გია ბუღაძეს 14 მილიონად შეფასებული ტილოს ნამდვილობაში ეჭვი შეაქვს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ნაპოვნი ვან დეიკის ნამუშევრის ირგვლივ ერთი კვირაა მითქმა-მოთქმა არ წყდება. ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევრის მფლობელობაზე, რომელიც თურქეთში 14 მილიონ ლირად უნდა გაყიდულიყო, ქართველი ოჯახი აცხადებს პრეტენზიას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნივთის საზღვარზე უკანონოდ გადატანას გულისხმობს.

ცნობილ ქართველ მხატვარს, გია ბუღაძეს არ სჯერა თურქულ პრესაზე დაყრდნობით ატეხილი აჟიოტაჟის, რომ ნახატი, რომელიც აბაშიძეების ოჯახში მრავალი წელი ეკიდა, ვან დეიკს ეკუთვნოდა. როგორც მხატვარი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, ერთი შეხედვითაც კი ნათელია, რომ ეს ვან დეიკის ტილო არ არის, სკანდალის აგორება კი ვიღაცის ინტერესებშია.

"ვან დეიკი ისეთი ვარსკვლავია, ასეთ უაზრო ქალებს არ ხატავს. ამ ტიპის მხატვრობა მისი ინტერესების სფერო არც ყოფილა. ვან დეიკი ძალიან დახვეწილი და მკაცრია. საკმაოდ კარგად ვიცნობ მის სამყაროს. პროფესიონალი ვარ და არაფრით შემეშლება. ეს იგივეა, მუსიკაში ნანი ბრეგვაძე და ნინო ქათამაძე რომ შევადაროთ ერთმანეთს. მუსიკა უფრო ადვილად ესმით ადამიანებს, ვიდრე რთული მხატვრობა. ასე რომ, ჭორი გემრიელად აგორდა. კატეგორიულად ვაცხადებ: ეს არ არის ვან დეიკი!

-თქვენი შეფასებით, ეს რა დონის ნამუშევარია?

-ეს არის დაახლოებით ვან დეიკის პერიოდის ნახატი - მე-17-18 საუკუნეების და თან ვენეციური სკოლის გადამღერებაა, საშუალოზე დაბალი დონის. ვან დეიკზე ამბობენ, ჰოლანდიელიაო. ჰოლანდიელი კი არა, ფლამანდიელია, ბელგიელი. რუბენსის მარჯვენა ხელი იყო, მას უხატავდა ფიგურებს. წარმოიდგინეთ, რა ძლიერი იყო, მერე რაინდის წოდება მისცეს. ასეთ გაურკვეველ არსებებს არ ხატავდა, დახვეწილი ოსტატი იყო.

დახლოებით ასეთი ნახატები, რომლებზეც ახლა აჟიოტაჟია ატეხილი, რამდენიმე ოჯახში მაქვს ნანახი. ასეთებს საშუალოზე დაბალი რანგის ხელოსნები ხატავდნენ და ყიდდნენ. ქართული პრესა კი უამრავ სისულელეს ამბობს. შეიძლება მხატვრობაში ბოლომდე ვერ ერკვეოდე, მაგრამ დააკვირდით მის ნახატებს. უცნაურად წამოწოლილ ქალს, გადმოგდებული მუცლით, არაფერი აქვს საერთო ვან დეიკთან. ეს არის გატლეკილი სალონური მხატვრობა და არა - ვან დეიკი.

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია