"ეს იყო სახლი მუზეუმი" - სიღნაღელი ამერიკელი, რომელსაც ცეცხლმა 20 წლის ნაგროვები უნიკალური არქივი გაუნადგურა

"ეს იყო სახლი მუზეუმი" - სიღნაღელი ამერიკელი, რომელსაც ცეცხლმა 20 წლის ნაგროვები უნიკალური არქივი გაუნადგურა

ამერიკელ ჯონ უერდემანს, რომელიც 20 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, სიღნაღში სახლი დაეწვა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. ერეკლე მეორის დროინდელი შენობა 580 კვ. მეტრის ფართობი იყო.

პროფესიით მხატვარი ჯონ უერდემანი საქართველოში პირველად 1995 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქართულ საქმეს ემსახურება - ქართული ჯიშების ყურძნისგან ტრადიციული მეთოდით ღვინოს ამზადებს, რომელიც მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ექსპორტზე გადის.

მისი მეუღლე ქართველია - ქეთევან მინდორაშვილი, რომელთან ერთადაც ანსამბლ "ზედაშეს" ხელმძღვანელობს და მივიწყებული ქართული სასიმღერო ტრადიციების გაცოცხლებას ცდილობს, ქართულ მრავალხმიან მუსიკას მსოფლიოს აცნობს. "ზედაშესთან" ერთად თვითონაც მღერის. ჯონი სწორედ სიმღერის სიყვარულმა მიაჯაჭვა საქართველოს - 16 წლის იყო, როდესაც პირველად მოისმინა ქართული სიმღერები. ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ - ლაზარე და გვანცა. მექსიკის შტატში დაბადებული ჯონი ხშირად ამბობს: "ჩვენ, ქართველები". შესანიშნავად საუბრობს ქართულად, მართლმადიდებელია. აქვს ქართული ღვინის კომპანია "ხოხბის ცრემლები", ასევე ქართული რესტორანი და ღვინის ბარი.

რამდენიმე კვირის წინ ჯონ უერდემანს სახლი ხანძრის შედეგად დაეწვა. გავრცელდა ხმები, რომ ამერიკელს, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა სახის ბიზნესი აქვს, ეს განგებ მოუწყვეს. თუმცა, ჟურნალ "სარკესთან" საუბარში ჯონი ამ ვერსიას გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ხანძარი, რომელმაც 20 წლის განმავლობაში ნაგროვები მისი ქონება ფერფლად აქცია, გაუმართავი ელექტროსადენების ბრალი იყო.

"ისტორიული სახლი იყო, ძეგლთა დაცვის ფონდში შეტანილი. ერეკლე მეორის დროინდელი ყოფილა. სრული ისტორია არ ვიცი. მოუწესრიგებელი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამო რომ ასეთი კულტურული ძეგლი იწვის, ძალიან სამწუხაროა. უნდა იყოს სისტემა, რომ ასეთ დროს ქალაქში დენი გაითიშოს. კიდევ უამრავი წვრილმანია, რის გამოც ასეთი ტრაგედიები ხდება. ყველაფერი ფასეული იყო ჩემთვის - ჩემი ნახატები, ბიბლიოთეკა და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა, ოჯახს 20 წლის განმავლობაში შეეგროვებინა. ეთნოგრაფიაში ვმუშაობდი, სხვადასხვა რეგიონში დავდიოდი და ათას რამეს ვაგროვებდი. შეუფასებელი კოლექციები მქონდა. ეს იყო სახლი მუზეუმი. იქ გაიზრადნენ ჩემი შვილები".

- თქვენი ცოლი როგორ არის ამ სამწუხარო შემთხვევის შემდეგ?

- ქეთი დღემდე არ არის კარგად. 20 წლის განმავლობაში რომ შეაგროვებ და უცებ ყველაფერი ერთბაშად გაქრება, ძალიან რთული გადასატანია. ქეთის მთელი არქივი დაეწვა - ხალხური სიმღერის ნოტები, ხალხური ფორმები სხვადასხვა რეგიონების. თვითონ რა კოსტიუმებითაც კონცერტებზე გადიოდა, ყველაფერი განადგურდა. მადლობა ღმერთს, უსახლკაროდ არ დავრჩით და არც შიშვლები ვართ.

უფლის წყალობით, ცოცხლები ვართ, მეგობრები გვყავს და წინ მივდივართ. თან, არც ისეთი ბებრები ვართ, რომ ცხოვრება ახლიდან არ დავიწყოთ. სხვაგანაც მაქვს ნახატები. ზოგი - ჩემს რესტორანშია, ზოგი - თბილისურ სახლში, ზოგი გაყიდულია. სიღნაღის სახლში კი ისეთებს ვინახავდი, რომლებიც მინდოდა, ჩვენს ოჯახში ყოფილიყო. დახმარება მთელი მსოფლიოდან მივიღეთ, საქართველოშიც ბევრი მეცენატია, რომელმაც გულთან მიიტანა ჩვენი გაჭირვება და დახმარების სურვილი გამოთქვა.

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია