კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:02 / 15-01-2016
"ღირდა იმისთვის ცხოვრება, რომ ზაზა გამეჩინა" - ქალბატონი, რომელმაც ფაჩულიას კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
ეს ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ ჟურნალ "გზისთვის" ჩაიწერა, რომელიც არც ახლა კარგავს აქტუალობას.

ჩემი რესპონდენტი მიზანდასახული, შრომისმოყვარე და საკმაოდ აქტიური ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ არაერთი განსაცდელი მოუვლინა, დღეს თავს უბედნიერეს ქალბატონად მიიჩნევს. ამბობს, რომ იუმორის გრძნობამ იხსნა და გადაარჩინა. ეს გრძნობა მართლაც, არ ღალატობს - ამაში მასთან საუბრისას მეც დავრწმუნდი...

ჩემი თანამოსაუბრე ანაკლიაში დაიბადა და სენაკში, პედაგოგების ოჯახში გაიზარდა. დამთავრებული აქვს სამკურნალო ფიზკულტურის ფაკულტეტი... იმის გამო, რომ მაღალი (182 სმ) იყო, ერთი პერიოდი, კალათბურთს თბილისის "დინამოშიც" თამაშობდა. მაგრამ ახლა ამბობს, რომ დიდი კალათბურთელი არასდროს ყოფილა. "შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთისთვის ცოტა ნაზიც გახლდით, რადგანაც ფიზიკურად ძლიერი არ ვყოფილვარ. ბიჭს არ ექნება სხეულზე იმდენი ნაიარევი, რამდენიც მე მაქვს, სულ მოედანზე "ვეგდე..." - ამბობს ქალბატონი მარინა კოდუა, რომელიც დღეს უკვე წარმატებული კალათბურთელის - ზაზა ფაჩულიას დედაა. "ზაზა რაღაცებში მგავს. ბავშვობაში ისიც ხშირად ეცემოდა... ახლაც, მოედანზე რამდენჯერაც დაეცემა, ვიტყვი, - დედას ჰგავს-მეთქი, რადგანაც მამა ფიზიკურად ძალიან ძლიერი ჰყავდა, ისიც სპორტსმენი იყო.

- ზაზასავით მაღალი იყო?
- კი, მაგრამ ზაზამ ყველას გვაჯობა - სიმაღლეში 210 სმ-ია. რასაც არ მინდოდა, რომ ზაზა გაჰყოლოდა, ეს კალათბურთი გახლდათ. ბავშვობაში, კალათბურთის გარდა, სპორტის თითქმის ყველა სახეობაზე დამყავდა. ამასთან, ფორტეპიანოზე, გიტარაზე, უცხო ენებზე, ცეკვაზეც ვატარებდი, მაგრამ ცეკვიდან გამოგვიშვეს - ისეთი მაღალი იყო, რომ შესაფერისი მეწყვილე ვერ უშოვეს (იღიმება). საბოლოოდ კი იძულებული გავხდი, მაინც კალათბურთზე შემეყვანა...

- საკმაოდ ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებით. როგორც ჩანს, ზაზა ადრეულ ასაკში შეგეძინათ, არა?
- 22 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი; სხვათა შორის, ზაზა ათთვიანი დაიბადა - "გადამწიფებული" და "ბებერი" იყო (იცინის)... არ მიყვარს, შვილებს რომ აქებენ, მაგრამ მართლა ძალიან ჭკვიანი ბავშვი გახლდათ, ამავე დროს, კარგი აღსაზრდელიც...

- როდის მიხვდით, რომ ის პროფესიონალი კალათბურთელი გამოვიდოდა?
- თავიდანვე ვიცოდი, რომ კალათბურთს გაჰყვებოდა, რადგანაც კარგად სწავლობდა: კალათბურთი რომ ითამაშო, ჭკუაა საჭირო, თუ ჭკვიანი არ ხარ და სწორად არ აზროვნებ, ვერ ითამაშებ. ეს კარგად ვიცოდი, რადგანაც თავად კალათბურთელი გახლდით და საკალათბურთო "სამზარეულო" ჩემთვის ნაცნობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი დიდი სპორტსმენი, კარგად ვაზროვნებდი - მოედანსაც ვხედავდი და ვხედავდი ჩემს შვილშიც იმას - თუ კალათბურთზე შევიყვანდი, აუცილებლად კარგი მოთამაშე გამოვიდოდა, რისთვისაც ზაზა მენანებოდა.

- რატომ?
- იმიტომ, რომ პროფესიონალური სპორტი ჯანმრთელობისთვის სახარბიელო არ არის. სპორტსმენები უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ... არაერთი ტრავმა აქვს მიღებული, დასვენება მისთვის არ არის და გართობა. სპორტის გამო უამრავი შეზღუდვა აქვს.

ხუმრობა ხომ არ არის ამხელა დატვირთვა?! თან, ფერადკანიანებთან "ჭიდაობა" არ არის ადვილი. ისინი ძალიან ძლიერები არიან, ფიზიკური მონაცემებიც განსხვავებული აქვთ, შეიძლება ითქვას, რომ სპორტისთვის არიან გაჩენილები. თეთრკანიანებს მათთან შედარებით, ყოველთვის უჭირთ. ევროპული კალათბურთი სრულიად სხვა რამ არის, მასში ტვინი უფრო მეტად არის ჩართული, ხოლო ფიზიკური ძალა მეორეხარისხოვანია.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფერადკანიანებთან კი - პირიქითაა. საოცარი ენერგია სჭირდება ადამიანს, რომ მათ გაუთანაბრდეს და შეეჭიდოს. ის კი არა, კუნთების წყობაც კი სხვანაირი აქვთ. სეზონის წინ, დიდხანს არ ვარჯიშობენ, ფორმაში მოსასვლელად, ერთი კვირაც ჰყოფნით...

- როგორც აღნიშნეთ, ზაზა ძალიან ადვილი აღსაზრდელი იყო...
- კი, მაგრამ ძალზე თავისებური ბავშვი გახლდათ. ერთხელ, ბაღში, ჩიტი დახატა, რომელსაც ოთხი ფეხი მიუხატა. მასწავლებელი, მე, მამამისი - ყველანი ვუხსნიდით, რომ ჩიტს ოთხი ფეხი არა აქვს, ის კი დაჟინებით ამბობდა, - ეს ამერიკული ჩიტიაო! - ასეთი წარმოდგენა ჰქონდა, ვერაფრით გადავათქმევინეთ... ყოველთვის თავისებური ხედვა ჰქონდა. ბავშვობიდან მიზანდასახული იყო...
საერთოდ, მატერიალურად ძლიერი ოჯახიდან ვიყავი და ამის წყალობით, არაფერი გვაკლდა, მაგრამ 90-იან წლებში საქართველოში ისეთი რთული ცხოვრება დაიწყო, როგორც ყველას, ჩვენც გაგვიჭირდა. ყველაფერი გავყიდე იმისთვის, რომ ზაზას დემირელის კოლეჯში ესწავლა. გადასარევად სწავლობდა, ყველა ტურში (მათემატიკაში, ფიზიკაში...) იმარჯვებდა და სიგელებს იღებდა. დამოუკიდებელი ბავშვი იყო, ყველაფერს თვითონ აკეთებდა. ერთხელ შევნიშნე, რომ რაღაცას თავისთვის ბუტბუტებდა.

რას ლაპარაკობ-მეთქი? - ვკითხე. - იცი, რა?.. მე კარგად უნდა ვიცხოვროო, - მითხრა. - როგორ-მეთქი? - ვკითხე. - ბევრი უნდა ვიშრომო და ვისწავლოო. - რას ნიშნავს კარგად ცხოვრება-მეთქი? - უნდა მქონდეს დიდი სახლიო, - და წარმოსახვაში თავისებური გეგმა ჰქონდა. მეორე დღესვე კალათბურთზე შევიყვანე. თუკი ზაზა მომავალში დაძაბულ შრომას აპირებს, სხვა რა გზა მაქვს-მეთქი?! თან, ვატყობდი, რომ მოზღვავებული ენერგიაც ჰქონდა. იმ დროისათვის მეუღლე ავად მყავდა და ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობდი.

- მეუღლე როდის გარდაგეცვალათ?
- ზაზა 12 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა... 11 წლის ასაკში კი კალათბურთზე, ზურა სამხარაძესთან მივიყვანე... ვერ ვიტყვი, რომ ზაზა ნაცემი არ მყავს, ერთხელ ტყუილის გამო ისე ვცემე, რომ დედა-შვილი 2 კვირა საწოლში ვიწექით, სიცხე გვქონდა. მას მერე დასჯის ასეთი მკაცრი მეთოდი მის მიმართ აღარ გამომიყენებია; მხოლოდ ასე ვსჯიდი ხოლმე - ვეუბნებოდი, - თუ კოლეჯში დაბალ ნიშანს მიიღებ, ვარჯიშზე არ წახვალ-მეთქი. მართლაც, მის მიერ მიღებული დაბალი ნიშანი არ მახსოვს... ახლა რომ ამბობენ, ბავშვებისთვის სავარჯიშო პირობები არ არისო, ვერ დავეთანხმები. პირობები, როცა ზაზამ დაიწყო ვარჯიში, არც მაშინ იყო. დარბაზში ისეთი გამყინვარება მახსოვს, ბავშვები ხელთათმანებით ვარჯიშობდნენ. დიდუბის დარბაზს მინები არ ჰქონდა და მათ ორპირ ქარში უწევდათ ვარჯიში... მოკლედ, თუ გინდა, გაჭირვებაშიც მიაღწევ შენსას და ყველანაირ წინააღმდეგობას დასძლევ.

- დემირელის კოლეჯის შემდეგ სწავლა სად განაგრძო?
- თურქეთში წავედით, სადაც "სეიმ პარსის" კოლეჯში სწავლობდა. იქ მათემატიკის გაძლიერებულ ჯგუფში გადაიყვანეს და სპორტის პარალელურად, იმ დატვირთვას ვეღარ გაუძლო, რადგანაც 15 წლისა უკვე ევროპის ტურნირებში მონაწილეობდა, ევროპის ჩემპიონატზეც თამაშობდა და სულ უცხოეთში უწევდა ყოფნა. ამის გამო ბევრი გაცდენა ჰქონდა. ჩვენს უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზეც კი ჩააბარა, მაგრამ ვერც აქ შეძლო სწავლის გაგრძელება. ლექციებს ვერ ესწრებოდა.

- ნიჭიერი იყო, კარგად სწავლობდაო... როგორ გგონიათ - სხვა სფეროს რომ გაჰყოლოდა, მიაღწევდა ისეთ წარმატებას, როგორსაც კალათბურთში მიაღწია?
- მისი ცხოვრების მატერიალური მხარისთვის, რასაკვირველია, ისე ჯობდა, როგორც მოხდა, მაგრამ ზაზას ახლაც სულ იმას ვუჩიჩინებ, რომ რამენაირად სწავლასაც მოჰკიდოს ხელი. გულს არ მტკენს და ამისთვის დრო როგორც კი გამოუჩნდება, სწავლობს, ძირითადად - იტერნეტით; რაღაც სერტიფიკატებს იღებს, დადის რაღაც კლასებში, მაგრამ ბოლომდე ჯერჯერობით ვერც ერთი ვერ მიიყვანა. ფლობს: რუსულს, ინგლისურს, თურქულს, ცოტა იტალიურსა და ესპანურს. ბოლო დროს ბიზნესითაა დაინტერესებული და ამ სფეროში დედა-შვილს ერთგვარი შეჯიბრებაც გვაქვს გამოცხადებული: მე ხომ აქ მის ბიზნესს ვმართავ - "ვამუშავებ" სასტუმროს, რომელსაც "ზიფი" - ჩემი შვილის სახელისა და გვარის ინიციალები დავარქვი.

- თავად თუ გაქვთ ბიზნესში განათლება მიღებული?
- არა, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაფრის სწავლა შეიძლება. სხვათა შორის, თურქეთში რომ წავედით, იქ თურქული ვისწავლე, ამერიკაში - ინგლისური. მაგრამ ზაზას თანდასწრებით ინგლისურად ვერ ვსაუბრობ: ის ჩემს ინგლისურზე კი არ იცინის, არამედ ხარხარებს... დამცინის. არადა, ამერიკელებს ყველაფერს გადასარევად ვაგებინებ...

- ზაზა 2 წლის წინ დაოჯახდა. რას გვეტყვით ამაზე?
- ამ ფაქტით უბედნიერესი ადამიანი ვარ. საოცარი ცოლ-შვილი ჰყავს. ჩემს რძალზე ბევრი ლაპარაკი მერიდება, მაგრამ მაინც ვიტყვი: მე არ გამიჩენია და გამიზრდია, მაგრამ მადლობა მის მშობლებს, რომ ასეთი გამიზარდეს! მე და ჩემი თიკა (ალავიძე) დაქალებივით ვართ. ზაზას წამოსცდება ხოლმე, - ვერ გავიგე, თიკაა შენი შვილი თუ - მეო. მაგრამ როგორ შეიძლება, არ მიყვარდეს რძალი, რომელმაც არაჩვეულებრივი შვილიშვილები მაჩუქა, ჩემს შვილს უვლის?!. ისე, არ მეგონა, თუ ზაზა ასეთი კარგი ქმარი იქნებოდა. მაგრამ ეტყობა, თიკაა ძალიან კარგი...

- როგორ ფიქრობთ - რაში მდგომარეობს ზაზას წარმატების საიდუმლო?
- მასზე უკეთესი ფიზიკური მონაცემები ბევრს აქვს, მაგრამ მისნაირი შრომისმოყვარე ცოტა თუ მეგულება. ამასთან, აქვს ჭკუა...

- ადრე ზაზა იყო "მარინას შვილი", ახლა თქვენ გახდით "ზაზას დედა". როგორი გრძნობაა ეს?
- არაჩვეულებრივი. სწორედ ამით ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ ზაზას დედა ვარ. დედისთვის ამაზე ძვირფასი არაფერია! თუნდაც იმისთვის ღირდა ცხოვრება, რომ ზაზა გამეჩინა! რა საკვირველია, ღვთისა და ნიჭიერების წყალობით მიაღწია ამხელა წარმატებას, მაგრამ (არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი) ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული ამ ყველაფერში. ზაზასთან ერთად, მეც იმ ცივ დარბაზში ვიჯექი და ვიყინებოდი ხოლმე, რომ მენახა, რა შეცდომას დაუშვებდა და შემდეგ, სახლში გამერჩია მისთვის თამაში...

ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, იმ ტრაგედიების შემდეგ, რაც თავს გადამხდა, ზაზასთან ერთად, თურქეთში გამგზავრება. ენა არ ვიცოდი, არავის ვიცნობდი; ზაზა კვირაობით წასული იყო; რომ დაბრუნდებოდა, გადართული ვიყავი მის მოვლაზე: წვენი დროზე დამეწურა, ცხელი სადილი მიმეწოდებინა... და ვიყავით უცხო ქვეყანაში დედა-შვილი მარტო...

- მაინც თუ იფიქრებდით, რომ ასეთ გუნდში ითამაშებდა და ამერიკაში ასეთი წარმატებული ქართველი იქნებოდა?
- კი, ამის იმედით ვიყავი. ზაზა ისეთი ტიპია, ყველაფერს გადაგატანინებს... სტამბოლში, ჩემს დაბადების დღეს, სრულიად მარტო შევხვდი. კარზე მოულოდნელად ზარი გაისმა. გამიკვირდა, რადგანაც არავის ველოდი, ნაცნობი, ამხანაგი და მეზობელი იქ არ მყავდა. ვიფიქრე, ვიღაცას შეეშალა-მეთქი და კარი არ გავაღე. ზარი არ გაჩერდა. მივედი კართან და ვხედავ უზარმაზარ თაიგულს, რომელიც ხელში ვიღაც პატარა თურქ მამაკაცს უჭირავს: თურმე ის ყვავილები ჩემთვის ზაზას გამოუგზავნია... ამ ამბის გამო ერთი კვირა ცუდად ვიყავი; რომ ვიხსენებ, ახლაც მეტირება: ბავშვმა პირველად აიღო ხელფასი და ასეთი საჩუქარი მომიძღვნა. იმ თაიგულს მაშინ სურათი გადავუღე, რომ სამახსოვროდ დამრჩენოდა.

- ტრაგედიები მაქვს გადატანილიო, - ბრძანეთ, რას გულისხმობდით?
- ცხოვრებაში ბევრ მძიმე დღეს შევსწრებივარ. იმ არეულობის წლებში სენაკში ძმა დამიხვრიტეს, ექიმი გახლდათ და ერთი თვის დაოჯახებული იყო მაშინ. მის სიკვდილს მამაჩემი გადაჰყვა. სულ მალე ქმარი დამეღუპა. ერთდროულად ოჯახიდან 3 მთასავით ვაჟკაცი, უძვირფასესი ადამიანი დავკარგე!.. მაგრამ ვცდილობდი, ეს ტკივილი ჩემს შვილს არ ეგრძნო და მას არ შეხებოდა. არადა, ძნელია ბიჭის აღზრდა მარტო ქალისთვის; თან, ამხელა ბიჭისა, რომელსაც უზარმაზარი ენერგია აქვს. მაგრამ ყველაფრისგან იუმორმა მიხსნა და გადამარჩინა, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ხშირად გაიღიმონ. სხვათა შორის, ზაზას მატერიალურად რომ არ უჭირს, დღეს ესეც დიდი ტვირთია ჩემთვის, რადგანაც ირგვლივ უამრავი გაჭირვებულია. ყველას ვუსურვებ, კარგად იყვნენ, რომ მეც კარგად ვიყო; მათი შემხედვარე, ცუდად ვხდები. ყველას ხომ ვერ დაეხმარები? თვეში 400 მოხუცს ვკვებავ, კიდევ არის რაღაც წვრილ-წვრილი ქველმოქმედება, მაგრამ ძნელია, რომ ყველას ვერ ვეხმარები და ამას ძალიან განვიცდი...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
17:11 / 16-01-2016
ღმერთმა გიმრავლოს ესეთი ქართველები. პირველივე პონტზე რო ყიდიან ქვეყანას და პასპორტს. შენისთანა ბრბო კი პატრიოტს ეძახის. რაუნდა შემშურდეს საწყალი თურქის? მე მხარს ქართველს ვუჭერ ყოველთვის და არა თურქებს რა ტყუილს ვამბობ რამეს? არ გათურქთდა ესე ტყუილია? მოდი გაიარე ბრბოს ნაწილო
გიორგის-s
15:21 / 16-01-2016
ეს ისქალი არააა პლეხანოვზე მიწები კაპიკებში რომ შეიძინა და ხალხი ლუკმა-პურის გარეშე რომ დატოვა?
მარი
მსგავსი სიახლეები
ვინ იცის, იქნებ მათ ქართველი კაპიტნის მომავალი აღიარება იწინასწარმეტყველეს ამით?!
მწვრთნელებმა სარეზერვოებში ზაზა ფაჩულია არ აირჩიეს
როგორც ირკვევა, ზაზა ფაჩულია შევიდოდა სამ საუკეთესო ფორვარდს შორის
"როცა შედეგები გამოაცხადეს, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ერთი ქულით წამეგოს თამაში ძლიერ გუნდთან!"
"ყველა ვარსკვლავის" თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა
+VIDEO| "სულ მინდოდა, რაღაც უფრო მეტი გამეკეთებინა ზაზას მხარდასაჭერად, ვიდრე მხოლოდ პოსტის დაწერა"
ალექსი პეტრიაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
ძნელია, 2 მეტრი და 11 სანტიმეტრი სიმაღლის ზაზას ცეკვაში პარტნიორობა გაუწიო
"ფაჩულიას მხარდამჭერი კამპანიის დაცინვა პროვინციული სნობიზმი და არაკორექტული უზრდელობაა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:53 / 29-06-2016  Image "სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"
"მოლაშვილზე სისტემატური ძალადობა ხორციელდებოდა"
19:16 / 29-06-2016  Image თურქული მედია ერთ-ერთი სავარაუდო ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს
ამოცნობა ფეხსაცმლის მეშვეობით მოხდა
10:16 / 29-06-2016  Image დეტალური ინფორმაცია ავტომობილებზე - ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა
BMW-ს და MINI-ს ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა
12:31 / 29-06-2016  Image ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ
"კათეტერის ამოღებისას, პაციენტს მაკრატლით კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა"
14:02 / 29-06-2016  Image "დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი
"მინდა, უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულში"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49