"მამას შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მინდა დავემსგავსო" - მოსკოვის სასამართლომ ბენდუქიძის ქალიშვილი მის მემკვიდრედ ცნო

"მამას შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მინდა დავემსგავსო" - მოსკოვის სასამართლომ ბენდუქიძის ქალიშვილი მის მემკვიდრედ ცნო

მოსკოვის გაგარინის სასამართლომ, 25 წლის ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის ქალიშვილად სცნო და მის მემკვიდრედ გამოაცხადა.

2015 წლის დეკემბერში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებმა აჩვენა, რომ გონჩაროვასა და ბენდუქიძის დნმ-ის ნიმუშები 99,9996%-ით დაეთხვა ერთმანეთს. ამის შემდეგ, თბილისის სასამართლომაც სცნო გონჩაროვა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებლის ქალიშვილად. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბენდუქიძის ქონება მის ქვრივს - ნატალია ზოლოტავასა და ქალიშვილს - ანასტასია გონჩაროვას შორის განაწილდება. ზოლოტოვა სასამართლო პროცესს არ დასწრებია, მისმა წარმომადგენლებმა კი სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, რომ არ არიან წინააღმდეგნი, გონჩაროვა ბენდუქის ქალიშვილად აღიარონ. ზაფხულში მოსკოველმა ანასტასიამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, თებერვალში კი თბილისში სამუდამოდ აპირებს დასახლებას. სწავლობს ქართულს და სურს ორმაგი გვარი აიღოს. ანასტასიას "ფეისბუქზე" მის სახელსა და გვარს კიდევ ერთი დაემატა - ბენდუქიძე.

ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვასთან ინტერვიუ რუსული "კომერსანტის" ჟურნალისტმა ია ბარათელმა ჩაწერა. ინტერვიუში ბრიტანული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ანასტასია ყვება, თუ როგორ მოახერხა სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვა ქონებაზე, რომელსაც ექსპერტები ერთ მილიარდ დოლარად აფასებენ.

- 10 წლის ვიყავი, როდესაც კახა გამაცნეს. მაშინ რუსეთში ცხოვრობდა, რუსულ სკოლაში უმაღლეს ეკონომიკას ასწავლიდა, მთავრობაში მუშაობდა. როდესაც 14-ის გავხდი, დაიჟინა, რომ დიდ ბრიტანეთში წავსულიყავი და სკოლა-ინტერნატ Clifton Collage-ში მესწავლა. 18 წლის რომ გავხდი, ვისაუბრეთ და მითხრა, რომ ჩემი მამა იყო. სკოლის შემდეგ მამამ ლონდონის King’s College of London-ში ჩემი სწავლაც დააფინანსა, შემდეგ ციფრული მარკეტინგის კურსი ნიუ იორკის უნივერსიტეტში. კარგი განათლება მისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, მაგრამ სხვა მხრივ ცდილობდა არ გავენებივრებინე. უნივერსიტეტში სწავლისას ან საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, ან მეგობრებთან ერთად ვქირაობდი ბინას. ერთად ბევრ დროს ვატარებდით და ძალიან დავახლოვდით: ერთად დავდიოდით დასასვენებლად, მუდამ გვქონდა მიმოწერა, ყოველთვის იცოდა, რას ვაკეთებდი. კარგი მამა იყო, თუმცა საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი, მისი გარდაცვალება ჩემთვის შოკი იყო, მორალურად მზად ვიყავი მებრძოლა მისი ქალიშვილის სახელისთვის.

-როგორ აპირებ ბენდუქიძის მემკვიდრეობის საკუთარი ნახევრის განკარგვას?

- ახლა ჩემთვის პრიორიტეტულია გავაგრძელო მამის საქმიანობა და მონაწილეობა მივიღო მისი უნივერსიტეტების განვითარებაში. მასთან ამაზე ხშირად მისაუბრია, განვიხილავდით, ვინ უნდა შესულიყო დირექტორთა საბჭოში, როგორ უნდა გაერთიანებულიყვნენ უნივერსიტეტები, ვადარებდით დასავლურ ანალოგებს. ყოველთვის ამბობდა, რომ თავის ქონების დიდ ნაწილს უნივერსიტეტების განვითარებაში დახარჯავდა, ამიტომ ლოგიკურია რომ მისი საქმე გავაგრძელო. 2007 წლიდან მოყოლებული მამამ ამ უნივერსიტეტებში პირადი სახსრებიდან 50 მილიონი დოლარი ჩადო. საქართველოსთვის ეს კერძო კაპიტალის უპრეცედენტო ინვესტიციაა განათლების სფეროში, მითუმეტეს, ეს არაკომერციული პროექტია. მამა ათი წელი მუშაობდა საქართველოში რეფორმებზე და ხვდებოდა, რომ ყველაზე რთული ქვეყნის შენებისთვის ადამიანების აზროვნების შეცვლა იყო. როგორც კახას შვილი, მე ვაპირებ უნივერსიტეტების მმართველობაში მონაწილეობის მიღებას. კახა ბენდუქიძის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ მინდა მას დავემსგავსო და მისი თანამოაზრეების გუნდი შეინარჩუნო.

-რა გააკეთე პირველი, როდესაც ექსპერტიზის დადებითი პასუხი გაიგე?

-ბებიასთან ერთად ტაილანდში წავედი, რომ ცოტა დამესვენა და მომავალზე დავფიქრებულიყავი. მძიმე, დაძაბული წელი იყო. დაბრუნების შემდეგ საქართველოში ჩავალ, უკვე ვეძებ ბინას თბილისში. ამას გარდა, შემდეგ თვეს ფინანსების მართვის შესწავლას ვიწყებ, კაპიტალის გაზრდაა საჭირო, რომ მომავალში უნივერსიტეტს ფინანსურად დავეხმარო. მამა ყოველთვის მირჩევდა ბიზნესით დაკავებას, ფინანსური მენეჯმენტის შესწავლას. მაშინ ვერ ვხვდებოდი რაში მჭირდებოდა ეს, ჩემი საქმე ხომ მარკეტინგი და ციფრული კომუნიკაციებია. ახლა ვხვდები, რომ ის საკუთარი საქმის გადმოსაცემად მამზადებდა.

-როგორ აპირებ საქართველოს ცხოვრებაში მონაწილეობას, აპირებ პოლიტიკაში წასვლას?

-ჯერჯერობით, არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები, მაგრამ მინდა საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს, როგორადაც ის მამაჩემის რეფორმებმა აქცია. მამას მხოლოდ გარეგნულად არ ვგავარ, მეც მასავით პირდაპირი, მიზანდასახული და საკუთარი აზრის დამცველი ვარ. სწორედ ეს თვისებები დამეხმარა ოფიციალური აღიარების მიღებაში. მთავარია, რისი სურვილი მაქვს და რა შემიძლია გავაკეთო ახლა - ეს ეხება მამაჩემის უნივერსიტეტების განვითარებას, იქ ხომ საქართველოს ახალი თაობა სწავლობს, მათში მამა ქვეყნის მომავალს ხედავდა.

მომზადებულია Коммерсант.ru-ს მიხედვით

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით?

"ასე მგონია, ფიროსმანის მეეზოვე ვარ" - უშგულელი გენიოსი, მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა