74 წლის აჭარელი მოხუცის ცხოვრება სახლში "ამოსულ" პალმასთან ერთად

74 წლის აჭარელი მოხუცის ცხოვრება სახლში "ამოსულ" პალმასთან ერთად

74 წლის ანეტა სურმანიძე ბათუმთან ახლოს ე. წ "ოცნების ქალაქში" ცხოვრობს. ზვავსაშიშროების გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ვერნები ოთხი წლის წინ დატოვა და რამდენიმე ასეულ ეკომიგრანტ ოჯახთან ერთად ამ ტერიტორიაზე დასახლდა. საცხოვრებელი მიწების განაწილების დროს, ანეტა სურმანიძეს ადგილი პალმის ხესთან შეხვდა. მან სწორედ აქ ააგო პატარა ფიცრული. მოგვიანებით, "ოცნების ქალაქელებმა" ფიცრულების გაფართოვება დაიწყეს და ანეტა ბებოს შვილიშვილებს მშენებლობის დასაწყებად პალმის შემოღობვა მოუხდათ. მეზობლები ამბობენ, რომ მოხუცმა პალმის მოჭრაზე უარი თქვა და სახლის აშენება ხის გარშემო გადაწყდა.

"შვილებმა და შვილიშვილებმა რომ გაიხარონ, ხემაც უნდა იხაროს. ამიტომ არ მოვჭრი და არ დავაზიანებ. ხელისუფლება ამ ფართს რომ დამიკანონებს, პალმას ფრთხილად ამოვიღებ, უფრო ლამაზ ადგილზე გადავრგავ და მოვუვლი. მე და პალმა ვმეგობრობთ, ვმეზობლობთ, ერთად ვიძინებთ და ვიღვიძებთ. თვალს რომ ვახელ, პირველად პალმას ვხედავ. თუკი რამდენიმე დღე არ გაწვიმდება, წყალს ვუსხამ. ფესვებთანაც ფრთხილად ამოვაშენე ქვა, რომ ძირი არ დაზიანებულიყო. წვიმის დროს პალმის გარშემო სახლშიც წვიმს, მაგრამ ეს არ გვიქმნის პრობლემას ერთად თანაცხოვრებისას", - ამბობს ანეტა ბებო.

მოხუცს 12 შვილი ჰყავს. წლების წინ 10-შვილიან ქვრივ კაცს გაყვა ცოლად. მასთან ორი შვილი შეეძინა და ამგვარად, 12 შვილის დედაა, თუმვა ახლა მასთან მხოლოდ შვილიშვილები ცხოვრობენ: "ყველა გათხოვდა, დაქორწინდა, დალაგდა. მთელ საქართველოში მიმობნეული არიან ჩემი შვილები. ახლა შვილიშვილებს ვეხმარები ფეხის ადგმაში. ჩემი მშობლიური აჭარის დატოვება არ მინდა და ამიტომაც ჩავსახლდი აქ", - ამბობს ანეტა სურმანიძე.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია