აუზი, მყინვარწვერი და რაგბის მოედანი - ადგილები, სადაც ქართული უჩვეულო ქორწილები გაიმართა

აუზი, მყინვარწვერი და რაგბის მოედანი - ადგილები, სადაც ქართული უჩვეულო ქორწილები გაიმართა

ქორწილის დღის გალამაზებას ყველა თავისებურად ცდილობს, თუმცა ეს რიტუალი ჩვენში არსებულ ჩარჩოებს მაინც იშვიათად სცდება. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამ დღის ტრადიციებს გარკვეულად ფორმას უცვლიან, რითაც მათი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს რაღაცით გამორჩეულს ხდიან.

ასეთი ქორწილები ჩვენშიც საკმაოდ ყოფილა, რომლებსაც გარშემომყოფები უჩვეულოსა თუ უცნაურს უწოდებენ... მათზე სხვადასხვა დროს მეც მომეცა საშუალება დამეწერა.

ქორწილი რაგბის მოედანზე

ასეთი უცნაური ქორწილი ჰქონდათ თბილისის "ლელოს" მორაგბე სანდრო ქოიავას, იგივე ხაჭაპურასა და მარიამ დათუკიშვილს, - ხელი პირდაპირ რაგბის მოედანზე მოაწერეს. სანდრო შორტსა და ბუცებში გახლდათ გამოწყობილი.

"დიახ, ხელის მოწერაზე მეცვა - შორტი, რაგბის ბუცი და გეტრი, თეთრი პერანგი და მეკეთა შავი ბაფთა. მეუღლეს ეცვა ჩვენი გუნდის მაისური, მორაგბეთა ნაკრების შორტი, ბოტასი (იმ დღეს ვაჩუქე) და ეკეთა ფატა, რომელიც პატარა გვირგვინზე ჰქონდა მიმაგრებული. საერთოდ, ხელის მოწერისას ჩვენი ასეთი ჩაცმულობა მან მოიფიქრა, რაც მთავარია, ყველაფერი უეცრად გადაწყდა, გარკვეული სიტუაციის გამო", - ასე ამბობდა ქორწილიდან რამდენიმე დღეში სანდრო.

სუფრაც იქვე, მოედანზე იყო გაშლილი, იდგა მაყალი... მეგობრებმა, რომლებიც თავიდან გაოცებულები შეხვდნენ წყვილის ასეთ მოულოდნელ გადაწყვეტილებას, მშვენივრად მოილხინეს.

ჯვრისწერა მყინვარწვერზე

მყინვარწყვერზე ჯვარი რამდენიმე ქართველ წყვილს აქვს დაწერილი, მათგან მეოთხე წყვილი, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე, სწორედ გასულ ზაფხულს ავიდა.

გიორგი ბექაური იქაურობას, თავის რჩეულ ხატია სუხაშვილთან ერთად, ივლისის მიწურულს ეწვია და მყინვარწვერზე პატარა სამლოცველოში, ღმერთს სიყვარული შეჰფიცეს. დიახ, მათი ჯვრისწერა ყველაზე მაღალ წერტილზე არსებულ ეკლესიაში შედგა.

გიორგი ბექაური: "ერთხელ მყინვარწვერზე ასვლის შემდეგ, ზღვის დონიდან 4.000 მეტრზე არსებულ ეკლესიაშიც მოვხვდით, სადაც ჩავიფიქრე, რომ სწორედ იქ მინდიდა ქორწინება, ჯვრისწერა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ხატიას არც ვიცნობდი, სამლოცველო ძალიან მომეწონა და გულში ჩამივარდა". მან ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ წარმატებით აისრულა.

ხატია სუხაშვილი: "როდესაც გიორგიმ მითხრა, ჯვრის დაწერა მყინვარზე უნდოდა, დაუზარებლად დავთანხმდი, მაგრამ რომ დავფიქრდი, ეს ყველაფერი რას გულისხმობდა, ვუთხარი, - არ გამოვა, სამი დღე ფეხით ურთულეს მონაკვეთებზე ვერ ვივლი. მთაში სიარულით ისე არ ვარ გაწვრთნილი, რომ მყინვარზე ავიდე-მეთქი. მან ამიხსნა, ეს ყველაფერი თუ როგორ და რანაირად იყო შესაძლებელი და დავთანხმდი.

გიორგის მეგობრებიც ისეთი ჰყავს, რომლებიც მთაში სიარული უყვართ და ეს ადამიანები ჩვენთან ერთად დიდი ხალისით წამოვიდნენ, - სულ 27 კაცი ვიყავით... მანამდე დილით, იუსტიციის სახლში ხელი მოვაწერეთ და იქიდან ყაზბეგისკენ დავიძარით. ცოტა კი გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც შევძელით. ჩვენი ხმაურითა და ფეიერვერკებით ტურისტებიც შევაშინეთ, მაგრამ მერე ისინიც შემოგვიერთდნენ, გაუხარდათ". მოკლედ, ოცნება წყვილმა ასე ლამაზად აისრულა.

ქორწინება კონტრაქტით

პირველი ქართველი წყვილი, რომელმაც საქორწინო კონტრაქტი გააფორმა, გივი ყირიმელი და მარიამ გინტური აღმოჩდნენ. ერთმანეთი შეუყვარდათ და ოჯახიც შექმნეს, თუმცა ერთად ყოფნა საქორწინო კონტრაქტით გაამყარეს.

წყვილი დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა ერთმანეთს.

მარიამი პროფესიით იურისტია და როდესაც ქორწინების ჯერი დადგა, შთანხმებით კონტრაქტამდე ძალიან ბუნებრივად და მარტივად მივიდნენ. "ხელშეკრულებაში უცნაური არაფერი წერია, რომ ქართულ მენტალიტეტს ეწინააღმდეგებოდეს. უბრალოდ, კონტრაქტში ქონებრივი უპირატესობებია განსაზღვრული", - გვითხრა მაშინ გივიკომ. კონტრაქტში 50/50-ზე შეთანხმდნენ.

ეს ყველაფრი იმას არ ნიშნავს, რომ მეუღლეებს ერთმანეთი არ უყვართ, ან დაშორებას აპირებენ. "ქართველები ვისზე ნაკლებები ვართ, ბოლო-ბოლო ბილ გეიტსს აქვს გაფორმებული საქორწინო კონტრაქტი", - აღნიშნა გივიკომ...

ქორწინება წყალქვეშ

ერთხელ "მაესტროს" გადაცემა - "ჩემი ქორწილის" ერთ-ერთ სერიაში ორგანიზატორებმა ახალგაზრდა წყვილს გიჟური წვეულება მოუწყვეს. ჟურნალისტ ნიკა ბერიძესა და ფოტოგრაფ ნია გვათუას ქორწილის დღე, ალბათ, დიდხანს ემახსოვრებათ, რადგანაც ხელმოწერის ცერემონია საცურაო აუზში, წყლის ფსკერზე გაიმართა. საღამოს წვეულებაზე კი მშვენიერი პატრულ-სტრიპტიზიორებიც გამოჩდნენ, რომლებმაც თავიდან მათი "დაჯარიმება" გადაწყვიტეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ფაქტები სასიამოვნო და სახალისო მოგონებებად რჩება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია