"ხალხის სიყვარულს და პატივისცემას ვერ იყიდი" - ზაზა ფაჩულია

"ხალხის სიყვარულს და პატივისცემას ვერ იყიდი" - ზაზა ფაჩულია

დასრულდა NBA Vote, ვითა სიზმარი ღამისა... ზაზა ფაჩულიას მხოლოდ 14 ათასი ხმა დააკლდა NBA-ს "ოლ სტარის" (ყველა ვარსკვლავის მატჩი) სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად, თუმცა, გული მაინც არ სწყდება - სიამაყით ვარ აღსავსე, ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენი და ისეთ მოთამაშეებს ვაჯობეო! ის კი მაინც გვითხრა, შედეგები რომ ვნახე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ერთი ქულით წამეგოს თამაში ძლიერ გუნდთანო... ჯერ კიდევ არის მცირე შანსი, ზაზა "ოლ სტარის" სათადარიგო მოთამაშეთა შორის მაინც მოხვდეს. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მწვრთნელების არჩევანს 28 იანვარს შევიტყობთ, მანამდე კი ზაზა ფაჩულიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ წაიკითხეთ. ზაზას აქილევსის მყესი აწუხებს და ალბათ, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მომიწევსო, გვითხრა, როცა დალასში შევეხმიანეთ:

- ბოლო რამდენიმე კვირაა, ყოველ ნაბიჯზე #NBAVOTE Zaza Pachulia ისმოდა...

- დიდი მადლობა ამისთვის! ვერც გადმოვცემ, რა სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ მთელი ქვეყანა ჩართულია შენს მხარდასაჭერ აქციაში. ქომაგების, მედიის, სამინისტროებისა თუ კერძო კომპანიებისგან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი. შეუფასებელი განცდაა, როცა ხედავ, რომ შენი ხალხი შენ გვერდით დგას...

- როცა აჟიოტაჟმა და ყურადღებამ პიკს მიაღწია და "ოლ სტარში" შენი მოხვედრა რეალური გახდა, არ გაგიჭირდა თამაშზე კონცენტრირება?

- ზედმეტად არც მინერვიულია, დიდ სიამოვნებას და სტიმულს კი ნამდვილად ვგრძნობდი. ვხედავდი, რომ მარტო არ ვიყავი ბრძოლის ველზე! ყველას თავისი ცხოვრება და საქმე აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ათასობით ადამიანი ყოველდღიურად მითმობდა ყველაზე ძვირფასს - დროს!

- შენც დაწერე და ბოლო რამდენიმე კვირამაც დაადასტურა, რომ ძალა მართლაც ერთობაშია!

- "ოლ სტარში" თამაშის უფლების მოპოვებას წლების განმავლობაში დაუღალავი შრომა, სტაბილურობა და იღბალი სჭირდება. "ყველა ვარსკვლავის მატჩთან" ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ... ხალხის სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამას იმიტომ არ ვამბობ, სასტარტო ხუთეულში რომ ვერ მოვხვდი, მართლა ასე ვფიქრობ - ხალხის სიყვარულს და პატივისცემას ვერც იყიდი და ვერც რამდენიმე დღეში მოიპოვებ. წლობით თავდაუზოგავად უნდა იშრომო...

- ორმაგად გულდასაწყვეტია, რომ მესამე ადგილზე გასულ კონკურენტს მხოლოდ 14 ათასი ხმით ჩამორჩი...

- ბევრს დასწყდა გული, მაგრამ მე სიამაყით უფრო ვუყურებდი შედეგებს, ვიდრე სინანულით, რადგან ამდენი ხმა მოვაგროვე და ასეთ მაგარ კალათბურთელებს გავასწარი! როცა შედეგები გამოაცხადეს, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს, ერთი ქულით წამეგოს თამაში ძლიერ გუნდთან! ბედნიერი ვიქნებოდი, "ოლ სტარის" მოთამაშეთა შორის რომ ავერჩიე, მაგრამ ეს პირა­დი მიღწევაა, მათ კი, ვინც ჩემი თამაშის­ სტილი და ჩემი ხასიათი იციან, კარგად­ მოეხსენებათ, რომ გუნდის გამარჯვება­ზე­­ ­ორიენტირებული მოთამაშე ვარ. აშშ-ის­­ მასმედიაც და ქომაგებიც გაკვირვებული არიან ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერით. ბევრმა მათგანმა მხოლოდ ახლა გაიგო საქართველოს სახელი და ეს აქტიურობა თუნდაც ამად ღირდა!

- ამიტომაც იკითხეს ერთ-ერთი ამერიკული ტელე-შოუს წამყვანებმა გაოცებით - განა რამდენია საქართველოს მოსახლეობა, ფაჩულიამ ამდენი ხმა რომ მიიღოო?!

- ბოლოს, ყველა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სიყვარულით, პატივისცემით და

რაც მთავარია - გულით იყო გაკეთებული! NBA-ში საქართველოზე დიდი ქვეყნების წარმომადგენლები თამაშობენ. მაგრამ არათუ მათ, ამერიკელ კალათბურთელებსაც კი გაუჭირდათ იმდენი ხმის მოპოვება, რამდენიც მე მივიღე. თანაც, ეს ყველაფერი სპონტანურად, წინასწარი მომზადების გარეშე მოხდა, ქართველი ქომაგების ინიციატივით, რისთვისაც ორმაგად მადლობელი ვარ. გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც სხვადასხვა სახის საინიციატივო აქციებს ჩაუდგა სათავეში. ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება, მაგრამ განსაკუთრებული მხარდაჭერა ვიგრძენი ბერა ივანიშვილისგან, ტელეგადაცემებისგან "ნიჭიერი", "რა? სად? როდის?" და ა.შ. მხარდაჭერის აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართული სამინისტროები, სპორტული ფედერაციები თუ რიგითი გულშემატკივრები...

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია