საქართველოში პირველად ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებისთვის სამართლებრივი ბრძოლა იწყება

საქართველოში პირველად ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებისთვის სამართლებრივი ბრძოლა იწყება

საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად სამართლებრივი ბრძოლა იწყება. სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევიდა, AMBEBI.GE-ს ლგბტ პირების უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა გააცნო. ტატიშვილი, რომელიც ადრე ტრანსგენდერ "მაცაცოდ" იყო ცნობილი, AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ "ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა".

"სასარჩელო მოთხოვნაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმის შედარება მოხდეს კონსტიტუციის იმ ნორმასთან, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ოჯახის, როგორც დეფინიციის შემადგენლობაში კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის, ან ქალისა და კაცის ერთობა, რაც დააზუსტებს კანონთან კონსტიტუციის შესაბამისობას. ამის საფუძველზე ლგბტ ორგანიზაცია მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას, რაც ლეგალიზებული უნდა იქნას სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის დროებით ძალადაკარგულად ცნობა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომლის მიხედვით ქორწინება შეიძლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობით", - განმარტა ლგბტ უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა. მან სარჩელი შეიტანა, როგორც ფიზიკურმა პირმა.

"მე მაქვს ჩემი ორგანიზაცია "სამოქალაქო მონიტორინგის და ასოციაციის ლგბტ უფლებათა დაცვის ცენტრი", თუმცა სარჩელი არ შედის ორგანიზაციის სახელით, ის შედის გიორგი ტატიშვილის სახელით, ვინაიდან მე აქტიური ლგბტ უფლებადამცველი ვარ და ადვოკატი", - განმარტავს იგი.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პოზიტიური მოლოდინი აქვს.

"მოლოდინი გვაქვს ძალიან დადებითი, რადგან აქ მოყვანილია როგორც გერმანიის კონსტიტუცია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები და აქედან გამომდინარე, უდიდესი მოლოდინია, რომ ამ საკონსტიტუციო სარჩელის შედეგად, შესაძლებელი იქნება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია და ოჯახის დეფინიციის განსაზღვრა", - აცხადებს ტატიშვილი.

AMBEBI.GE საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ესაუბრა. უჩა ნანუაშვილმა განმარტა, რომ საკითხი რთულია და დისკუსიას საჭიროებს.

- ბატონო უჩა, რამდენად შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმოს ნორმა სამოქალაქო კოდექსში, სადაც წერია, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობაა?

-საბოლოო ჯამში, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. რამდენად დასაშვებად სცნობს სასამართლო, არ ვიცი. ამ სარჩელის საფუძველზე, ოჯახის განსაზღვრებაში ქალისა და ქალის, ასევე მამაკაცისა და მამაკაცის ერთობლიობა ოჯახის მცნებაში ვერ განისაზღვრება. როგორ განისაზღვრება, კონსტიტუცია ვერ შეიცვლება, ხომ?

- თუ სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმა გაუქმდება, დასაშვები გახდება ერთსქესიანთა ქორწინება?

- მთლად ასე არ არის, იმიტომ, რომ სერიოზული წინააღმდეგობები შეიძლება არსებობდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორისაც. ასე მარტივად არ არის - კონსტიტუციაში წერია, რომ ოჯახი არის მეუღლეების ერთობა. კონსტიტუციაში ქალი და მამაკაცი არ არის ნახსენები. მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია ნახსენები. რამდენად ჩათვლის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ კოდექსის ეს ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ცოტა სადავო თემაა.

- თქვენი აზრით, ეწინააღმდეგება?

- ეს საკმაოდ რთული თემაა, ამას კარგად უნდა შესწავლა და ნახვა - მე ვერ ვიტყვი, რომ ეწინააღმდეგება. ისეთი თემაა, რომ ამაზე საჭიროა დისკუსია. ასე მარტივადაც არ არის, ერთი გადაწყვეტილებით შეიცვალოს ქვეყანაში ვითარება და ერთსქესიანთა ქორწინება გახდეს შესაძლებელი.

ხათუნა გაგნიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია