აფხაზი, რომელმაც ქართველებთან მტრობის გამო შვილი მოკლა - დახვრეტას ხუთჯერ გადარჩენილი ქართველის ნაამბობი

აფხაზი, რომელმაც ქართველებთან მტრობის გამო შვილი მოკლა - დახვრეტას ხუთჯერ გადარჩენილი ქართველის ნაამბობი

"როგორ თუ ვერ მიცანი, მოხუცო, იმდენჯერ მყავხარ ნანახი ამ ქალაქში, ისეთი გაჯგიმული დადიოდი ამ მიწაზე, გეგონება, სულ შენი წინაპრების მიერ მოქარგულ-აყვავებული იყო, - დამიღრიალა თავზე შავბენდენაწაკრულმა აფხაზმა ახალგაზრდამ და გაშლილი ხელი ისეთი ძალით დამარტყა სახეში, რომ ჯერ რკინის კონსტრუქციას მივეხეთქე, მერე კი წავიქეცი. შევეცადე წამოვმდგარიყავი. ვიღაც თავს დამადგა და მანიშნა, - იწექიო... ცხვირიდან და წარბიდან სისხლი მდიოდა", - ასე იხსენებს ქართველი მოხუცი იმ უმძიმეს დღეს, როდესაც აფხაზებმა, მეზობლებთან ერთად, სატვირთო მანქანის ძარაზე შეაგდეს და დასახვრეტად წაიყვანეს.

ნოდარ ზარნაძე სოხუმის დაცემის შემდეგ, თითქმის ერთი წელი ქალაქში დარჩა. მის ქუჩაზე კიდევ ათამდე მოხუცი იყო, იმ იმედით, რომ სულ მალე სიტუაცია შეიცვლებოდა და ყველა თავის სახლ-კარს დაუბრუნდებოდა... თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, იქ გაჩერება შეუძლებელი გახდა. ჰოდა, ზოგმა წნეხს ვერ გაუძლო და როგორღაც, სამშვიდობოს გადმოვიდა, ზოგიც - დახვრიტეს...

სიკვდილს სასწაულებრივად რამდენჯერმე გადაურჩა სოხუმელი ნოდარ ზარნაძე, რომელიც ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. როგორც შემდეგ ახლობელი აფხაზებისგან გაიგო, ის "შავ სიაში" ჰყავდათ და გადარჩენის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა... მებრძოლები უკვე იმ აფხაზსაც უთვლიდნენ მუქარას, ვისი მფარველობის ქვეშაც ქართველი მოხუცი იმყოფებოდა.

ბატონი ნოდარი უმძიმეს 3 წელს იხსენებს...

- გაგრა რომ დაეცა, უკვე სოხუმიც განწირული იყო, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვკარგავდით იმედს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შემობრუნდებოდა. არადა, ქალაქი თითქმის დაიცალა ქართველებისგან. სოხუმის უმეტეს ნაწილს აფხაზები აკონტროლებდნენ. ჩემი შვილი მილიციაში მუშაობდა და რა თქმა უნდა, საბრძოლო მოქმედებებში თავიდანვე მონაწილეობდა. იყო დღეები, როდესაც მის შესახებ არაფერი ვიცოდით. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა. ძალიან დიდი ქორწილი გადავუხადე, სადაც ქართველებთან ერთად, აფხაზი სტუმრებიც იყვნენ. ქალაქში დაძაბულობა უკვე იგრძნობოდა, მაგრამ ქორწილში ეს შესამჩნევი არ იყო. ბოლო წუთამდე ვერ ვიჯერებდით, იარაღს თუ აიღებდნენ ხელში და ერთმანეთს სასიკვდილოდ თუ გავიმეტებდით... რამდენიმე კვირაში, ჩემი აფხაზი სტუმრები ქუჩაში უკვე თავს მარიდებდნენ. თუმცა, ამას ყველაზე ვერ ვიტყვი. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ისინი შეიარაღებულ, ნასვამ და აგრესიულ აფხაზ ბოევიკებს ხელებში ჩაუცვივდნენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად, ქართველები გადაარჩინეს...

- გადარჩენილებს შორის იყავით თქვენც, არა?

- დიახ, მე ხუთჯერ გამიყვანეს დასახვრეტად. პირველად ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე, მასწავლებელი იყო, ოღონდ - სხვა სკოლაში მუშაობდა... ჩვენს პროფესიას აფხაზები ხშირად გვახსენებდნენ, კბილების კრაჭუნით, - თაობებს წამლავდითო... ამის გამო, არაერთი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი დახვრიტეს... იმ დღეს, ქალები და კაცები სხვადასხვა მანქანაში გაგვანაწილეს, მაგრამ ტყეში ყველანი ერთად შეგვკრიბეს. ეს პირველი შემთხვევა იყო და სტრესი იმდენად დიდი გახლდათ, რომ ახლა ბუნდოვნად მახსოვს, რას ითხოვდნენ ჩვენგან, მაგრამ მათი ყვირილი და გარკვეული ფრაზები ზოგჯერ ყურში ახლაც ჩამესმის... მერე მამაკაცები და ქალები ერთმანეთის პირისპირ დაგვაყენეს და გვიბრძანეს, - ქალებისთვის სახეში დაგვერტყა. ეს ბევრმა ვერ შეძლო, ზოგმა კი მეუღლისა თუ ახლობლის გადასარჩენად, მათი ბრძანება შეასრულა. ამაზე ხმამაღლა იცინოდნენ. შემდეგ, რაღაც შტაბივით გააკეთეს, სადაც სათითაოდ შევყავდით, კითხვებს გვისვამდნენ, გარკვეული შინაარსის ტექსტს წერდნენ და მერე ხელის მოწერას გვაიძულებდნენ... მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს მეზობელ ქალს ხელი მოაწერინეს ტექსტზე, სადაც ეწერა, რომ ჩემი შვილი, რომელიც მილიციაში მუშაობდა და იმ პერიოდში მის შესახებ არაფერი ვიცოდით, თურმე, აფხაზ ქალებსა და მოხუცებს "ხოცავდა". ამ ფაქტს "თვითმხილველებიც" ჰყავდა და ერთ-ერთი ასეთი "თვითმხილველი" თავად იყო... რამდენიმეს დახვრეტა მოასწრეს, შემდეგ კი "ვილისით" სამი აფხაზი მოვარდა, თანამებრძოლებს შტაბი მიუნგრ-მოუნგრიეს, იარაღი აართვეს და წინ ცხვრებივით გაირეკეს, - ქალაქს თქვენი დახმარება სჭირდება, თქვენ კი აქ პენსიონერების ხოცვით ირთობთ თავსო... ასე გადავრჩით 13 ქართველი. როგორც კი მოვიდნენ, მეუღლის ძებნას შევუდექი. ის რამდენიმე მეტრში, ხეზე მიებათ და ისე დაეტოვებინათ. ცხვირიდან სისხლი სდიოდა. სახე შეშუპებული ჰქონდა. თავიდან მკვდარი მეგონა და ვიფიქრე, სახლის ეზოში მაინც დავკრძალავ-მეთქი... შემდეგ მიამბო, როგორ სცემეს და ყურებთან ავტომატის ჯერი დაუცალეს, - ჩემს რეაქციაზე ერთობოდნენო. შემდეგ მეც ისტერიკა დამემართა და მათთან ერთად, თავადაც ვიცინოდიო. ერთმანეთისთვის უთქვამთ, - გაგიჟდა, შეეშვი, ახლა ეგ გინდ ცოცხალი იყოს, გინდ მკვდარიო... - ჩემმა მეუღლემ ერთ კვირაში დატოვა იქაურობა, მე კი დავრჩი.

- რატომ?

- ჩემი შვილის შესახებ არაფერი ვიცოდი და ვიფიქრე, - თუ ცოცხალია, აუცილებლად დაბრუნდება-მეთქი... ამასობაში სოხუმი დაეცა. მეორე ჯერზე სახლში მოცვივდნენ, ისევ სატვირთო მანქანით და, - რაც გაქვს, ყველაფერი შენი ხელით დაალაგე მანქანაზეო. საჭმელი, ჭურჭელი, ქვაბები, თეთრეული, პირსახოცები - ყველაფერი გავზიდე სახლიდან. ახლა შენს სახლს შეხედე და მერე ჩვენკენ მობრუნდი, აბა, ზურგში ხომ არ გესვრითო? - მითხრეს. ერთი ჰაერში გაისროლეს. შევბარბაცდი... გადაიხარხარეს და, - ახლა კი მოემზადე უკანასკნელი კადრისთვისო, - დამიყვირეს. ამ დროს ჩემი აფხაზი მეზობელი, რომან ბილბა მოვარდა, ასევე იარაღით ხელში და მათ ძალიან მშვიდად უთხრა, - რაც მანქანაზე გიდევთ, წაიღეთ და აქაურობას გაეცალეთო... ის ავტორიტეტული კაცი იყო, ყველა პატივს სცემდა და მართლაც, წავიდნენ. მომდევნო ჯერზე სხვა მეზობელმა გადამარჩინა - წინ გადამეფარა და მთვრალ აფხაზებს მიმართა, - ჯერ მე მესროლეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, ამ კაცსო... უიარაღო იყო... ამის შემდეგ, კიდევ ორჯერ, ასევე სასწაულებრივად გადავურჩი დახვრეტას და ხუთივეჯერ აფხაზებმა გადამარჩინეს. არ მახსოვს შემთხვევა, მოძალადე აფხაზებს რომელიმესთვის დაესვათ კითხვა, - ამას რატომ აკეთებთო? მე კი იმდენად შევეჩვიე ავტომატის ლულის ცქერას, რომ წლების შემდეგ, იმ 5 შემთხვევას კინოფილმის კადრივით ვიხსენებ.

- ომის დასრულების შემდეგ, აფხა­ზეთში კიდევ ერთი წელი იცხოვრეთ, არა?

- დიახ, თითქმის ერთი, ჯოჯოხეთური წელი... ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ორად გაიყო: ომამდე და ომის შემდეგ. ჩემი აფხაზი მეზობელი საკუთარი ოჯახის რისკის ფასად მიცავდა. ყველამ იცოდა, რომ იქ ვიყავი, მაგრამ ამ კაცის პატივისცემით, არაფერს მეუბნებოდნენ. სხვათა შორის, ეს კაცი ჩვენს უბანში ძალიან დაფასებული მუნა შამბა იყო. მას ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შვილი ჰყავდა. ერთ-ერთი ვაჟი - ტრისტანი ცნობილი იყო, როგორც ქართველების დაუძინებელი მტერი. ის გარკვეული დროის განმავლობაში სოხუმის მილიციაში მუშაობდა, შემდეგ ერთბაშად შეიცვალა, ფორმა გაიხადა და კრიმინალებს დაუმეგობრდა. თქვეს, რომ ზუსტად იმ პერიოდში, მისი ნათესავი (სავარაუდოდ, მამის ბიძაშვილი), მრავალგზის ნასამართლევი ალიკ შამბა გამოვიდა ციხიდან. მისი გავლენით, ეს პატიოსანი ბიჭი საოცრად შეიცვალა. მას ჰბაძავდა, ქურდობდა, ყაჩაღობდა, ადამიანებს ძარცვავდა. მამის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ცხოვრების წესი არ შეუცვლია... ეს ამბავი, ჯერ კიდევ ომამდე მოხდა. 90-იან წლებში კი, ტრისტანი თავის მეზობელ აფხაზ კანჯარიებს, ასევე კრიმინალებს დაუმეგობრდა.

ომის პერიოდში ქართველებზე "ნადირობა" გამოაცხადეს. ანგარიშს არც ახლობელ ქართველებს უწევდნენ, რასაც ყველა აფხაზზე ვერ ვიტყვი... მუნამ რამდენჯერმე გააფრთხილა შვილი, ქართველების დევნა შეეწყვიტა, მაგრამ მამის შეგონებამ არ გაჭრა. ბოლოს ის საერთოდ აღარ მოდიოდა სახლში. მშობლები განიცდიდნენ შვილის ასეთ საქციელს და ცდილობდნენ, ქართველების წინაშე შვილის დანაშაული გამოესყიდათ... ტრისტანისთვის ბიძა კერპი გახდა. ალიკს, როგორც ვიცი, შვილი არ ჰყავდა და ბიჭსაც საკუთარი შვილივით ექცეოდა. ომის დასრულების შემდეგ, მასზე თქვეს, რომ "ქართველების ბიზნესი" ჰქონდა: მისი "რეკომენდაციით" აფხაზები იმ ქართველებს უცვივდებოდნენ სახლში, ვინც ახლობელი აფხაზის მფარველობის ქვეშ იყო. ამას სისტემატურად სჩადიოდნენ. ის ქართველიც იძულებული ხდებოდა, სახლი დაეტოვებინა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი მფარველი აფხაზი ვარდებოდა ცუდ დღეში, მაგრამ სამშვიდობომდე გადასვლაში ქართველს აუცილებლად ვინმე უნდა დახმარებოდა, - სხვა შემთხვევაში გარისკვა არ ღირდა... არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ვიღაცებმა ამ საქმეში ფული აიღეს, გადაყვანა ვერ გარისკეს, რადგან ისევ აფხაზების შეეშინდათ და თავად დახვრიტეს ადამიანი... ამ "ბიზნესში", მხოლოდ მეომრები კი არა, ჩვეულებრივი ადამი­ანებიც იყვნენ ჩართულნი და წლების შემდეგ, ბევრ მათგანს ფსიქიკური პრობლემები დაეწყო... ერთი სიტყვით, იყო შემთხვევები, როდესაც გამცილებლის ფუნქციას სწორედ ის შამბა კისრულობდა. მოგვიანებით, მათმა მეგობარმა კანჯარიამ, შიდა დაპირისპირების შემდეგ, შამბა საკუ­თარ მანქანაში ააფეთქა. შემდეგ ითქვა, რომ მათ ფული ვერ გაიყვეს... ტრისტანს ბიძამისი საკუთარ მშობლებზე მეტად უყვარდა. ძალიან მალე, მან ბიძის მკვლელი კანჯარია მოკლა და მისი ცხედარი რიწის ტბის ასასვლელიდან ანუ იმ ადგილიდან, რომელსაც ადგილობრივები "პრაშაი როდინას" ვეძახდით, ხრამში გადააგდო. ისეთი თავზე ხელაღებული იყო, ეს ამბავი არც დაუმალავს.

- მშობლებთან ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდა? ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია