ერთ ღამეში ამოხოცილი 17ადამიანი - ელაშვილების ოჯახის საშინელი ტრაგედია

ერთ ღამეში ამოხოცილი 17ადამიანი - ელაშვილების ოჯახის საშინელი ტრაგედია

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც დიდი ტრაგედიის მომსწრეა. იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს და მხოლოდ ჭირნახულის შესანახად იყენებენ. წინათ სახლი გაცილებით დიდი ყოფილა, მაგრამ რამდენიმე ძმას წილი გაუტანია, თავისი კუთვნილი ოთახები მოუშლია და სხვაგან დასახლებულა... ვერ აღვწერ, როგორი შეგრძნება იყო, როცა იმ ოთახში ვიდექი, სადაც სისხლის ღვრა მოაწყვეს რუსული, მე-11 არმიის ჯარისკაცებმა... იქ დატრიალებული ტრაგედიის ყველა სურათი თვალწინ დამიდგა... ერთ ოჯახში, ერთ ღამეს ამოხოცილი 17 ადამიანის კვნესაც კი ჩამესმა თითქოს, რომლებიც შველას ითხოვდნენ... ფეხმძიმე ქალებისა და ბავშვების ხმები... მერწმუნეთ, იმ კედლებს დღესაც ახსოვთ ის სახეები... ბუხარი, რომელმაც ოჯახის ერთი პატარა წევრი გადაარჩინა, ამოშენებულია... დედაბოძი კი ისევ მყარად დგას და ცოდვით დამძიმებულ კედლებს ჩამოქცევის საშუალებას არ აძლევს.

სახლი ელაშვილების გვარის კუთვნილებაა... მის ეზოში ახლა 2 კაპიტალური შენობა დგას და 2 ოჯახი ცხოვრობს... გვარის წარმომადგენელთა სურვილია, სახლს ძველებური იერი დაუბრუნონ და მომავალ თაობას მუზეუმად შემოუნახონ...

ჩემი რესპონდენტი 75 წლის ჯერენერი ელაშვილი გახლავთ. ის იმ ღამით შემთხვევით გადარჩენილი ბესო ელაშვილის ვაჟია. ბესო მაშინ 10 წლის იყო და სხვა სოფელში, მამიდას სტუმრობდა. ცოცხალიც ამიტომ გადარჩა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ტიტიკო (ტიტა) ელაშვილი ობლობაში იყო გაზრდილი. მამა ადრე დაეღუპა და დედამ გერად მიიყვანა მეორე ქმართან. როცა ტიტია წამოიზარდა, ვინმე გულბაათ ქართველიშვილს მიაბარეს შეგირდად, რომელსაც მისთვის ცხვრის ტყავების გამოქნა, დამუშავება და ტყაპუჭების შეკერვა უსწავლებია. ტიტა ნიჭიერი შეგირდი აღმოჩნდა და ხელობას ისე მალე დაეუფლა, რომ ცოტა ხანში მთელ ქიზიყში გაითქვა კარგი მეტყავის სახელი. ხელობის გამო მას მეტყავე ტიტა შეარქვეს, ოჯახს კი - მეტყავიანთ ოჯახი.

ტიტა მართაზე დაქორწინდა და 8 შვილი შეეძინათ - 6 ვაჟი და 2 გოგონა. მათი ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი გახლდათ... ქალიშვილები გაათხოვა, ერთი ვაჟი მოუკვდა. ტიტა 5 ვაჟთან და მათ ოჯახებთან (28 სული) საკმაოდ დიდი სახლში ცხოვრობდა. შეკრული ოჯახი ჰქონდათ. საქმე განაწილებული იყო. ყველამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. თან ერთი დაუწერელი კანონი ჰქონდათ - ოჯახის ყველა შრომისუნარიან წევრს უნდა ეშრომა. მამის სურვილი იყო, რომ შვილები არ დაქსაქსულიყვნენ და ერთად ყოფილიყვნენ. ამიტომ ცხოვრობდნენ ერთად. გაყოფილი არაფერი ჰქონდათ - საერთო დოვლათს ქმნიდნენ. ამიტომაც იყო, რომ საკმაოდ წელგამართულად ცხოვრობდნენ და ელაშვილების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო.

1921 წლის თებერვალში საქართველოში რუსული მე-11 არმია შემოვიდა და ქვეყნის გასაბჭოება მოახდინა. რუსი სამხედროები თავნებობდნენ, მოსახლეობას ავიწროებდნენ. სწორედ იმის გამო, რომ არავის შეეწუხებინა, ერთ-ერთი რუსი ოფიცერი, ვინმე პეჩინსკი მეტყავიანთ ოჯახმა ნათლიად მოიკიდა.

ერთხელ ახლობლებმა მეტყავიანთ ოჯახს გოჭი აჩუქა. ამათ "აბარტყეს" და ერთი გოჭი დიდ კოლტად აქციეს.

ერთ კვირადღეს ბოდბისხევის ბაზარში 300 ღორი გაყიდეს. აღებული ფულით ტომარა გაავსეს, ურემზე შეაგდეს და შინისაკენ გასწიეს. ვინმე მჭედლიშვილს დაუნახავს, ტომარა ფულით რომ გაავსეს.

- სად მიდიხართ და რა მიგაქვთო? - უკითხავს.

ამათაც ალალად უპასუხიათ, - ღორები გავყიდეთ და ფული მიგვაქვსო. შემდეგ ეს კაცი შინ დაპატიჟეს და აქეიფეს კიდეც.

დიდძალი ფულის ხელში ჩაგდების სურვილმა შეიპყრო მჭედლიშვილი. წითელწყაროში, ნაწილში მივიდა და ელაშვილების ოჯახის ნათლიის ძმას მოახსენა, - დიდძალი ფულის შოვნა შემიძლია, მაგრამ ხალხი მჭირდება, რადგან ოჯახში ბევრნი არიან და შესაძლოა, წინააღმდეგობა გაგვიწიონო. ელაშვილების სახლი უზარმაზარი ვენახის შუაში მდგარა. ახლოს მეზობელი არ ჰყოლია. 3 ძმა და ერთ-ერთის ვაჟიშვილი მინდორში ცხვარ-ძროხასა და ღორებს მწყემსავდნენ. დანარჩენები შინ იყვნენ.

20 დეკემბრის ცივი და ქარიანი ამინდი იდგა, რაც თავდასხმისთვის ხელსაყრელი პირობა გახლდათ, რადგან ადამიანები სახლებში იყვნენ შეყუჟული და ხმაურს ვერავინ გაიგონებდა. თავდამსხმელები მეტყავიანთ სახლის ახლოს, დიდი კაკლის ძირში შეჩერდნენ და მხნეობისთვის რამდენიმე ჭიქა არაყი გადაკრეს. კარგა ხნის დაბნელებული იყო და მათი ყველა ქმედება გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. ამ დროს ორღობეში ჯუგაანელი ილა დოლაშვილი გამოჩნდა, რომელიც შინისაკენ მიიჩქაროდა. ყაჩაღებმა ილა გააჩერეს და უთხრეს:

- მეტყავიანთას მიდი და გააფრთხილე, რომ თუ რამე იარაღი აქვთ, გადამალონ, თორემ "ბოლშევიკები" მიდიან შემოწმებაზე და თუ იარაღს აღმოუჩენენ, გააციმბირებენო.

ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ წინააღმდეგობა ვერ გაეწიათ ელაშვილებს. ილა დოლაშვილი მეტყავიანთას მივიდა და დანაბარები სოსიასა და ნიკოს გადასცა. იმათაც მოაგროვეს, თუ რამ იარაღი ჰქონდათ და ამბარში ჩაყრილ ხორბალში გადამალეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია