მეგრელი ქალის პაროდიით "ფეისბუქ-ვარსკვლავად" ქცეული გოგონა, რომლის ვიდეოებსაც 200.000 ნახვა აქვს

მეგრელი ქალის პაროდიით "ფეისბუქ-ვარსკვლავად" ქცეული გოგონა, რომლის ვიდეოებსაც 200.000 ნახვა აქვს

ინტერნეტისთვის სპეციალურად გადაღებული იუმორისტული ვიდეოები, უკვე კარგად გავრცელებული ჟანრია. ამ საქმეს ბევრი მისდევს. ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი (ბევრისთვის ახალი) გოგონა გამოჩნდა, თავისი მეგრული ციკლით. ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია - არამარტო მეგრელი ქალბატონი, საკმაოდ ბევრი პერსონაჟი ჰყავს, რომლის პაროდიასაც დიდი ხანია აკეთებს...

ახალი ინტერნეტვარსკვლავია (თავისუფლად შეიძლება ითქვას), რადგანაც მის "ფეისბუქ-გვერდზე" ვიდეოებს 200.000 ნახვა აქვს. როგორც ჩანს, მის მიერ შექმნილმა მეგრელმა ქალბატონმა, დიდი მოწონება დაიმსახურა. "მეგრელის პაროდიას ისევ მეგრელი თუ გააკეთებ," - ამბობს ლალი გოგუა, რომელიც საზოგადოებას ფსევდონიმით ეცნობა - ემილი ფრიკი.

იხილეთ ვიდეო

- ეს ჩემი გამოგონილი გვარი და სახელია, დაახლოებით 4 წლის წინ დავირქვი და მომწონს. მეგობრები უკვე ასე მომმართავენ. მირჩევნია, ფსევდონიმით მიცნობდნენ, რატომღაც ასე უფრო საინტერესო მგონია...

- გარდა იმისა, რომ პაროდიის უნარი გაქვს, რას საქმიანობ, მოგვიყევი შენზე.

- ბავშვობა ფოთში გავატარე, 10 წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ. ბაკალავრიატი 2012 წელს PR და ჟურნალისტიკის მიმართულებით დავამთავრე, ახლახან კი მაგისტრატურის კურსი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით დავასრულე. ვმუშაობ ტურიზმში, გიდი ვარ, ღვინის დეგუსტატორი, რა შუაშია ჩემს სპეციალობასთან, არ ვიცი, მაგრამ ასეა.

მოკლედ, სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ, რეალურად კი ღვინის მაღაზიაში ვსაქმიანობ, რომელიც ტურისტებს ემსახურება, ვყიდით ღვინოს და ვარ ღვინის მცოდნე.

- როგორც ჩანს, ბევრი რამ გამოგდის...

- კი, რასაც გულს დავუდებ, ყველაფერი გამომდის. რა სამსახურიც მინდოდა, დამეწყო, ვერ ვიშოვე, მერე ღვინის დეგუსტატორობა შევისწავლე, ტრენინგი გავიარე და დღეს ტურისთებთან მიწევს ურთიერთობა.

რაც შეეხება პაროდიას, მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ, ოღონდ, ვინ მაქცევდა ყურადღებას?!

- პროფესიები და სამუშაო გაქვს, მაგრამ ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გინდა, რომ ხალხმა ფართოდ, როგორც არტისტი, ისე გაგიცნოს.

- ხომ ვამბობ, მთელი ცხოვრებაა ვარტისტობ... ცოტა რომ წამოვიზარდე, მშობლები მეუბნებოდნენ, როდისღა უნდა დაჭკვიანდე, დაანებე ამ ყველაფერს თავი, ნუ ტინგიცობო. ჩემს გატაცებას ყველა არასერიოზულად უყურებდა. სულ იმას ამბობდნენ, გაიზარდე, მაგრამ მაინც არაფერი გეშველა.

ბოლო სამი ვიდეოთი ჩემს მშობლებს მგონი, დავუმტკიცე, რომ რეალურად რაღაც შემიძლია! რომ რასაც ვაკეთებ, ეს ყველაფერი მომწონს და იმისთვის არ ვაკეთებ, რომ მართლაც ვტინგიცობ.

- შენი ერთ-ერთი მთავარი ვიდეოს თემა ცოტა სავალალო კია, რადგანაც ისეთი ქალი გყავს გამოყვანილი, რომელიც შვილს სიყვარულსა და ცოლის მოყვანაში ხელს უშლის. თუმცა ეს სიმართლეა და ასეთი დედები რეალურად არა მარტო სამეგრელოში, ყველგან არსებობენ, - იმის გამო, რომ მათ ასე უნდათ, შვილის ბედნიერებას წინ ეღობებიან, ოჯახებს უნგრევენ.

- ჩემთან ყველაფერი ხდება სპონტანურად. არაფერი წინასწარ არ იგეგმება, რას ვიტყვი ჩაწერისას, არ ვიცი. ვჯდები და იმ წამს რაც მომდის თავში, იმას ვამბობ. კადრს მიღმა დგას ჩემი და და მისი დაქალი, რომლებიც ვიდეოს იღებენ. მეგრულმა ციკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ხალხის აზრი, რადგანაც რასაც ვაკეთებ, სწორედ მათთვისაა. მოკლედ, უამრავი პერსონაჟი მყავს, რომელიც მასობრივად ჯერ არ გამომიჩენია...

- შენი ვიდეოს ქვემოთ, ერთ-ერთ კომენტარში ამოვიკითხე, მეგრელი მეგრულს გააკეთებს, აბა, რას იზამსო?..

- მეგრულ გარემოში დიდად არ გავზრდილვარ, ფოთში, ოჯახში მეგრულად ნაკლებად ვლაპარაკობთ. უბრალოდ, ბავშვობაში არდადეგებზე, ჩხოროწყუში რომ დავდიოდი, იქიდან მაქვს ბევრი რამ გონებაში ჩარჩენილი. ისეთი რაღაცები ამომიტივტივდება ხოლმე, რომ თვითონ მიკვირს, ვიდეოს რომ ვუყურებ.

- რეალურ ცხოვრებაში ბევრისგან განსხვავებული იმიჯი გაქვს, ხარ დრედებიანი გოგო, აბსოლუტურად არაქართული გარეგნობით. რატომ?

- თმა და თავი ჩემი სუსტი წერტილია, მთელი ცხოვრება რაცას ჩემს თმას ვუშვრები, ეს ცალკე თემაა...

დრედები პირველად რომ გავიკეთე, იმდენად მომეწონა და იმდენად ჩემად მივიჩნიე, რომ მას მერე სულ მაქვს. მომწონს, როცა ადამიანს საინტერესო და არამასობრივი გარეგნობა აქვს. ეს დრედები შეიძლება ჩემი ერთგვარი პროტესტიც იყოს.

- აქამდე რატომ იყავი გაჩერებული და ახლა რატომ დაიწყე ეს ვიდეოპრეზენტაციები? არ მისულხარ რომელიმე შოუში?

- ერთადერთი, რაც ვცადე, ის იყო, რომ შალვა რამიშვილის შოუში გოგოების ქასთინგზე მივედი, ამირჩიეს, მაგრამ ბედის საკითხია, ის პროექტი ჩაიშალა...

ახლა ხალხს ისე მოსწონს ჩემი ვიდეოები, რომ ინტერნეტით მგონი, უკვე ჩემი შოუ დავიწყე. მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისთვის.

იხილეთ ინტერვიუ

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია