"ოღონდ თქვენ იყოთ ახლა ცოცხლები!" - საშინელი ავტოავარია და სავალალო ქრონიკა

"ოღონდ თქვენ იყოთ ახლა ცოცხლები!" - საშინელი ავტოავარია და სავალალო ქრონიკა

28 იანვარს სამეგრელოში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. საღამოს საათებში, ზუგდიდი-ჯვრის საგზაო მონაკვეთზე "ფორდისა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. მანქანა, რომელშიც 6 ახალგაზრდა იჯდა, შეჯახების შემდეგ რკინის ღობეს შეასკდა და ისე დაიმტვრა, ხალხს დაშავებულების გამოყვანა ძალიან გაუჭირდა.

ოთხი ახალგაზრდა ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მათი ორი მეგობარი დღემდე ებრძვის სიკვდილს. ისინი კომატოზურ მდგომარეობაში არიან და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად.

მეგობრები თურმე, ზუგდიდიდან ჯვარში ბრუნდებოდნენ. სახლამდე რამდენიმე კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი. მანქანას ავთო ქუხილავა მართავდა, მასთან ერთად კი იყვნენ: გიორგი ციმინტია, ბაჩანა შონია და ლევან მატუა. ეს ბიჭები დაიღუპნენ. სიკვდილს ვერ გადაურჩა მეორე მანქანის მძღოლი, 19 წლის დათო ბერიშვილიც, ხოლო მის მანქანაში მყოფები, თვითმხილველების თქმით, სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 6 ადამიანი. იმედია, ექიმები მათ გადარჩენას შეძლებენ.

გარდაცვლილი მეგობრები ჯვარში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. ხუთივე ერთსა და იმავე დღეს მიაბარეს მიწას. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ერთ-ერთი ვერსიით, ავთო ქუხილავას დათოვლილ გზაზე მანქანა მოუსრიალდა, საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო და ჯვარიდან სოფელ ლიაში მიმავალ ავტომანქანას შეასკდა, რომელსაც დათო ბერიშვილი მართავდა.

სტავრო ჭანტურია, გამგებლის წარმომადგენელი ჯვარში:

- ახლა იმის გასარკვევად არავის სცალია, თუ რა მოხდა. მთელი ქალაქი გლოვობს ამ ახალგაზრდებს. ძნელია, რაიმე სანუგეშო უთხრა მათი ოჯახის წევრებს. ბიჭები ერთად გაიზარდნენ. ყველა კარგი ოჯახის შვილია. პატიოსანი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები იყვნენ. ყველა ერთად მივაბარეთ მიწას და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვიქნებით. მეორე მანქანა სოფელ ლიაში მიდიოდა. იმ მანქანის საჭესთან დათო ბერიშვილი იჯდა და ისიც ფაქტობრივად, ჯვარში გაიზარდა. 5 წელია, დათო აქ ცხოვრობს. მართალია, მისი მშობლები სოფელ ლიაში არიან და დათო იქ დაიბადა, მაგრამ ბაბუა ჯვარში ჰყავდა, ამიტომ ხშირად ჩამოდიოდა. ბაბუამ შვილიშვილს აჩუქა თავისი სახლი და ახლა ოჯახთან ერთად, აქ ცხოვრობდა. დათოც ჯვარში დაიკრძალა. მას ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა, ერთი ვაჟი დარჩა. დაღუპულ ბიჭებსაც კარგად იცნობდა. დაღუპულებს შორის დათო ყველაზე უმცროსი იყო - 19 წლის. ბაჩანა შონიაც დაოჯახებული იყო. მას ობლად დარჩა ორი პატარა. რაც შეეხება ლევან მატუას, ის დედისერთაა. უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და ახლა სამსახურის დაწყებას აპირებდა. პერსპექტიული ახალგაზრდა იყო. სამწუხაროა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდების გარდაცვალება. ახლა იმ ბიჭებისთვის ვლოცულობთ, რომლებიც სიკვდილს ებრძვიან. ისინი კომაში არიან. ერთს გაუკეთეს ოპერაცია და ხობის საავადმყოფოში წევს, მეორე ზუგდიდშია, ორი კი თბილისშია გადაყვანილი. გერგედავა და ქარდავა დათო ბერიშვილის მანქანაში ისხდნენ. ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის. ვარაუდობენ, რომ სოფელ ლიადან მომავალ მძღოლს მანქანა მოუცურდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია