რატომ არის ქალწულება და მონაზვნობა ანგელოზთასწორი ცხოვრება - ანტონ სუროჟელის განმარტებები

რატომ არის ქალწულება და მონაზვნობა ანგელოზთასწორი ცხოვრება - ანტონ სუროჟელის განმარტებები

ქალწულებრივი ცხოვრება მენავეს ჰგავს, რომელიც განუწყვეტლივ ებრძვის ძლიერ ქარიშხალს

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ბერმონაზვნობისა და ქალწულობის შესახებ საგულისხმო განმარტებებს გვთავაზობს: მონაზვნობას უნდა მივუდგეთ როგორც გზას, რომელზე მდგარი ადამიანიც უარყოფს თავს, შეუდგება მკაცრ მოღვაწეობას და სიკვდილისთვისაც კი მზადაა, თავის სიცოცხლეს თმობს ღვთის მსახურებისთვის, თავს დებს, რომ ყოველგვარ გარემოებაში იყოს ღვთის მოციქული. მახსენდება ბერი სილუანის ნაამბობი მონაზვნის ლოცვის შესახებ, რომელიც იწყება მიწაზე, ადის ღმერთამდე და მასთან ერთად ისევ მიწას უბრუნდება. ასე ლოცულობდა თავად სილუანი თავისი მუშებისთვის, ფიქრობდა თითოეულ მათგანზე, ღმერთს უამბობდა მათი ცხოვრების თითოეულ დეტალს და ევედრებოდა მათ მფარველობას და კეთილდღეობას. და იგი, როგორც თვითონ აღნიშნავს, ლოცვისას თანდათან ისე იზრდებოდა, რომ შეიგრნობდა, ღმერთი იქვე იყო. იყო მომენტები, როცა ავიწყდებოდა მიწაც, ცაც და ისინიც, ვისზეც ლოცულობდა, ისე ნაკადულივით იჭრებოდა ღვთის სიღრმეებში და იქ პოულობდა იმათ, ვისზეც ლოცულობდა. მერე ამ სიღრმეებიდან ღმერთი აბრუნებდა მიწაზე, რათა მასავით ჰყვარებოდა ისინი და ელოცა მათთვის, მაგრამ უკვე სრულიად სხვაგვარად... ღირს მოსეს რომ ჰკითხეს, რატომ აირჩიე სენაკი გზის პირას, ნუთუ გამვლელები ხელს არ გიშლიანო, უპასუხა: - არა, როცა ჩემთან მწირი მოდის, მე მასში ქრისტეს ვხედავ. იგი აკაკუნებს ჩემს კარზე. მე მას ვაპურებ, ვავსებ, რომ შეძლოს გზის გაგრძელებაო.

მსგავსი შეკითხვით მიმართეს არსენი დიდს, რომელიც რომის იმპერატორის შვილების მოძღვარი იყო. ერთხელ მასთან უდაბნოში მივიდა რომაელი ქალბატონი და სთხოვა დამოძღვრა. არსენი დიდმა სენაკიდან გამოსძახა, - შეასრულებ კი იმას, რასაც გეტყვი?

- დიახ, მამაო, შევასრულებ.

- მაშინ, როცა გეტყვიან, არსენი ამა და ამ ადგილზე იმყოფებაო, საპირისპირო მხარეს წადი.

როცა მას ჰკითხეს, რისთვის გაურბიხარ ადამიანებსო, უპასუხა, - ცაში ათასობით ანგელოზსა და მთავარანგელოზს ერთიანი ნება-სურვილი აქვს, მიწაზე კი ყოველ კაცს სხვადასხვა ნება გააჩნია და მას შეუძლია, დარჩეს თავისუფალი და თავის ნებაზე, როცა გარშემო მყოფნი ცდილობენ, დაჯიჯგნონ იგი თავიანთი სურვილებით.

იყვნენ ისეთი მოღვაწენიც, რომლებიც განმარტოებით მოღვაწეობდნენ, ან საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტრებს ქმნიდნენ და ერთად ლოცულობდნენ. იყო სავანეებიც. მაგალითად, ნილოს სორელის ირგვლივ 12 ბერი ცხოვრობდა. თითოეული მათგანი ცალკე, თავის სენაკში, ლოცულობდა, მაგრამ კვირაში ერთხელ ლიტურგიაზე იკრიბებოდნენ და ქრისტეს სხეულივით ერთნი იყვნენ...

ჩვენ ვიცით ქრისტეს გზა, ვიცით, რომ ეს არის გზა გოლგოთისა, გზა ჯვარცმისა ქვეყნიერების გადასარჩენად, რაც მეტად მნიშვნელოვანია. მონაზვნური ჯვრის ტარებაც მხოლოდ პიროვნული ღვაწლი კი არ არის საკუთარი თავის გადასარჩენად, არამედ, ქრისტეს ჯვარცმასავით, არის სრულად ეკლესიის ღვაწლი - მონაწილეობა მსოფლიოს გადარჩენაში.

აღკვეცისას ადამიანი დებს აღთქმას, რომ არასდროს განეშორება მონასტერს. შესაძლოა, ეს ეხებოდეს ფიზიკურ განშორებასაც, მაგრამ ამაში დევს უფრო ღრმა აზრი. საუბარია იმაზე, რომ ადამიანს არ შეუძლია გახდეს მონაზონი, ვერ განმტკიცდება სულიერად, თუ არ ესმის, რომ მან ღმერთი აქ თუ ვერ იპოვა, სხვაგანაც ვერ იპოვის, რადგან ღმერთი აქ ან იქ კი არ არის, არამედ ყოველი ადამიანის სულის სიღრმეშია. ცოცხალ შეხვედრას ღმერთთან კი ადამიანი ლოცვით, ღვაწლით, მარხვით აღწევს. პირველი პირობა, რაც ბერმონაზვნის წინაშე დგება, არის სიმტკიცე.

მორჩილება მხოლოდ ის კი არ არის, რომ დავალება ისმინო და შეასრულო ჯერ ძალის დატანებით, მერე კი მსუბუქად, ბოლოს, სიხარულით, არამედ გულითა და გონებით, არსით ისმინო იმისა, ვინც გესაუბრება. საბოლოო მიზანი კი ის არის, რომ ადამიანმა ისწავლოს საკუთარი ხმისა და ღვთის მოსმენა, რომლითაც გვესაუბრება სახარება და რომელიც ისმის ადამიანის სულის სიღრმეში მდუმარებისა და ლოცვისას. ბერმონაზვნური მორჩილება თავდაპირველად სკოლაა, მერე - აღმოჩენა ისეთი შინაგანი მდუმარებისა, რომელიც იძლევა საშუალებას, უსმინო და შეერწყა ცოცხალ ღმერთს...

დაბოლოს, ქალწულობა.

ქალწულობა - რთული სიტყვაა. ის მჭიდროდაა დაკავშირებული მორჩილებასთან. ქალწულობა - ადამიანის მდგომარეობაა, რომლითაც მიაღწია სულიერ სრულყოფილებას, მთლიანობას, ისეთ შინაგან სიბრძნეს, რომელიც არ აძლევს საშუალებას, გადაიხაროს ღვთისგან, სიწმინდისაგან, თავისი ადამიანური ღირსებისგან, ესე იგი, თავის თავზე ღვთის ხატების მსახურებისგან. ქალწულობა და მორჩილება ერთმანეთთან ახლოს მდგომი ცნებებია. მორჩილება ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი თანხმობაშია სინდისთან, ახლობლებთან, ბედთან და იმ საგნებთანაც, რომლებიც მის გარშემოა;

ქალწულობა ერთგულების ნათელი, ზუსტი გამოხატულებაა. ეს არის სულის, გონების და თვითონ ადამიანის სისრულე. სიძვა მაშინ კი არ იწყება, როცა ფიზიკურად ხდება, არამედ მაშინ, როცა სული თვალს მოაცილებს თავის სიყვარულს და მიაპყრობს გარშემო მყოფთ.

***

ბერი იოსებ ათონელი ამბობს: ვერ აგიწერთ, როგორ უყვარს დედა ღვთისმშობელს ქალწულება და სიწმინდე, რადგან ის ყოვლადუბიწო ქალწულიცაა, ჩვენთვისაც ეს სურს და ასეთები ვუყვარვართ.

და როგორც კი მოვუხმობთ, მაშინვე დასახმარებლად ისწრაფვის. ვერ ასწრებ თქმას: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შემეწიე მე!" და მაშინვე, როგორც ელვა, გონებას გინათებს და გულს ნათლით გივსებს. გონებას ლოცვისკენ მიდრეკს, გულს კი - სიყვარულისკენ.

ხშირად მთელი ღამე ტირილსა და ნაზ მოწოდებებში გადის, რომლებითაც ხოტბას ასხამ მას, პირველ რიგში კი - მის მიერ ტვირთულს.

მაშ ასე, თავი აიძულეთ, მდუმარება დაიცავით, ილოცეთ, დაემორჩილეთ, დამდაბლდით, რათა მოიპოვოთ ყოველგვარი სიკეთე. თქვენ გყავთ ღვთივკურთხეული დედა იღუმენია, ქრისტეს კეთილსურნელება. არ დაამწუხროთ ის, არ შეეპასუხოთ. მდუმარებასა და ლოცვაში იყავით და მასაც მიეცით მდუმარების საშუალება. რადგან როდესაც გარდაიცვლება, დაკარგავთ მას და დარჩებით, "ვითარცა ბუი ნატამალსა", მაშინ გაცხადდება მისი ღირსება, მაგრამ თქვენთვის უკვე გვიან იქნება... მიწად იქეცი, რომ გაგთელონ და მორჩილება გამოიჩინე შენი სულის ცხოვრებისათვის.

***

არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი წერს მონაზვნების ქალწულებრივი ცხოვრების შესახებ:

ქალწულებრივი ცხოვრება მენავეს ჰგავს, რომელიც განუწყვეტლივ ებრძვის ძლიერ ქარიშხალს, ნავსაყუდელს ვერ პოულობს და ტალღებისგან მუდმივად ირყევა. იმის გამო, რომ ქალწული საკუთარ თავში ხორციელი აზროვნების ალს ატარებს, დროებითი ზავიც კი დაუშვებელია. იარაღით ხელში გამუდმებული ბრძოლაა საჭირო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია