პატრიარქი - დიდგორის ომი თითქოს არ დამთავრებულა და სიმბოლო არის საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა

პატრიარქი - დიდგორის ომი თითქოს არ დამთავრებულა და სიმბოლო არის საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა

დიდგორის ომი თითქოს არ დამთავრებულა და სიმბოლო არის საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა, - ამის შესახებ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიონის მიძინების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე ბრძანა.

სიონის ტაძარში წმინდა დავით აღმაშენებლის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი დასრულდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძრის მღვდელთმსახურებთან ერთად გადაიხადა. ტაძარში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა და სხვა პირები.

პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და წმინდა დავით მეფის შესახებ იქადაგა.

"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის დღეს. ეს დღესასწაული განსაკუთრებულია საქართველოსთვის, ჩვენთვის. წმინდა დავით აღმაშენებელი თითქოს გახდა სიმბოლო საქართველოსთვის. მისი თავდადებული მოღვაწეობა მაგალითია ჩვენთვის. 16 წლის ჭაბუკს დაადგეს უმძიმესი გვირგვინი მეფობისა და მან გამოიჩინა საოცარი სიბრძნე, ანალიტიკური აზროვნება, წინდახედული გეგმები. დიდგორის ომი თითქოს არ დამთავრებულა და სიმბოლო არის საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

უწმინდესის თქმით, წმინდა დავით აღმაშენებელს საოცარი გონება გააჩნდა. იგი აღზრდილი იყო სასულიერო პირის მიერ. პატრიარქის განცხადებით, ჩვენთვის ეს დღესასწაული განსაკუთრებულია იმითაც, რომ ამ დღეს ეკურთხა ჩვენი "ალმა მატერი" სახელმწიფო უნივერსიტეტი".

"მრავალმა სასულიერო პირმა დაამთავრა ეს სასწავლებელი. დავით აღმაშენებელის სიტყვები, როცა გელათის აკადემია დაარსდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი ათენი და მეორე იერუსალიმი თავისი მეცნიერებითა და სულიერებით, ეს თითქოს გადმოვიდა ჩვენს სასწავლებლებზე და ყოველი სასწავლებელი უნდა ხელმძღვანელობდეს ამ გეგმით, სულიერი სიმაღლით", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

უწმინდესმა დღევანდელი დღე უნივერსიტეტის რექტორს ლადო პაპავას, რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს და იქ მომუშავე პირებს მიულოცა.

"ღმერთმა ინებოს დავით აღმაშენებლის ლოცვით მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში", - აღნიშნა პატრიარქმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია