ღმერთის იდეა ქართულ და ევროპულ კონსტიტუციებში

ღმერთის იდეა ქართულ და ევროპულ კონსტიტუციებში

რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიებისა და სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის, ასევე რელიგიური შენობების და სიწმინდეების წაბილწვისთვის ადმინისტრაციული სასჯელის შემოღების ინიციატივამ კიდევ ერთხელ გააქტიურა საზოგადოებისათვის მგრძნობიარე თემა.

რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებული საკითხების იურიდიული რეგულირება მოითხოვს ფრთხილ და ზომიერ მიდგომას. ღმერთთან კავშირი ტრანსცენდენტალური, მისტიური და გრძნობად-ემოციური აქტია, ხოლო სამართალი- კანონშემოქმედების რაციონალური პროცესის აქტი, რომელიც აწესრიგებს სრულიად სხვა, ამქვეყნიური სამყაროს გაცილებით უფრო მიწიერ და პროზაულ ურთიერთობებს. რელიგია ყოველთვის დაკავშირებულია ფუნდამენტურთან, წარუვალთან, ჭეშმარიტთან. სამართლის ჰორიზონტი გაცილებით უფრო ვიწროა და ზღვარდადებულია ადამიანებს შორის ურთიერთობებისა და პოლიტიკური ხელისუფლების რეგულირებით.

სამართალი ვერ მოაწესრიგებს კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის. სამართალი ადგენს მხოლოდ იმას, რაც საზოგადოების ყველა წევრისათვის არის სავალდებულო. სამართალი ვერ მოითხოვს, რომ ღმერთი ყველასათვის სავალდებულოა. რწმენა არის მოქალაქის ინდივიდუალური უფლება და არა სახელმწიფოს ან კანონის საქმე. ღმერთის არჩევაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა- სამართალი უზრუნველყოფს მხოლოდ რწმენის თავისუფლებას, რაც ასევე გულისხმობს რწმენისაგან თავისუფლებას. სამართალი ვერ ჩამოაყალიბებს ღმერთის განსხვავებულ ნორმატიულ ცნებას ან კონსტრუქციას, ისევე როგორც შეუძლებელია ღმერთის იდეა ავხსნათ იურიდიული და სამართლებრივი კატეგორიების მეშვეობით.

I. "ღვთისა და ქვეყნის წინაშე"

"ჩვენ საქართველოს მოქალაქენი ... ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას"- ნათქვამია საქართველოს ძირითადი კანონის პრეამბულაში. ღვთისადმი მიმართვას ვხვდებით კონსტიტუციის სხვა ნაწილშიც, კერძოდ, პრეზიდენტის ფიცში (მ.71., პ.1.).

ღვთისადმი მიმართვას არაფერი აკავშირებს სახელმწიფოს თეოლოგიურ ან რელიგიურ ლეგიტიმაციასთან- ის მხოლოდ მიუთითებს, რომ არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგი დროებითია და წარმავალი, ხოლო ხელისუფლება და ხალხი შებოჭილია "ღვთის" მეტაფიზიკური ინსტანციით და პასუხისმგებელია მის წინაშე. რატომ უწოდა კონსტიტუციამ ამ ინსტანციას ღმერთის სახელი? ის, რასაც სახელი არ აქვს, არ არსებობს. არ არსებობს ანონიმური პასუხისმგებლობაც. ერთადერთი სახელი, რომელიც შეიძლება დაარქვა იმ ტრანსცენდენტალურ ინსტანციას, რომელიც ადამიანსა და პოლიტიკურ ინსტიტუტებზე უფრო მაღლა დგას, არის მხოლოდ "ღმერთი". ამ თვალსაზრისით, ღვთის ცნება არის სიმბოლო როგორც მორწმუნეთათვის, ისე მათთვისაც, ვისაც არ სწამს ღმერთი, მაგრამ არ უარყოფს პასუხისმგებლობას- მათ შორის, სინდისის წინაშე პასუხისმგებლობას.

ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის აღიარებით კონსტიტუცია ეწინააღმდეგება ადამიანური გონის თვითგაღმერთებას. საშიშია ისეთი პოლიტიკური და სულიერი კონსტრუქცია, რომელიც დასცინის ღმერთის წინაშე რიდის თეზას, ან უარყოფს ათასწლეულების კულტურული ისტორიის სიმბოლოებს და განვითარებას განიხილავს მხოლოდ ყოველდღიურობის მიმდინარე, ყოფითი პრობლემების ჭრილში (Udo die Fabio) ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი თეზა არის პოზიტიური გონების თეორიული აბსოლუტიზმის უარყოფა, რომელიც ბატონობს ჩვენს გონებაზე როგორც რაციონალიზმი (Klaus Schlaich). პასუხისმგებლობის დეფიციტმა შესაძლოა საბედისწერო შედეგი იქონიოს პოლიტიკური წესრიგისათვის. იქ სადაც პარალიზებულია სოციალური კონტროლის ინსტიტუტები, ადამიანის ქცევა უკვე არაპროგნოზირებადი ხდება.

სახელმწიფო უნდა იყოს რელიგიისაგან გამიჯნული. რელიგიისაგან გამიჯნული სახელმწიფო, ამავე დროს, არ ნიშნავს "უღმერთო სახელმწიფოს". ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა მუდმივად შეგვახსენებს ტოტალიტარული სახელმწიფოს მიერ ადამიანობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ "უღმერთო დანაშაულებს". ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა უარყოფს "ყოვლისშემძლე სახელმწიფოს" იდეას. სახელმწიფოს ფაქტობრივი შესაძლებლობები ზღვარდადებულია ღვთისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობით. ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა, ამავდროულად, აფუძნებს დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის უფლებასაც. ადამიანებს აქვთ უფლება დაუპირისპირდნენ არა-ადამიანურ, არა-ჰუმანურ და ტოტალურად უსამართლო სახელმწიფო რეჟიმებს.

ღვთისადმი აპელირება აყალიბებს ავტარკიული და ტოტალიტარული რეჟიმებისაგან დაცვის ერთგვარ გარანტიას. თუმცა, მხოლოდ რწმენა ვერ დაგვიცავს ტოტალიტარიზმისაგან. ძალადობა ხშირად განხორციელებულა რელიგიის სახელით და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება რელიგია ინსტრუმენტალიზებულ იქნეს კონფლიქტის პროვოცირებისა და ტერორის "ლეგიტიმაციისათვის".

ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა მოითხოვს არამარტო პოლიტიკისა და რელიგიის გამიჯვნას, არამედ რელიგიური ფანატიზმის დაძლევასაც. არანაკლებ საშიშია ფუნდამენტალიზმიც. ფუნდამენტალიზმი ესწრაფვის საზოგადოების რთული, კომპლექსური ურთიერთობების გამარტივებას და ცდილობს მკაფიო "ფრონტის ხაზი" გაავლოს "ჩვენიანსა და "არა-ჩვენიანს" შორის. ასეთი მიდგომა არ ტოვებს თავისუფალ ადგილს დისკურსის, კრიტიკისა და განსხვავებული შეხედულებისათვის. ფუნდამენტალიზმი შეიძლება უმრავლესობიდანაც მოდიოდეს. ქრისტე სწორედ უმრავლესობამ აცვა ჯვარს და ასევე უმრავლესობამ გაცვალა ის ბარაბაში. საზოგადოებრივი აზრიდან მომდინარე წნეხის დაძლევა უფრო რთულიც არის, ვიდრე სახელმწიფოს ტოტალიტარული სტრუქტურებისა. ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის კონსტიტუციური კონსტრუქცია ასეთი ტოტალიტარიზმის პრევენციასაც ემსახურება.

II. კონსტიტუციის ინტეგრაციული ფუნქცია

კონსტიტუციის მიზანია სოციალური მშვიდობა და ერთიანობა. ძირითადი კანონი ესწრაფვის სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციას, და არა იზოლაციას ან გამიჯვნას.

საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, სადაც რელიგია და სახელმწიფო გამიჯნულია ერთმანეთისაგან. ამავე დროს, "გამიჯნული" არ ნიშნავს "დაპირისპირებულს". სეკულარული სახელმწიფო არ არის "ათეისტური სახელმწიფო". ლაიცისტური სახელმწიფოებიც არ არიან აბსოლუტურად გულგრილი და ინდიფერენტული რელიგიის მიმართ. სახელმწიფო უნდა იყოს რელიგიურად და მსოფლმხედველობრივად ნეიტრალური. ნეიტრალურობა მოითხოვს, რომ სახელმწიფო ვერ ჩაერევა რელიგიურ და მსოფლმხედველობრივ დავებში და ვერ იქნება მხარე. ამავე დროს, სახელმწიფო არ უნდა უწყობდეს ხელს ლაიციზმს ან რელიგიისადმი მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

ღვთისადმი მიმართვით კონსტიტუცია არავის აიძულებს აღიაროს ღმერთი და არც არავის ართმევს ღმერთს. ღვთისადმი აპელირებას არ აქვს ხელისუფლების ლეგიტიმაციის ფუნქცია. თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების ისტორია იწყება სწორედ იმ დროიდან, როდესაც რელიგიამ დაკარგა სახელმწიფოს ლეგიტიმაციის ფუნქცია (Böckenförde).

სახელმწიფოს ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა საქართველოს ხალხი, რომელიც მოიცავს იმ ნაწილსაც, ვისაც ღმერთი არ სწამს. კონსტიტუცია საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი კანონია, მიუხედავად მათი რელიგიური რწმენისა და აღმსარებლობისა. კონსტიტუცია ერთდროულად იცავს ქრისტიანების, მუსულმანების, ებრაელების ღმერთსაც. ძირითადი კანონი უნდა ასრულებდეს თვითიდენტიფიკაციის ფუნქციას თითოეული მოქალაქისათვის, მიუხედავად იმისა, არის ის მორწმუნე, ათეისტი თუ აგნოსტიკოსი. კონსტიტუციით დადგენილ წესრიგში ყველამ, მორწმუნემ და არამორწმუნემაც, თავი უნდა იგრძნოს როგორც საკუთარ სამშობლოში.

კონსტიტუციაში მოხსენიებული ღვთის იდეა აბსტრაქტულია. დისკრიმინაციული იქნებოდა კონსტიტუციის ტექსტში მხოლოდ ქრისტიანული ღმერთის მოხსენიება. თუმცა, ისტორიული განმარტების გზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოს ძირითადი კანონი "ღვთის" ქვეშ მოიაზრებს ქრისტიანულ ღმერთს. ისტორიულად, ქრისტიანობამ დიდი როლი შეასრულა ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში. საქართველოს კონსტიტუციაც აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში.

რწმენის თავისუფლება არ ნიშნავს უარის თქმას ეროვნულ იდენტობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე. ტოლერანტობა არ მოითხოვს, რომ გულგრილი იყო საკუთარი სულიერი და რელიგიური ფესვების მიმართ. "სახელმწიფოს, რომელიც უზრუნველყოფს რწმენის თავისუფლებას და არის რელიგიურ მსოფლმხედველობრივად ნეიტრალური, არ შეუძლია მოწყდეს ისტორიულად ჩამოყალიბებულ ღირებულებით წარმოდგენებს, რომელსაც ეფუძნება საზოგადოების ერთიანობა. ქრისტიანული რწმენა და ქრისტიანული ეკლესიები...(საზოგადოების) უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია" - აღნიშნულია გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

III. ღმერთის იდეა ევროპულ კონსტიტუციებში

დასავლეთ ევროპის 7 სახელმწიფოს თანამედროვე კონსტიტუცია შეიცავს მითითებას ღმერთზე. ღმერთისადმი მიმართვის ფორმის მიხედვით განასხვავებენ ნომინატიო დეი და ინვოცატიო დეი-ს. ნომინატიო დეი-ს სახით კონსტიტუციაში ღმერთის სახელი მხოლოდ მოხსენიებულია, ხოლო ინვოცატიო დეი -ს სახით მიმართვა ხორციელდება ღმერთის სახელით. ინვოცატიო დეი გვხვდება სამი ევროპული ქვეყნის კონსტიტუციაში- შვეიცარია, ირლანდია და საბერძნეთი. შვეიცარიის კონსტიტუცია, მაგალითად, გამოცხადებულია "ყოვლისშემძლე ღმერთის სახელით!"

ევროპული კონსტიტუციები, როგორც წესი, პირდაპირ არ მიუთითებენ, თუ რომელ ღმერთს გულისხმობენ- ქრისტიანულს, თუ ზოგადად ღმერთს როგორც უზენაეს არსებას. ამ მხრივ, გამონაკლისია ირლანდიის კონსტიტუცია, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იესო ქრისტეზე. საბერძნეთის კონსტიტუციაც, ასევე, მიუთითებს ქრისტიანულ ღმერთზე.

ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტზე მუშაობისას ბევრი ქვეყანა მოითხოვდა ტექსტში ყოფილიყო მითითება ღმერთზე, ან ევროპის ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე. საბოლოოდ, გაიმარჯვა საფრანგეთის პოზიციამ, რომელმაც მისი ლაიცისტური ტრადიციების გათვალისწინებით უარყო ღმერთზე ან ქრისტიანობაზე მითითების აუცილებლობა.

თანამედროვე პოლიტიკური საზოგადოება ერიდება თეოკრატიულ მიდგომებს და ცდილობს მისგან დისტანცირებას, ხოლო სამართალი ესწრაფვის ერთგვარ ემანსიპაციას მისი თეოლოგიური და ისტორიული ფესვებისაგან. "პოლიტიკა ტრადიციისა და ტრანსცენდენტურის გარეშე"- შეიძლება ასე ეწოდოს ამ ტენდენციას, რომლის მიმდევრებიც (მათ შორის, თეოლოგების ნაწილიც) მოითხოვენ ღმერთის ცნების ამოღებას ყველა სახელმწიფო დოკუმენტიდან. ეკლესიის კრიტიკა არ განიხილება როგორც ღმერთის კრიტიკა. რწმენა არის პირადი, კერძო საქმე და მას არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკასთან- ასეთია ამ მიმართულების ძირითადი არგუმენტი.

ამ მიდგომების პარალელურად ძლიერდება საწინააღმდეგო ტენდენციაც. სულ უფრო აქტიურად განიხილება არამარტო ის, თუ რამდენ რელიგიას "აიტანს" საზოგადოება, არამედ ისიც, თუ რელიგიურობის რა მინიმალური დოზაა აუცილებელი საზოგადოების გადარჩენისათვის ( ინვოცატიო დეი ). სამართლებრივი ინსტიტუტების კვლევის პროცესში აქტიურად არის ჩართული თეოლოგიურ-ისტორიული, ღირებულებითი და სულიერი საწყისების კვლევაც. არ უნდა დავივიწყოთ ადამიანის უფლებების ქრისტიანული და ბიბლიური ძირებიც. განსაკუთრებით ეს ეხება სიცოცხლის უფლებას, ადამიანის ღირსებას... ადამიანის ღირსების მეტა-იურიდიული ბუნების გათვალისწინების გარეშე საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა მისი ეფექტური დაცვა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია