რა ხდება "მაესტროში"? - დღის მოვლენების შეჯამება

რა ხდება "მაესტროში"? - დღის მოვლენების შეჯამება

"მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში დღეს ახალი მოქმედი პირი გამოჩნდა: გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, ასესხა 50 მილიონი ძმებ გია და ლევან გაჩეჩილაძეებს, რომლებმაც "მაესტროს" 55 %-იანი წილის შეძენა მოახერხეს. ირაკლი რუხაძე თბილისის აეროპორტში ექსკლუზიურად ჩაწერა 2030-მა. ინტერვიუში რუხაძემ მისი ჩამოსვლა "მაესტროს" მოვლენებს არ დაუკავშირა და აღნიშნა, რომ "საქართველოში ცხოვრობს და ამიტომ ჩამოვიდა".

ბიზნესმენის განცხადებით, მან გია გაჩეჩილაძეს ფული პროცენტით ასესხა და დარწმუნებულია, რომ ფულს დაუბრუნებს. მისივე თქმით, "კარგა ხანია "მაესტროს" ყიდის კოტე გოგელია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გოგელია 5 ნახევარ მილიონს ითხოვს, რაზეც უცნობი არ თანხმდება, ეს არის და ეს. ვერ თანხმდებიან და იმიტომ ატყდა ერთი ამბავი. აბსოლუტურად ნორმალური პროცესია".

ამასთან, დღის პირველ ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრს დღეს მიმართავდა. როგორც "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განაცხადა, გაჩეჩილაძე კრების ოქმს, რომლის მიხედვითაც იგი დირექტორად აირჩიეს, ჯერ ნოტარიულად დაამოწმებს, შემდეგ კი გარკვეული პროცედურების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში ოფიციალურად დაარეგისტრირებს. "სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ლევან გაჩეჩილაძე შეუდგება დირექტორის მოვალეობის შესრულებას", - განაცხადა კორძახიამ.

თუმცა, სანამ "გრეჩიხა" რეესტრს დირექტორად დარეგისტრირებისთვის მიმართავდა, "მაესტროს" გათავისუფლებულმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ჯერ სასამართლოს მიმართა, რომ ბათილად ეცნო "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმი ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის თაობაზე, შემდეგ კი

მიმართა საჯარო რეესტრს, რათა გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორად არ დაარეგისტრირონ. როგორც განცხადების შეტანის შემდეგ გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ მოხდეს გაჩეჩილაძის დარეგისტრირება მანამ, სანამ არ მოხდება სასამართლოს მიერ მისი სარჩელის განხილვა ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე და მისი ადვოკატი ირაკლი კორძახია "მაესტროში" მისვლას მეურვესთან (გია გაჩეჩილაძე) ერთად აპირებენ. ბაია გადაბაძის თქმით, მეურვეს შენობაში შესვლის უფლება გააჩნია, თუმცა მის თანმხლებ პირებს პრობლემა შეექმნებათ, თუკი ისინი სასაუბროდ არ არიან მისულები.

"ჩვენ არ გვაქვს მეურვის შენობაში არშეშვების უფლება. ნუ შეასრულებს მეურვე "ტროას ცხენის" ფუნქციას. მეურვეს პრობლემა არ შეექმნება, სასაუბროდ თუ მოდიან, არც დანარჩენებს შეექმნებათ შენობაში შემოსვლაში პრობლემები", - განაცხადა ბაია გადაბაძემ. როგორც მან აღნიშნა, თუკი გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად დარეგისტრირდება, მას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული ფართი "მაესტროსთვის", "არსებულ შენობაში კი შეხვედრების ოთახს მიღმა მისთვის ზღურბლი იარსებებს".

თავის მხრივ, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე განცხადების გავრცელებას აპირებს, სადაც "ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული". "გავაკეთებ განცხადებას, სადაც შევეცდები განვმარტო ყველაფერი - თუ რა არის ჩემი ინტერესი, რა შეიძლება იყოს "იმედის" ინტერესი და ასე შემდეგ", - განაცხადა რუხაძემ.

ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებთან კოტე გოგელიასთან მიმოწერაზეც გააკეთა მცირე კომენტარი. "არ ვარ მიჩვეული კომერციულ გარიგებებზე საუბარს. კოტე გოგელია ითხოვდა 9,5 მილიონს, ჩვენ ვთავაზობდით 7,5 მილიონს. დღეს კოტე ითხოვს 5,5-ს 30 პროცენტში, თუ არ ვცდები ბაჩო კიკაბიძის წილის გასხვისებაში. მე კოტეს ველაპარაკე 7-8-ჯერ, ორი კვირის განმავლობაში და მაშინ რომ დათანხმებოდა "უცნობი" ამ თანხას, არავის გეცოდინებოდათ ახლა ეს ამბები", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ მედიასთან.

სანამ გაჩეჩილაძე-გადაბაძე-ასათიანი-რუხაძე "მაესტროს" მფლობელობის საქმეს არკვევენ, ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ფეისბუქით ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ "არ აპირებს, სახელწოდება "მაესტრო" ვინმეს დაუთმოს": "ოფიციალურად ვაცხადებ, რომ "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებში მე არ წარმოვადგენ არც ერთ დაპირისპირებულ მხარეს, ასევე არ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა, რომ მე გავყიდო ჩემს მფლობელობაში არსებული 6.25% წილი. "მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომლითაც ასე ამაყობენ "მაესტროს" ახალი თუ ძველი ჟურნალისტები, რომლითაც სამართლიანად სარგებლობს მაყურებელი, მოპოვებული და დამკვიდრებულია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პრინციპული ბრძოლისა და თავდადების შედეგად.

მე არ ვაპირებ მატერიალურ ღირებულებად ვაქციო ის, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება "მაესტრო". და თუ სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ჩემზე მეტი მატერიალური ან რამე სხვა საშუალები აქვთ, იძალადებს ჩემზე და უსამართლოდ წამართმევს ამას ყველაფერს, ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლაში, ომს ვერასდროს მოიგებს მოძალადე", - წერს მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია