ახალი სკანდალი ირაკლი რუხაძის გარშემო: "2012 წლიდან დღემდე 1200 კაცი დატოვა უმუშევარი"

ახალი სკანდალი ირაკლი რუხაძის გარშემო: "2012 წლიდან დღემდე 1200 კაცი დატოვა უმუშევარი"

"სალფორდ ჯორჯიას" ხელმძღვანელი და ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ირაკლი რუხაძე, რომელიც მას შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ, რაც "მაესტროს" მთავარ ინვესტორად მოგვევლინა, შესაძლოა ახალ სკანდალში გაეხვეს. ამჯერად, მის წინააღმდეგ პრეტენზიები რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს აქვთ. ერთ-ერთმა მათგანმა, ბესარიონ მხეიძემ 10 თებერვალს ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა ამის შესახებ: "დღეს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან კიდევ 300 კაცი გაათავისუფლეს. ამის ფონზე რუხაძე "მაესტროს" გადარჩენისთვის გასცემს მილიონებს და მეტალურგია იძირება. ეს ის რუხაძეა, მეტალურგიის მთავარი მმართველი, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე 1200 კაცი დატოვა უმუშევარი".

დეტალებზე სასაუბროდ AMBEBI.GE რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ინჟინერ-სპეციალისტს ბესარიონ მხეიძეს დაუკავშირდა: "2012 წელს, რუსთავის მეტალურგიულში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, ჯამში, 1100 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ხელმძღვანელობა ამტკიცებს, მხოლოდ დროებით შვებულებაში ვუშვებთ თანამშრომლებსო, მაგრამ შვებულებიდან ქარხანაში დაბრუნებული ჯერ არავინ მინახავს. 2011 წლიდან მეტალურგიულს ირაკლი რუხაძე მართავს. ამ ადამიანს პირადად არასოდეს შევხვედრივარ, ისიც კი არ ვიცი, ქარხანაში ნამყოფია თუ არა, როგორც წესი, რუხაძე ჩუმად მოქმედებს. ხელმძღვანელად ისეთი ადამიანები ჰყავს დანიშნული, მის გარეშე ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებენ. დღეს ეს ადამიანი ტელევიზიის თანამშრომლებზე ზრუნავს? იქნებ, სხვა კომპანიის თანამშრომლების ბედზე დარდს, სჯობდეს საკუთარ თანამშრომლებს მოუსმინოს მაინც?!"

- რა მოთხოვნები გაქვთ მეტალურგიულის თანამშრომლებს?

- არა მგონია ჩვენზე ნაკლებ ხელფასს საქართველოში რომელიმე კომპანიის თანამშრომელი იღებდეს. მუდმივად დაძაბულები ვართ, ვის როდის გამოიძახებენ და სამსახურიდან გაუშვებენ, არავინ იცის. ვინც ხელფასის მომატება მოითხოვა, ყველა გაათავისუფლეს, მათ შორის, მთავარი სპეციალისტებიც. დედაჩემი და მამაჩემიც წლების განმავლობაში ქარხანაში მუშაობდნენ. მამაჩემი მთავარი სპეციალისტი იყო, მაგრამ 2012 წლის არჩევნებამდე პოლიტიკური პოზიციის გამო გაათავისუფლეს.

- მხარს რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერდა?

- პოლიტიკურად დაძაბული ფონის გამო, კომპანიაშიც ადამიანებს პარტიული შეხედულებებით არჩევდნენ. ჩემი ოჯახი ე.წ. შავ სიაში ჩაწერეს იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ღიად აკრიტიკებდა. ისე, კარგი იქნება თუ გაარკვევთ, ვისთან მეგობრობდა ირაკლი რუხაძე 2012 წლის არჩევნებამდე. ხელისუფლების შეცვლამდე, ირაკლი რუხაძემ ქარხნის მმართველებად "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ლაშა პაიჭაძე და ნინო ჩიხლაძე დანიშნა. 2012 წლის შემოდგომის შემდეგ კი, ისინი ხელმძღვანელ თანამდებობებს ჩამოაშორა. როგორც ამბობენ, ირაკლი რუხაძემ პაიჭაძე და ჩიხლაძე "ლიბერთი ბანკში" დაასაქმა. შესაძლოა, ამ განცხადების შემდეგ სამსახურიდან მეც გამათავისუფლონ...

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით AMBEBI.GE ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებას ცდილობს, რომლის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: "მაესტროს" ინვესტორი და პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი - ვინ არის ირაკლი რუხაძე?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია