დღეს მას ხშირად სამკაულად იყენებენ... - რა უნდა იცოდეს სკვნილის შესახებ მორწმუნემ

დღეს მას ხშირად სამკაულად იყენებენ... - რა უნდა იცოდეს სკვნილის შესახებ მორწმუნემ

ხშირად საერო პირისთვის ხელზე სამკაულის ფუნქციით სკვნილი შემინიშნავს, თან, ისეთ სიტუაციასა და გარემოში, მიფიქრია, ნეტავ, რა საჭიროა ასეთი თვალთმაქცობა-მეთქი?! თუმცა ბევრმა არა მარტო სკვნილის, უამრავი ნივთისა თუ საგნის დანიშნულებისა და გამოყენების შესახებ არაფერი იცის და ე.წ. "მოდას" ბრმად არის აყოლილი.

სასულიერო პირები დიდხანს დავობდნენ იმაზე, ჰქონდა თუ არა საერო პირს მისი ტარების უფლება, საბოლოოდ, ერისკაცს აქვს ამის ნებართვა, ოღონდ, მოძღვრის კურთხევით, თუმცა ნებართვა განსაზღვრული ჩარჩოებიდან გასვლას არ გულისხმობს...

აი, რას მოგვითხრობს სკვნილის ისტორია, რომლის ავტორად სამონასტრო ცხოვრების ფუძემდებელი - პახუმი დიდი სახელდება. მონასტერში, სადაც ის მოღვაწეობდა, წერა-კითხვის უცოდინარი ბერებიც ცხოვრობდნენ, რომლებიც იესოს ლოცვას ზეპირად ამბობდნენ. პახუმი დიდმა მათ ყოველდღე რამდენჯერმე აღსასრულებლად იესოს ლოცვა დაუდო, რისთვისაც დათვლა იყო აუცილებელი, ამიტომ ნასკვებიანი თოკი მისცა. სწორედ ის თოკი გახლდათ თანამედროვე სკვნილის წინამორბედი, მას მართლმადიდებლები სულიერ მახვილად და ხსნის კიბედ მიიჩნევენ. საღვთო სწავლების მიხედვით, მონაზონი სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს ბოროტს. მისი სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა, რომელიც შედგება - ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით.

მას ლოცვისას უმეტესად ბერ-მონაზვნები იყენებენ, რომელზეც აღსრულდება უმთავრესად, იესოს ლოცვა - "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", რასაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს. მამების გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა მონაზონს მადლსა და შემწეობას სძენს.

მორწმუნეები სკვნილს ატარებენ - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად, მაგრამ საერო პირისთვის მისი ტარება სავალდებულო არ არის. მასზე ლოცვა მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ ხდება შესაძლებელი. მასზე თამაში არ შეიძლება, რადგანაც სახიფათოდ გამოსაყენებელი სიწმინდეა. მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ სკვნილი სამკაული არ არის.

როგორც ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ნინო ღამბაშიძე თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს, საბჭოთა წლებში კრიალოსანს (ბერძნული სიტყვებისგან არის წარმოქმნილი - "კირიე ელეისონ", რაც ქართულად "უფალო, შეგვიწყალენ" ნიშნავს) სამკაულის სახით იყენებდნენ, რაც ლოცვების დასათვლელი სკვნილია. საბჭოთა პერიოდში, როცა კომუნისტები სარწმუნოებას დევნიდნენ, უმრავლესობამ ღმერთი დაივიწყა, ლოცვა და სკვნილი საჭირო აღარ იყო. ამიტომ სკვნილი სამკაულად, თავშესაქცევ ნივთად იქცა: ქვის ბურთულებისგან დამზადებული სკვნილის პატრონი თითო ბურთულის ერთი ხელიდან მეორეში გადატანით ერთობოდა...

სკვნილის შესაქმნელად იყენებენ შალის ძაფს, თუმცა სხვა ძაფსა თუ მასალასაც (ფინიკის, ზეთისხილის კურკები, სადაფისა და გიშრის თვლები, ძვალს, ხეს, ღვთისმშობლის ცრემლებს) იყენებენ. გადმოცემით, თითოეული ნასკვის მოქსოვისას მქსოველი ქრისტეს ეკლის გვირგვინს წნავს. სკვნილი აუცილებლად ჯვრით უნდა ბოლოვდებოდეს, ან ზედ გარკვეული ფორმის ჯვარი უნდა იყოს მოთავსებული. ხანდახან ჯვარი ფოჩებით ბოლოვდება.

მთავარია, რომ მისი გამოყენება მოძღვრის კურთხევის გარეშე არ შეიძლება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია