პორტუგალია-საქართველო 3:29 - "ბორჯღალოსნები" ვერც ქარმა და წვიმამ გააჩერა

პორტუგალია-საქართველო 3:29 - "ბორჯღალოსნები" ვერც ქარმა და წვიმამ გააჩერა

13 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშების მეორე ტურის მატჩში სტუმრად პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მილტონ ჰეიგის გუნდმა დამაჯერებლად, ბონუს-ქულით, ანგარიშით 29:3 გაიმარჯვა.

ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე თამაშის ხარისხს გარკვეულწილად დაღი ცუდმა კლიმატურმა პირობებმა - ძლიერმა ქარმა და წვიმამ დაასვა. მიუხედავად ამისა, "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ბონუს ქულით გაიმარჯვეს.

ანგარიში მხოლოდ მე-20 წუთისთვის გაიხსნა, როდესაც მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა. მანამდე კი, მე-12 წუთზე მსაჯმა დავით ქუბრიაშვილი გააძევა.

მასპინძლებს გასათანაბრებლად სულ ორი წუთი დასჭირდათ - საპირისპირო მხარეს ჯარიმა ზუსტად ნუნუ სოუზა-გედეშმა შეასრულა.

პირველი ლელო "ბორჯღალოსნებმა" 31-ე წუთზე 30-მეტრიანი მოლით დადეს, რასაც კაცნაკლულმა პორტუგალიელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. ბურთი გიორგი თხილაიშვილმა დაამიწა. კვირიკაშვილმა კი ძლიერი ქარის გამო ვერ გარდასახა - 3:8.

ტაიმის დასრულებამდე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ მოასწრეს ლელოს დადება. ვასილ ლობჟანიძემ ხაზი გაჭრა და მერაბ კვირიკაშვილს გაატანინა. "მეკომ" თავადვე გარდასახა - 3:15.

მეორე ტაიმი პრაქტიკულად, "ბორჯღალოსნების" ლელოთი განახლდა - ჩვენი შეტევა მე-2 წუთზე ზურაბ ჟვანიამ დააგვირგვინა, "მეკომ" კი გარდასახა - 3:22.

66-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა ბონუს-ქულის მომტანი, მეოთხე ლელოც გაიტანეს, რაშიც უდიდესი წვლილი ალექსანდრე თოდუას მიუძღვის. სამი მეტოქის ჩამოტოვების შემდეგ ბურთი ლევან შარიქაძეს გადააწოდა, რომელმაც პორტუგალიელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. კვირიკაშვილმა გარდასახა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში დაფიქსირა - 3:29.

თამაშის ბოლო წუთებზე პორტუგალიელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

ამრიგად, "ბორჯღალოსნები", რომლებსაც მაქსიმალური - 10 ქულა აქვთ, რჩებიან ევროპის ერთა თასის სატუნრირო ცხრილის სათავეში. ტურნირზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 27 თებერვალს თბილისში, ვაკის სტადიონზე, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

sportall.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია