რას სთავაზობს მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს

რას სთავაზობს მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს

მაკა ასათიანს ძმებ გაჩეჩილაძეებთან ახალი შეთავაზება აქვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, თუკი იქნება დამაკმაყოფილებელი რეაბილიტაციის გეგმა წარმოდგენილი, ასათიანი მხარს დაუჭერს რეაბილიტაციას და უარს იტყვის ტელეკომპანიის გაკოტრების კუთხით მოვლენების განვითარებაზე. გვენეტაძის განცხადებით, გაჩეჩილაძეები თუკი სიმბოლურად ერთი ლარის ჩარიცხვით კრედიტორად დაფიქსირდებიან, მონაწილეობას მიიღებენ გადახდისუუნარობის საქმეში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს.

ადვოკატის თქმით, მაკა ასათიანს სურს, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში არასამთავრობოები და ექსპერტები ჩაერთონ. "რეაბილიტაციის გეგმისთვის გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნა აუცილებელი არ არის. ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება და არ არის საჭირო დაველოდოთ. წარმოადგინონ გეგმა, უნდა გამოირიცხოს ეჭვი, რომ ვინმეს განზრახ სურს "მაესტრო" გაკოტრებულად გამოცხადდეს", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

იხილეთ ვიდეო

ადვოკატმა "მაესტროს" ჟურნალისტებსაც შესთავაზა სიმბოლურად ერთი ლარის ჩარიცხვით კრედიტორები გახდნენ, იქცნენ მხარედ და სასამართლოში მიმდინარე პროცესში ჩართვის საშუალება ჰქონდეთ. გვენეტაძემ განმარტა, რომ თუკი გაჩეჩილაძეები და "მაესტროს" ჟურნალისტები მის შეთავაზებას მიიღებენ, ეს უნდა მოხდეს უახლოეს ხანში, რადგან 19 თებერვალს კრედიტორთა კრებაა დანიშნული.

"იმედი გვაქვს, რომ გაჩეჩილაძეები აღნიშნულს გამოეხმაურებიან", - აღნიშნა გვენეტაძემ და განმარტა, რომ მაკა ასათიანის მხარე რჩება პოზიციაზე, რომლის მიხედვით "მაესტროს" 30%-იანი წილის მფლობელი რეალურად, "იმედის" მენეჯერი ირაკლი რუხაძეა.

ადვოკატის თქმით, ამ მიმართულებით მაკა ასათიანის მხარე კონკურენციის სააგენტოს მიმართავს მოთხოვნით, რომ დაფიქსირდეს არის თუ არა "იმედის" მენეჯერი ირაკლი რუხაძე და შეიძინა თუ არა მან "მაესტროში" 30%.

შეთავაზებას პოპულისტურ განცხადებად აფასებენ გაჩეჩილაძეები. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძეების ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა, ასათიანის ადვოკატის შეთავაზებაა, რომ "მაესტროს" რეაბილიტაციის გეგმა წარადგინოს სასამართლოში, რეაბილიტაციის გეგმის ნაწილი კი, სწორედ გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნაა.

"თუ გულწრფელები არიან და არ სურთ ტელეკომპანიის გაკოტრება, ხელი არ უნდა შეუშალონ "მაესტროში" ახალი მენეჯმენტის შესვლას. როდესაც რეაბილიტაციის გეგმაზე საუბრობენ, სწორედ ამ გეგმის ნაწილია, ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნა, რათა მან მოაგვაროს ტელეკომპანიის ის პრობლემები, რაც არაეფექტურმა მენეჯმენტმა შექმნა და "მაესტრო" გაკოტრებამდე მიიყვანა", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია