ავტორი:

"ჩვენ მორალურ პასუხისმგებლობას ვაყენებთ წინ" - რატომ გადაწყვიტა "პალიტრა მედიამ" ონლაინკაზინოების რეკლამის აკრძალვა

"ჩვენ მორალურ პასუხისმგებლობას ვაყენებთ წინ" - რატომ გადაწყვიტა "პალიტრა მედიამ" ონლაინკაზინოების რეკლამის აკრძალვა

რამდენი ოჯახი დაანგრია აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებამ, რამდენ ადამიანს უბიძგა დანაშაულისკენ, რამდენმა ჩვენმა თანამოქალაქემ ვეღარ შეძლო "თამაშის მძევლობასთან" გამკვლავება და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ არაოფიციალური სტატისტიკა, მართლაც კატასტროფულია - ლამის ყოველი მეორე თვითმკვლელობა, სწორედ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას უკავშირდება, დანგრეულ და მოთამაშის მიერ გაღატაკებულ ოჯახებს კი ვინ მოთვლის...

საქმე სხვადასხვა ადამიანებს ეხებათ, სხვადასხვა ქალაქებიდან, სხვადასხვა სამეგობრო წრითა თუ სოციალური მდგომარეობით. თუმცა, ყველა ისტორია ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს - ადამიანი ჯერ გართობისა თუ "ორი კაპიკის" შოვნის მიზნით იწყებს თამაშს, შემდეგ ეს მისი ცხოვრების წესი ხდება, აგებს და ფული არ ჰყოფნის, იღებს ვალებს, ოჯახიდან ყიდის ნივთებს, ზოგჯერ იპარავს, ზოგჯერ ყაჩაღობს კიდეც, უცხოვდება გარშემომყოფების მიმართ, აღარავის სურს მასთან ურთიერთობა და ბოლოს ეს ადამიანი თავის პრობლემებთან მარტო რჩება...

საგანგაშოა, რომ ისინი ძირითადად, ახალგაზრდები, ხშირად, არასრულწლოვნებიც არიან. მათ მეგობრები და ოჯახის წევრები ვერ შველიან, რადგან ტრაგედიების დიდი ნაწილი სწორედ ონლაინკაზინოებს, ონლაინბეთებს უკავშირდება, სადაც ფიზიკურად ვერ აღკვეთ, რომ შენმა ახლობელმა არ ითამაშოს - ამისთვის მას სჭირდება ნებისმიერი პირადობის მოწმობა და ნებისმიერი კომპიუტერი. თუმცა, ეს პრობლემა რომ მისახედია, ფაქტია და ალბათ, ამაში საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

ერთ-ერთი მთავარი როლი კი მედიასაშუალებებს ეკისრებათ. სწორედ ამიტომ "პალიტრა მედიამ" გადაწყვიტა, აღკვეთოს პირველი, რაც ადამიანს თამაშისკენ უბიძგებს - რეკლამა! 15 თებერვლიდან "პალიტრა მედია" საკუთარ მედიასაშუალებებში ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამირებას აღარ მოახდენს.

ამ ინიციატივის დეტალებზე "პალიტრა მედიის" სარეკლამო განყოფილების ინტერნეტმიმართულების ხელმძღვანელი თეა თაბაგარი გვესაუბრება:

- ლუდომანია (თამაშზე დამოკიდებულება) უკვე თითქმის ყველა ოჯახის პრობლემა გახდა. ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰყავს მეგობარი, ახლობელი ან ნათესავი, რომელიც ამ სენით არის დაავადებული. ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ადამიანს თამაშისკენ უბიძგებს, ონლაინკაზინოების თუ ონლაინბეთების რეკლამაა. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამაზე შეკვეთას აღარ მივიღებთ და აღარ წავახალისებთ მსგავს ბიზნესს.

- სარეკლამო შემოსავალზე უარის თქმა ალბათ, რთული გადაწყვეტილებაა...

- რა თქმა უნდა, რადგან ჩვენი მედიასაშუალებების ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალი სწორედ სარეკლამო თანხებია. თუმცა, რადგან ეს პრობლემა ასე მწვავეა და ადამიანის სიცოცხლესაც კი უკავშირდება, ჩვენ სწორედ მორალურ სოციალურ პასუხისმგებლობას ვაყენებთ წინ და არა ფინანსურ შემოსავალს. მიუხედავად იმისა, რომ 2014-15 წლების განმავლობაში, ამ სფეროდან "პალიტრა მედიას" შემოსავალი რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენდა, შეგნებულად ვამბობთ უარს ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამირებაზე. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვამაყობთ და ვთვლით, რომ პირველ რიგში ჩვენ თავთან ვართ მართლები.

- რატომ ეხება "პალიტრა მედიის" სარეკლამო მორატორიუმი მხოლოდ ონლაინკაზინოებსა და ონლაინბეთებს და არა რეალურ კაზინოებს?

- რეალურ კაზინოებთან დაკავშირებით რეგულაციები ბევრად ეფექტურად მუშაობს. კერძოდ, იქ არასრულწლოვანს არ უშვებენ, თამაშზე დამოკიდებული ადამიანის ოჯახის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმართონ კაზინოს და ის "შავ სიაში" შეიყვანონ და ა.შ. ონლაინ კაზინოების შემთხვევაში კი დარეგისტრირება ნებისმიერი ადამიანის პირადობის მოწმობითაა შესაძლებელი. შესაბამისად, ის არასრულწლოვნებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება და მას ვერანაირი მექანიზმით ვერ შეუზღუდავ თამაშს.

- თქვენი აზრით, "პალიტრა მედიას" ინიციატივას სხვა მედიაკომპანიებიც შეუერთდებიან?

- პირველ რიგში, იმედი გვაქვს, ჩვენი ნაბიჯი იქნება ერთ-ერთი ბიძგი იმისთვის, რომ საზოგადოება, ჩვენ ყველანი, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, როგორ შევამციროთ თამაშზე დამოკიდებული მოქალაქეების რიცხვი და ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები. ალბათ, დროთა განმავლობაში ჩვენს ინიციატივას სხვა ორგანიზაციებიც გამოეხმაურებიან, რადგან ეს ჩვენი საერთო პრობლემაა და ცალ-ცალკე მისი დამარცხება გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი სიტყვა მთავრობას ეკუთვნის. პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააჟღერა, რას ფიქრობს ამ სფეროს გარკვეულწილად შეზღუდვაზე. ჩემი აზრით, ეს ძალიან საჭირო და აუცილებლად გასაკეთებელია.

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

BTU-ს სტუდენტების ახალი პროექტი მონასტრებში ნაწარმ პროდუქციას ერთ ონლაინმაღაზიაში გააერთიანებს