დაბინძურებული წყალი და პოლიეთილენით მოფენილი ლილო - თბილისის ნაგავსაყრელის მოუგვარებელი პრობლემა

დაბინძურებული წყალი და პოლიეთილენით მოფენილი ლილო - თბილისის ნაგავსაყრელის მოუგვარებელი პრობლემა

უკვე წლებია, თბილისის მთავარი ნაგავსაყრელი ლილოს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. აუტანელი სუნი, მომრავლებული ფრინველები, წყლის არხის დაბინძურების საფრთხე - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც სოფელ ნორიოსა და დიდი ლილოს მოსახლეობა საუბრობს.

პრობლემის შესახებ, AMBEBI.GE-ის "ფეისბუქის" გვერდზე მოქალაქეებიც გვწერენ: "პოლიეთილენის პარკები და სხვა უამრავი ნაგავი იყრება ზემო სამგორის მაგისტრალურ არხში, რომელიც მდებარეობს ნაგავსაყრელის მიმდებარედ და ეს წყალი თავის პოლიეთილენის ნაგავთან ერთად ჩაედინება თბილისის ზღვაში. ცოტა ხანში თბილისის ზღვა გაივსება ამ პოლიეთილენის ნაგვით. ამ წყალს სვამს თბილისის მოსახლეობა" - გვწერენ მოქალაქეები.

იხილეთ რეპორტაჟი| "აქ აღარ იცხოვრება!" - უბანი თბილისში, რომელიც წარმოუდგენლად ყარს

საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2010 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაშენდა. პოლიგონი დასახლებული პუნქტიდან 3-4 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, თბილისის აეროპორტთან კი 7 კილომეტრი აშორებს. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რადგან აეროდრომთან 13 კილომეტრის რადიუსში ნებისმიერი ნაგავსაყრელის, ან ისეთი ობიექტის არსებობა, რაც ფრინველებს მიიზიდავს, არ შეიძლება. თბილისის ბიუჯეტს ნაგავსაყრელის გადმოტანა ლილოს ტერიტორიაზე 12 მილიონი ლარი დაუჯდა.

რაც შეეხება პრობლემებს, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ. მათი თქმით, აუტანელი სუნი ცხოვრებას შეუძლებელს ხდის, ბავშვები ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში იზრდებიან. დიდი ლილოს მცხოვრებთა თქმით, რამდენჯერმე დაფიქსირდა მსხვილფეხა პირუტყვის სიკვდილიანობის ფაქტიც. მათი ვარაუდით, ცხოველებმა სავარაუდოდ მიმოფენილი პოლიეთილენის პარკები შეჭამეს, ვერ გადაამუშავეს და მოკვდნენ.

"აქ ცხოვრება შეუძლებელია. საშინელი სუნია, განსაკუთრებით კი დილით ადრე და საღამოს, ბავშვები გვყავს პატარები, ნორმალურ ჰაერს ვერ სუნთქავენ. საქონელი გვეღუპება, პარკებს ჭამენ და იხოცებიან. ბევრი განცხადება დავწერეთ, ვის არ მივმართეთ მაგრამ არანაირი შედეგი არ მოყოლია. ჩამოდიან ხელისუფლებიდან, გვაძლევენ დაპირებებს, მაგრამ მარტო საარჩევნოდ, ხმას მივცემთ და მერე აღარაფერს არ აკეთებენ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში.

"აღარ ვიცით უკვე ვის მივმართოთ, რომ პრობლემა მოგვარდეს. ერთი დღე გაჩერდით, ნახეთ აქ ცხოვრებას თუ შეძლებთ, საშინელი სუნია ვეღარ ვსუნთქავთ. ნაგავსაყრელს დარღვეული აქვს ყველა უსაფრთხოების ნორმა, აეროდრომთანაც კი არ არის სათანადოდ მოშორებული", - გვეუბნება ალექსანდრე ჩოხელი.

როდის მოგვარდება ნაგავსაყრელის პრობლემა? თბილისის მერიამ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის უზრუნველსაყოფად ინვესტორთა წინადადებების მიღებაზე კონკურსი 2015 წლის თებერვალში გამოაცხადა. როგორც მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, კონკურსი ბოლო ეტაპზეა და გამარჯვებული კომპანია მალე დასახელდება. ინვესტორი კომპანია დედაქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას დაიწყებს. თუმცა, როდის, კონკრეტული თარიღი უცნობია.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია