როგორია განათლების გერმანული მოდელი, რომლითაც შესაძლოა ქართველმა სტუდენტებმა ისწავლონ - სპეციალისტები პრემიერის ინიციატივაზე

როგორია განათლების გერმანული მოდელი, რომლითაც შესაძლოა ქართველმა სტუდენტებმა ისწავლონ - სპეციალისტები პრემიერის ინიციატივაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება, რადგან "ამ ქვეყანამ დაუდო სათავე განათლების სისტემას". მისივე თქმით, დღეს არსებული უმაღლესი განათლების სისტემა შესაცვლელია.

უფრო ზუსტად კი, პრემიერის განცხადებით, სახელმწიფო უმაღლეს განათლებაში რესურსს გაანაწილებს კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ იმ კონკრეტული სჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც 5-წლიან პერსპექტივაში ქვეყანაში იარსებებს.

პრემიერის ინიციატივის დეტალებზე AMBEBI.GE განათლების მინისტრის მოადგილეს, გიორგი შარვაშიძეს ესაუბრა.

- გერმანულ მოდელში არსებობს ე.წ. დუალური სისტემა, რომელიც დასაქმებამდე მისასვლელი მაქსიმალურად მოკლე გზაა. უფრო ზუსტად კი, დუალური სისტემა ნიშნავს იმას, რომ კოლეჯის სტუდენტებს საშუალება აქვთ უშუალოდ სამუშაო ადგილზე გაეცნონ თავის მომავალ პროფესიას, ანუ ჩართულები იყვნენ ყველა საწარმოო პროცესში.

მაგალითად ავიღოთ პროფესია მეღვინე-მევენახე. ეს არის 3-წლიანი, კოლეჯის დონეზე არსებული პროგრამა ანუ პროფესიული განათლების ციკლი. პირველივე დღიდან დაწყებული, ახალგაზრდას საშუალება აქვს გაეცნოს მთელ საწარმოო ციკლს - უნდა მუშაობდეს ვენახში, იცოდეს ვაზის კულტივაცია, ტრაქტორის მართვა, ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია სასუქებთან. მთელ ამ ციკლს გადის იმ კომპანიის ვენახში, რომელიც ამ კონკრეტულ ფერმაზე მუშაობს. 3 წლის შემდეგ, სტუდენტის დასაქმების პერსპექტივა ძალიან მაღალია იმიტომ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში იძენს რამდენიმე პროფესიას. პროგრამის მიხედვით, ერთი წელი, ანუ მეოთხე წელი შეჭრილია უმაღლეს განათლებაში, ეს უკვე გამოდის ბაკალავრიატის დონე და სტუდენტს, როგორც მომავალ მეღვინეს, ექნება საშუალება ლაბორატორიაში ისწავლოს ქიმია, ბიოლოგია, გააკეთო ღვინის ანალიზი და ა.შ.

დღემდე დაწყებითი პროფესიული განათლება მოწყვეტილი იყო უმაღლეს განათლებას. ამ მოდელით კი, უმაღლესი განათლება უკავშირდება დასაქმებას და პოტენციური დამსაქმებელი შემოდის სასწავლო პროცესში.

- თუმცა, ამით ხომ არ შეიზღუდება ფაკულტეტების რაოდენობა ან პოტენციური სტუდენტების მოთხოვნები?

- აქ საუბარია არა ხელოვნურ შეზღუდვაზე, არამედ იმაზე, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ ის მწირი სახელმწიფო დაფინანსება, რაც პროფესიული განათლებისთვის გამოიყოფა. დღეს უნდა დავიწყოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომელიც სახელმწიფოს ქვეყნის განვითარების პერსპექტივად მიაჩნია. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა შრომის ბაზრის კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ანალიზი გავაკეთოთ, თუ რაზეა მოთხოვნა ქვეყნის ეკონომიკაში. ეს გულისხმობს იმას, რომ უმაღლესი განათლება მაქსიმალურად უწყობდეს ხელს ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მეორე მხრივ, მეცნიერების განვითარებას.

უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვის ინიციატივას უარყოფითად აფასებენ განათლების სფეროს წარმომადგენლები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიგი თევზაძის თქმით, გერმანული უმაღლესი განათლების მოდელი დღეს არც ისე წარმატებულია და როგორც ის ამბობს, სისტემის პრობლემურობას თავად გერმანელები ადასტურებენ.

"პირველ რიგში ის არის გასარკვევი, რას გულისხმობს მთავრობა გერმანული განათლების მოდელში, მთლიანად სისტემის გადმოღებას თუ კონკრეტულად რომელიმე მიმართულების. გერმანული უმაღლესი განათლების სისტემა, დღეს არანაირად არ არის წარმატებული. ამ მოდულის საბოლოო გათვლა არის ის, რომ ვიღაცას რაღაცას დავამთავრებინებ და 5 წელიწადში მივიღებ სპეციალისტს. ჯერ ერთი, 4-5 წელიწადში ვერანაირ სპეციალიტს ვერ მიიღებთ, ამას გარდა, ვერანაირად ვერ გათვლი 5 წლის ბაზარზე რომელი სპეციალობა იქნება საჭირო.

ამ სისტემის პირველი და მთავარი უარყოფითი მხარე არის ის, რომ არაა წარმატებული და ზედმეტად რეგულირებულია სახელმწიფოს მხრიდან. ამ მხრივ კარგი სისტემაა კანადური, შვეიცარული, ამერიკული, ბრიტანული, იაპონური. კარგი სისტემა მაქსიმალურად დელეგირებულია სახელმწიფოსგან.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ განათლების სისტემას, წინა ხელისუფლების დროს მიღებული, იძლეოდა მაქსიმალურ თავისუფლებას. ნებისმიერ უნივერსიტეტს შეეძლო გადაეწყვიტა, რომელ სისტემას მიყოლოდა. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ახლა დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს პროცესი, კერძოდ უმაღლესი განათლება უფრო და უფრო იზღუდება და სახელმწიფოს მარწუხებში ექცევა. ეს კარგს არაფერს მოიტანს, პირიქით, გამოიწვევს ხარისხის დაწევას, გარკვეული კრიტერიუმების შემოღებას და საბოლოდ, ისევ უმაღლესი განათლების კორუფციას", - ამბობს გიგი თევზაძე.

განათლების ექსპერტის, შალვა ტაბატაძის თქმით, აღნიშნული მოდელი რეალურ წინსვლას არ იძლევა და მისი ქართულ განათლებაში დანერგვა დადებით შედეგს ვერ მოიტანს. "იდეაში ეს არის უფრო მეტად პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მოდელი და მთავარი არსი ის არის, რომ პროფესიული განათლება უკავშირდება შრომის ბაზარს, ბიზნესს და დასაქმების სექტორებს. შესაძლებელია ბიზნეს სექტორმა დააფინანსოს პროფესიული სასწავლებლების გარკვეული ნაწილი, რათა პროფესიულმა სასწავლებლებმა მოამზადონ ხარისხიანი სპეციალისტები იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ბიზნესს აქვს სპეციალისტებზე მოთხოვნა.

რეალურად, ეს არის პროფესიული განათლებისა და ბიზნესის დაკავშირება. ამ მოდელის ძირითადი არსი არის ის, რომ პროფესიული განათლება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. ზოგადად პროფესიული განათლების მოდელი ყოველთვის მიბმულია დასაქმებასა და შრომის ბაზარზე", - ამბობს შალვა ტაბატაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია