მერი ბეიკერი - თვითმარქვია პრინცესა კარაბუ, რომელმაც უამრავი ადამიანი გააცურა

მერი ბეიკერი - თვითმარქვია პრინცესა კარაბუ, რომელმაც უამრავი ადამიანი გააცურა

1817 წლის 3 აპრილს ბრისტოლის მახლობლად მდებარე პატარა და მანამდე თითქმის არაფრით გამორჩეულ სოფელ ალმონსბერიში საკმაოდ უცნაური მოვლენები განვითარდა. სრულიად მოულოდნელად, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, სოფელში გამოჩნდა გოგონა, რომელსაც უბრალო შავი კაბა ეცვა, თავზე შავი შალის ჩალმა ჰქონდა შემოხვეული და ადგილობრივებისთვის სრულიად გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. უცნაურ გოგონას მთელი თავისი ბარგი-ბარხანა ერთ პატარა ფუთაში ჰქონდა გამოკრული და იმდენად ქანცგაწყვეტილი ჩანდა, თითქოს ამ მიყრუებულ სოფელში მოხვედრამდე ქვეყნიერება ჰქონოდა შემოვლილი.

სოფლის მცხოვრებლებმა იფიქრეს, რომ გოგონა უცხოელი იყო და საგრაფოს მომრიგებელ მოსამართლე სემუელ უორალს მიუყვანეს, რომელსაც ბერძენი მსახური ჰყავდა. თუმცა ვერც მოსამართლემ და ვერც მისმა მსახურმა გოგონას ვერაფერი გააგებინეს. სამაგიეროდ, ჯიბეში ყალბი მონეტა აღმოუჩინეს, რაც მას სასჯელად ავსტრალიაში გადასახლებას უქადდა. ასე რომ, მოსამართლეს ბევრი აღარ უფიქრია და, საქმის გასარკვევად, გოგონას ბრისტოლში გაგზავნა გადაწყვიტა. თავად გოგონა იმდენად დაბნეული ჩანდა იმ ყველაფრით, რაც მის გარშემო ხდებოდა და ისე საცოდავად გამოიყურებოდა, რომ თვით სიმკაცრით გამორჩეულ მოსამართლესაც კი მოულბო გული და მანაც ერთი ღამით სოფლის სასტუმროში დარჩენის ნება მისცა.

სასტუმროში დაბინავებულმა უცნაურმა სტუმარმა კედელზე გამოფენილ ერთ-ერთ ნახატზე ანანასს მოჰკრა თვალი და მისკენ ხელი სიხარულით გაიშვირა, მერე კი დასაძინებლად იატაკზე დაწვა. გოგონას საქციელით გაკვირვებულმა სასტუმროს მეპატრონემ გაიფიქრა, რომ მისი სამშობლო "სადღაც სამხრეთში" უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეტის გარკვევა ვეღარ მოასწრო, რადგანაც მეორე დილით სასტუმროში მოსამართლის ცნობისმოყვარე მეუღლე გამოცხადდა და სტუმარი თავისთან წაიყვანა. მოსამართლის სახლში აღმოჩენილი გოგონას ყურადღება უკვე ჩინურმა გრავიურებმა და სტატუეტებმა მიიქცია და, მათი ნახვით აღფრთოვანებულმა, რაღაცის სხაპასხუპით მოყოლა დაიწყო. თუმც, მოსამართლის მეუღლე მხოლოდ იმას თუ მიხვდა, რომ უცნაურ გოგონას ასევე უცნაური სახელი "კარაბუ" ერქვა და ამით კიდევ უფრო დაინტრიგებული, შინ დაბრუნებულ ქმარს იქამდე ეხვეწა, სანამ ბრისტოლში გაგზავნის ნაცვლად, სტუმარი თავიანთ სახლში არ დაატოვებინა.

ამის შემდეგ უორალების სახლში თითქმის ყოველდღე მიდიოდნენ ათას ქარცეცხლში გამოვლილი მოგზაურები თუ უბრალოდ უცხო ენების კარგად მცოდნე ადამიანები, მაგრამ გოგონასთან საუბრის გაბმა და მისი წარმოშობის ადგილის გარკვევა მათაც ვერაფრით შეძლეს. ის-ის იყო, ყველას ხელი უნდა ჩაექნია, რომ ისევ სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა პორტუგალიელი მეზღვაური, რომელმაც კარაბუს ნახვის შემდეგ განაცხადა, "გოგონას ლაპარაკი მშვენივრად მესმის და ის ვინმე უსახლკარო მოხეტიალე კი არა, ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ იავასუს პრინცესაა, რომელიც მის გამტაცებელ მეკობრეებს ხელიდან სასწაულებრივად დაუსხლტაო".

შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში მისტერ და მისის უორალები ძირითადად მათ სახლში ეგზოტიკური პრინცესის სანახავად მისული სტუმრების მიღებით იყვნენ დაკავებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულებზე არც ერთ მათგანს არაფერი სმენოდა, უცხოტომელი პრინცესას სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი მაინც ძალიან რომანტიკულად და ამაღლებულად ეჩვენებოდათ. თანაც, მთლად გულხელდაკრეფილი არც თავად პრინცესა იჯდა და საკუთარი პერსონისადმი ინტერესის გაღვივებას ყველანაირად უწყობდა ხელს.

ამ მიზნით, ჯერ იყო და უორალების პირად მკერავს ადგილობრივებისთვის მეტისმეტად უცხო და ეგზოტიკური სამოსი შეაკერინა, მერე კი ტბაში შიშვლად ბანაობა, ფარიკაობა და ძალზე უცნაური ცეკვების შესრულებაც დაიწყო. ერთი სიტყვით, პრინცესა კარაბუს ამბავი სულ უფრო და უფრო შთამბეჭდავი და დამაინტრიგებელი დეტალებით ივსებოდა. კვირაში ერთხელ პრიცესა ლონდონში ჩაჰყავდათ, სადაც მხატვრები მის პორტრეტებს ხატავდნენ, გაზეთებში კი იდუმალ კარაბუზე სულ ახალ-ახალი პუბლიკაციები ჩნდებოდა...განაგრძეთ კითხვა

"მამამისს წამლებით ვასულიერებთ, ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს" - ზაზა გახელაძის დედა

"შეზღუდვების მოხსნიდან 6-8 კვირის შემდგომ, "მესამე ტალღაც" იქნება, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს" - კულუმბეგოვი

2021 წლის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსზე - "M ვექტორი" რეგისტრაცია დაიწყო