რამდენად უსაფრთხო თვითმფრინავები ჰყავთ საქართველოში და როგორ ხდება ტექნიკური შემოწმება, რომელსაც მგზავრები ვერ ხედავენ

რამდენად უსაფრთხო თვითმფრინავები ჰყავთ საქართველოში და როგორ ხდება ტექნიკური შემოწმება, რომელსაც მგზავრები ვერ ხედავენ

თვითმფრინავში ჩადჯომისას ოდესმე თუ გიფიქრიათ, რამდენად უსაფრთხო იქნება თქვენი მგზავრობა და სათანადოდ შეამოწმეს თუ არა ტექნიკოსებმა თქვენი ავიალაინერი გამგზავრების წინ?

საავიაციო მიმოსვლის უსაფრთხოებასა და მისი საიმედოობის გაზრდაზე მსოფლიოს მასშტაბით ათასობით და ათიათასობით ადამიანი მუშაობს. მათი ყოველდღიური და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმიანობა რიგითი მგზავრის თვალთახედვის არეში ვერ ხვდება, მაგრამ სწორედ დღისით და ღამით, ნებისმიერ ამინდში თვითმფრინავში და მის გარშემო მოფუსფუსე ტექნიკოსებსა და მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მილიონობით მგზავრის სიცოცხლე.

საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. ყოველ მათგანს თან ჩასატარებელი სამუშაოების ინდივიდუალური მოცულობა ახლავს. თვითმფრინავის მომსახურების ყველაზე მარტივი ფორმა Transit check-ია. მას ეკიპაჟი და ტექნიკური პერსონალი ყოველი რეისის წინ ასრულებს.

შემდეგი ეტაპი Daily Check ყოველდღიურ შემოწმებას გულისხმობს და 24 ან 36 საათში ერთხელ ტარდება. დეტალური შემოწმებისთვის ტექნიკური დოკუმენტაცია Weekly Check სახეობის კონტროლს ითვალისწინებს (საერთაშორისო ნორმებით საჰაერო ხომალდის შემოწმების და ტექნიკური კონტროლის სახეობებს ინგლისურენოვნი აღნიშნვები აქვთ). ავიაკომპანიები მას კვირაში ერთხელ ატარებენ. შემოწმება 3-4 სთ-ს გრძელდება. შემოწმებას ექვემდებარება მთლიანი თვითმფრინავი. გარე კორპუსი მოწმდება კოროზიის და ბზარების არსებობაზე. საწვავის, ზეთის და ჰიდრავლიკური სისტემები - გაჟონვის ფაქტებზე.

ავიალაინერის უსაფრთხოებისთვის, მისი მოვლის რეგლამენტი გაცილებით მკაცრ და დეტალურ შემოწმებებსაც მოიცავს. მაგალითად A-check თვეში ერთხელ ან ფრენის ყოველი 500 სთ-ის შემდეგ ტარდება. B-check-ის ჩატარება ყოველ სამ თვეში ერთხელ არის სავალდებულო. გაცილებით სერიოზული სამუშაოებია C-check-ის შემთხვევაში. შემოწმების ეს სახეობა ავიალაინერის 2-3 კვირით ექსპლუატაციიდან გამოყვანას საჭიროებს. მის ჩატარებას დიდი შენობა და მთელი რიგი სპეციალური აღჭურვილობა საჭირდება. როგორც წესი, C-check-ს ფრენის ყოველი 7500 სთ-ის შემდეგ ატარებენ. კონსტროლის ხანგრძლივობა თვითმფრინავის ტიპზე და მის ტექნიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

კონტროლის ყველაზე რთული და შრომატევადი სახეობის D-check-ის შემთხვევაში, ავიაკომპანიას საკუთარ ავიალაინერთან 30-40 დღით დამშვიდობება მოუწევს. შემოწმებისას, რომელსაც ყოველ 10-12 წელიწადში ერთხელ ატარებენ, თვითმფრინავს მაქსიმალურად შლიან. გულდასმით მოწმდება ყველა დეტალი და სისტემა. თვითმფრინავის კორპუსი მოწმდება მიკრობზარების არსებობაზე. ვადაგასული და დაზიანებული ნაწილები ახლებით იცვლება.

შემოწმებების ჩატარების პერიოდულობას, მათ ხარისხსა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციას ავიაგადამყვანი თავად ამოწმებს და აკონტროლებს. არის შეთხვევები, როდესაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები გარკვეული შემოწმებების ჩატარებას ფინანსების ეკონომიის მიზნით არიდებენ თავს. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ავიაკომპანიას დიდი ფინანსური ჯარიმა ან სულაც ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება.

ამჟამად საქართველოში რეგულარულ რეისებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანია Airzena Georgian Airways-ი ასრულებს. მისი ავიაპარკი 5 ავიალაინერს ითვლის. მათგან სამი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სამოქალაქო თვითმფრინავი Boeing 737-ია. საბედნიეროდ, 1993 წელს დაარსებულ ავიაკომპანიას, ტექნიკური გაუმართაობის ან არასწორად ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო, მსხვილი ინცინდენტები არ ჰქონია.

ავიალაინერების ექსპლუატაციისას განსაკუთრებული ყურადღება მათ ასაკს ექცევა. სხვადასხვა თვითმფრინავების სიცოცხლის ხანგრძლივობა (რესურსი) განსხვავებულია. ამ პარამეტრს თვითფმრინავის პროექტირებისას კონსტრუქტორები ადგენენ. შასის გამოყენების ხანგრძლივობა აფრენა-დაჯდომის რაოდენობით განისაზღვრება. ძრავების - ნამუშევარი საათების, თვითმფრინავის კორპუსის - ნაფრენი საათებისა და კალენდარული ასაკის მიხედვით.

თვითმფრინავის ექსპლუატაცია რესურსის ვადის ამოწურვის შემდეგაც შეიძლება. შესაბამის დასტურს ქარხანა-დამამზადებელი და სპეციალური კომისია კონკრეტული თვითმფრინავისთვის დეტალური და ყოველმხრივი შემოწმების შემდეგ იძლევა. გახანგრძლივებული რესურსის ვადა მკაცრად განისაზღვრება. საშუალოდ, ნორმალურ პირობებში ექსპლუატაციისას ავიალაინერის სიცოცხლის პერიოდი 35-40 წლით განისაზღვრება.

"აირზენას" ავიაპარკში წამყვან როლს Boeing 737-700-ის ტიპის ორი ბორტი ასრულებს. ერთი 1999, მეორე - 2003 წელს არის დამზადებული. შესაბამისად, მათი ასაკი 17 და 13 წელიწადია.

ავიაკატასტროფების მიუხედავად, თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად ითვლება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია