გაფიცვის მე-13 დღე - მეშახტეების მოთხოვნები და გამოხმაურება სოციალურ პროტესტზე

გაფიცვის მე-13 დღე - მეშახტეების მოთხოვნები და გამოხმაურება სოციალურ პროტესტზე

უკვე 13 დღეა ტყიბული მასშტაბური გაფიცვის ეპიცენტრია. 1000-ზე მეტი მეშახტე მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაფიცვის დასრულებას არ აპირებს. გაფიცვა 14 თებერვლიდან დაიწყო, ამ პერიოდის განმავლობაში სრულად პარალიზებულია სამუშაო პროცესი. გაფიცულებმა რამდენიმე ღამე შახტის ადმინისტრაციასთან კარვებში გაათენეს. 10-პუნქტიანი მოთხოვნების სია, რომელიც გაფიცულმა მეშახტეებმა ერთობლივად შეიმუშავეს, ასე გამოიყურება:

  • ხელფასის მომატება 40%-ით
  • ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტების მეშახტეთა ხელფასების გათანაბრება
  • სამუშაო პირობების გაუმჯობესება
  • დანამატის მოთხოვნა
  • არასაწარმოო და საწარმოო ტრავმის შემთხვევაში, ბიულეტენის 100%-ით ანაზღაურება გამოჯანმრთელებამდე
  • ადმინისტრაციული შვებულების გაზრდა 10 სამუშაო დღემდე
  • ადმინისტრაციის და მეშახტეთა ხელფასების დაბალანსება
  • მეშახტეთა ჩართვა მართვის პროცესში
  • გაფიცვის პერიოდში გაცდენილი სამუშაო საათების 100%-ით ანაზღაურება
  • გაფიცვის შემდგომ, გაფიცული მეშახტეების ხელშეუხებლობის გარანტია

ძიძიგურისა და მინდელის შახტების მეშახტეების მოთხოვნები ერთნაირია. დასაქმებულები ჩივიან, რომ მიწისქვეშ მოუწესრიგებელია სამედიცინო პუნქტები, სველი წერტილები, არ მოძრაობს გამართულად ელმავლები, ძიძიგურის შახტაში კი ნულოვან ჰორიზონტზე ელმავალი საერთოდ არ არის. ამასთან, მეშახტეების თქმით, არ არიან უზრუნველყოფილნი ხარისხიანი სპეცტანსაცმლითა და სპეცინვენტარით, მოითხოვენ კვების ობიექტის მოწესრიგებას და დღიური რაციონის სწორად განსაზღვრას.

თითქმის ორკვირიან მშვიდობიან აქციაზე სიტუაცია გუშინ, 25 თებერვალს დაიძაბა. გაფიცულები წუხელ შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს. "შედიან, გამოდიან მოლაპარაკებებზე და არაფერი კეთდება. ამიტომაც, ჩვენ ალბათ უნდა მიგვეღო რადიკალური ზომები, რაც გავაკეთეთ კიდეც" - ამბობს ერთ-ერთი მეშახტე. მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან გადავიდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი ჯგუფი. სიტუაციის დაძაბვის გამო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. გაფიცულებმა დაახლოებით ერთ საათში დატოვეს "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაციის შენობა. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

მეშახტეების შენობაში შეჭრას გამოეხმაურა "საქნახშირი ჯი-აი-ჯი" და აღნიშნა, რომ "სიტუაცია უკიდურესად" დაძაბული იყო. "ჯი-აი-ჯი ჯგუფი მიმართვას ყველა კანონიერ ზომას, რათა დაცული იქნას წესრიგი, კერძო საკუთრების უფლებები და დაისაჯონ დამნაშავეები", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"საქნახშირი ჯი-აი-ჯი"-ს პოზიცია

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ფინანსურმა დირექტორმა ზურა გელენიძემ ტყიბულში მეშახტეთა უფლებამოსილ ჯგუფთან შეხვედრა 25 თებერვალს გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს და პროფკავშირის წარმომადგენლებიც. კომპანიის ინფორმაციით, დიალოგის ფარგლებში მეშახტეებმა მიიღეს კონკრეტული დასაბუთებები და განმარტებები ყველა დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" განაცხადეს, შეხვედრაზე კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის მოაწესრიგოს თითოეული ლეგიტიმური საკითხი, რომელიც ეხება მათი სოციალური უფლებების გაუმჯობესებას. ასევე გამოითქვა მზადყოფნა კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" მენეჯმენტთან შექმნილი კომუნიკაციის პრობლემის დროულად აღმოფხვრის თაობაზე.

საინიციატივო ჯგუფს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე მსოფლიო ბაზარზე ქვანახშირის სარეალიზაციო ფასის მნიშვნელოვანი ვარდნისა და ნახშირის მოხმარების შემცირების ფონზე, როგორც პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვერ გასცემს არარეალურ დაპირებებს ამ ეტაპზე ხელფასის მყისიერ ზრდასთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა, რომ კომპანიას აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია და განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში გამოიხატება და სწორედ შახტების შემდგომი განვითარება და ნახშირის მოპოვების გაზრდა გახდება ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციის საფუძველი, რაც პერსპექტივაში მეშახტეთა შრომის ანაზღაურების ზრდაზეც აისახება.

სახელისუფლებო გამოხმაურება აქციებზე

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტი ელისო ჩაფიძე გაფიცვის პირველივე დღეებიდან მხარდაჭერას უცხადებს მეშახტეებს. "მთავრობას მივმართე და ყველა პრობლემა, რომელიც დავაყენე, მათი მხრიდან დღეისთვის გადაჭრილია", - განმარტა დეპუტატმა. მისივე თქმით, აქცია გრძელდება იმიტომ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა. "ვხედავ, რომ კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ გარკვეულ დათმობაზე წასვლას. ვხედავ, რომ ბევრ საკითხზე არის შეთანხმება. ახლა საჭიროა მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარისთვის მისაღები მემორანდუმი შეიმუშავონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის აღდგენა, რომ არ დაზარალდეს როგორც დასაქმებული, ასევე დამსაქმებელი".

რაც შეეხება სამთავრობო დონეზე გამოხმაურებებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა.

"ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება მაღაროელებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.

დავით სერგეენკოს განმარტებით, ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის შრომითი დავა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების და მედიაციის გზით, შესაძლებელი გახდება საკითხის დარეგულირება. "ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან არის ჩართული ამ შრომით დავაში. ეს კანონით მონიჭებული მოვალეობაა. ჩვენი მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც რჩება შრომითი დავის ფარგლებში. მე ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენის მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაფიცვის მე-12 დღეს, აქციის მონაწილეებთან საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მივიდა და სიტყვით მიმართა: "რაც აქ ხდება, ეს არის სოციალური პრობლემა და არა, - კერძო დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ეს არ ეხება მხოლოდ ტყიბულს, ეს საქართველოს პრობლემაა.. ასეთივე ვითარებაა ჭიათურაშიც, ბოლნისშიც და ძალიან ბევრ ადგილზე... ევროინტეგრაცია არ არის მარტო უვიზო რეჟიმი ევროპასთან. ევროინტეგრაცია ზუსტად აქედან იწყება. სწორედ, აქ უნდა შეიქმნას ელემენტარული შრომის პირობები ადამიანებისათვის... აუცილებელია, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამისათვის..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია