"ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ" – "ბორჯღალოსნების" მორიგი გამარჯვების დღე!

"ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ" – "ბორჯღალოსნების" მორიგი გამარჯვების დღე!

რაგბი! ეს სიტყვა უკვე საქართველოში ხშირად და სიამაყით ისმის. ამ სიამაყის სულისჩამდგმელები კი "ბორჯღალოსნები" არიან. "ბორჯღალოსნები" რომლებიც მატჩიდან მატჩამდე არასდროს კარგავენ საბრძოლო ჟინს.

ბევრს რაგბის თამაში ხელ-ფეხჩართული ჩხუბი, ან ბრძოლა წესების გარეშე ჰგონიათ. განსაკუთრებით მათ, ვისაც ერთხელ მაინც მოუკრავს თვალი გურული ლელობურთისთვის, რომელიც ყოველწლიურად  გურიაში იმართება.

ლელობურთის თამაშში ორი სოფლის მცხოვრებლები მთელი ძალით ცდილობს ლელო თავისი სოფლისკენ წაიღოს. იქ წინასწარ არავინ იცის, თამაში როდის მთავრდება - ის ყოველთვის იმდენ ხანს გრძელდება სანამ ბურთი, ბოლოსდაბოლოს რომელიმე სოფლის მხარეს არ გააღწევს...

რაგბში კი წესები იმაზე მეტად მკაცრად არის გაწერილი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

ერთი შეხედვით ჩხუბის კორიანტელში, გაწევა-გამოწევაში და საბრძოლო ყიჟინის ხმაში ისეთი წესები და კანონები არის გასათვალისწინებელი, თუ ამ სპორტის მიმდევარი არ ხარ, ძნელია ნერვები გეყოს მის შესასწავლად.

ასეთი საბრძოლო მუხტი და ყიჟინა დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე ვნახეთ, სადაც ქართველმა მორაგბეებმა ესპანელებს უმასპინძლეს.

გადავსებული ტრიბინუნებიდან ძნელია დაასახელო ვინმე, ვისაც ქართველების გამარჯვებაში ეჭვი ეპარებოდა. მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაფერს თავისი წესები აქვს.

მილტონ ჰეიგის შეგირდებს ანგარიშის გახსნა უკვე მე-3 წუთისთვის შეეძლოთ, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ზუსტად ვერ დაარტყა. ქართველმა მორაგბეებმა მიზანს მე-14 წუთზე, საჯარიმო ლელოთი მაინც მიაღწიეს. კვირკაშვილმა გარდასახა და 7:0!

მე-20 წუთისთვის ესპანელებმა ანგარიშის გათანაბრება შეტევაში დაშვებული ჩვენივე შეცდომის შემდეგ შეძლეს. კვირიკაშვილმა არაზუსტი პასი გააკეთა, ბურთი ხელთ ხულენ გოიამ იგდო, მთელი მოედანი ჩაირბინა და ჩვენს ძელებს შორის დაამიწა. სტუმრებს გარდასხვა არ გასჭირვებიათ - ასე გაათანაბრეს ესპანელმა ლომებმა ანგარიში 7:7 . თუმცა ამის შემდეგ ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ისეთი შტურმი მოუწყვეს "ტაბლოზე" მათ სასარგებლოდ ციფრი აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ესპანელებმა აქტიურად დაიწყეს და ერთ ეპიზოდში მეორე ლელოს დადებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მათ კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი. ამ უკანასკნელმა 52-ე წუთისთვის თავად დადო ლელო და "ბორჯღალოსნებს" ბონუს-ქულა გაუნაღდა.

55-ე წუთზე "ბორჯღალოსნებს" მეხუთე ლელო გიორგი ნემსაძის გარღვევას მოჰყვა, იერიში კი თამაზ მჭედლიძემ დააგვირგვინა. "მეკომ" გარდასახა - 33:7.

66-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა დავით კაჭარავამ ლელოთი მას შემდეგ გაზარდა, რაც მეტოქემ ბურთის ამოტანისას შეცდომა დაუშვა. ლაშა მალაღურაძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა - 38:7. დარჩენილ დროში "ბორჯღალოსნები" ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ნაკრების კაპიტანმა, შალვა სუთიაშვილმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გულშემაკივრებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"მსურს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, დიდი მუხტი შეგვძინეს და ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ".

წესი წესია და როგორც ყველა შეხვედრისას აქაც გაისმა მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა. "ბორჯღალოსნებმა" ტრიბუნას შემოუარეს და გულშემატკივრებს მადლობა გადაიხადეს და ეს ყველაფერი ხანგრძლივი მხურვალე ოვაციების ფონზე.

იხილეთ ვიდეო

ნანა ჩხაიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია