"მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლით, ამ ერთხელ მაინც..." - საინტერესო ეპიზოდები რეზო ლაღიძის და იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრებიდან

"მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლით, ამ ერთხელ მაინც..." - საინტერესო ეპიზოდები რეზო ლაღიძის და იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრებიდან

ხშირად ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნის ცხოვრებაში საკუთარი შემოქმედებით, წვლილი აქვს შეტანილი და ხალხს გულწრფელად უყვარს.

დღეს გენიალური კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის და უდიდესი ქართველი კომიკოსის იპოლიტე ხვიჩიას გახსენება გვინდა...

რევაზ ლაღიძე

"მამას ძალიან ბევრი წერილი მოსდიოდა თაყვანისმცემელი მანდილოსნებისგან, სადაც თხოვდნენ იქნებ თქვენი სურათი გამოგვიგზავნოთო, რეზო კი ამბობდა - რა ვიცი, კაცო ვისაც ჩემი ფოტო გავუგზავნე, პასუხი არავისგან მომსვლიაო და ამიტომ გადაწყვიტა, რომ თავის ფოტოს ნაცვლად, პეტრე გრუზინსკის ფოტოს უგზავნიდა თაყვანისმცემლებს წარწერით - "ეს არის ''თბილისოს'' ავტორი"... ეს ამბავი მერე თბილისში ანეკდოტად იქცა", - იხსენებს კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ქალიშვილი, ლელა, რომელსაც მამამ ოპერა "ლელა" მიუძღვნა...

რევაზ ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის მაზრის სოფელ ობჩაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი (ვიოლინოს განხრით) და ვიოლინოზე სიმფონიურ ორკესტრებში უკრავდა. შემდგომ თბილისის სახელწიფო კონსერვატორია დაამთავრა. ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. ეკუთვნის როგორც ოპერა "ლელა", ისე მუსიკალური კომედიები, სიმფონიური პოემა, სიმფონიური სურათი "საჭიდაო", რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა ("სიმღერა სამშობლოზე", "ბალადა ვაზზე", "ოდა მესხეთზე", "მოხეური ბალადა" და სხვ.), საფორტეპიანო და ჩელოს პიესები. შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვის ("საბუდარელი ჭაბუკი", "ნინო", "ზვიგენის კბილი", "ხევისბერი გოჩა", სულ 30-ზე მეტი სურათი).

აქტიურად მუშაობდა სიმღერის ჟანრში, ხოლო მისი "სიმღერა თბილისზე" ყველა დროის პოპულარული ნამუშევარია, არა მარტო საქართველოში. როგორც კომპოზიტორი ამბობდა, ამ სიმღერას მთელი ცხოვრება წერდა და ბოლოს ნოტებად ერთ დღეში აქცია... "თბილისო" პირველად დედაქალაქის 1500 წლისთვის მიძღვნილ იუბილეზე გაისმა.

კომპოზიტორი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იყო თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე. ბევრი ცნობილი მუსიკოსის მასწავლებელი გახლდათ. მოგვიანებით კონსერვატორიის პედაგოგიც.

რევაზ ლაღიძის საყვარელი გართობა ნადირობა და თევზაობა იყო. ბუნება ძალიან უყვარდა და ბუნებაში ყოფნას დიდ დროს უთმობდა, რაც შემდეგ მის შემოქმედებაში აისახებოდა. "თუ მიწაზე ფეხშიშველა არ გაივლი, საქართველოს როგორ შეიგრძნობ; თუ ერთხელ მაინც ფეხშიშველს ფეხში ეკალი არ შეგსობია, თუ ერთხელ მაინც ბადე არ გადაგიფენია ჩვენს ვიწრო მდინარეებზე - შენ საქართველოს ვერ შეიგრძნობო", - ამბობდა ის. როგორც მასზე ჰყვებიან, გაამზადებდა თურმე თავის ბადე-ანკესებს, ჩაჯდებოდა "ვოლგა 21"-ში და მიდიოდა სათევზაოდ. ამაყობდა იმით, რომ  საქართველოში მდინარე არაა, ბადე არ მესროლოსო. თევზი და ნანადირევი კი არა, თავად ეს პროცესი უყვარდა, რადგანაც იქ მეგობრებთან ერთად დადიოდა.

კომპოზიტორი 1981 წელს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

იპოლიტე ხვიჩია

დიდი ქართველი მსახიობი და კომიკოსი - იპოლიტე ხვიჩია 1910 წელს სოფელი კონტუათში, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი. 30-იან წლებში იყო ხონის და ბაღდათის რაიონული თეატრების მსახიობი. 60-იან წლებში კი უკვე რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობდა.

1956 წლიდან კი კინოში აქტიურად იღებდნენ. მასთან მუშობა ყველა რეჟისორს უყვარდა. ნათამაშევი აქვს "საბუდარელი ჭაბუკში", "მანანაში", "ბურთი და მოედანი", "თხუნელა", "თოჯინები იცინიან", "არ იდარდო!", "ფეოლა", "მხიარული რომანი", "პირველი მერცხალი", "დათა თუთაშხია" და სხვ. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა, განსაკუთრებით კი მისი უბრალოება და ბუნებრიობა.

რამდენიმე ეპიზოდი შვილის, ნუნუ ხვიჩიას წიგნიდან "მონოგრაფია მამაზე":

"13 რიცხვი"

"31-ში დაიბადა. 31-ში გარდაიცვალა. 13 "იპოლიტე" შეასრულა კინოში. იპოლიტე ამ ციფრს, 13-ს ასე გამოთქვამდა: "დუჟინს პლუს ერთი".

* * *

"ერთ-ერთ ინტერვიუში იპოლიტე ეკითხება კორესპონდენტს:

- რამდენი შეკითხვა გამოგვივიდა?

- თერთმეტი.

- თუ შეიძლება, კიდევ ორი შეკითხვა რომ დავუმატოთ? ცამეტი ჩემი ციფრია. კარგად მაქვს დაცდილი: ოჯახში 13 სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი. ქუთაისში ლერმონტოვის 13-ში ვცხოვრობდი, ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზანების (დღეს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის) 13 სახლში გადმოვედი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდებაც 1953 წლის 13 ივნისს მივიღე; სასტუმროში ყოველთვის 13 ნომერი მხვდება; სახალხო არტისტის წოდებაც 1960 წლის 13 ივლისს მივიღე; ახალი ბინა სევასტოპოლზე - 13 ივნისს და ა.შ."

* * *

...ქართული იუმორი, შეიძლება ითქვას, თავისებურია და მას სხვა იოლად ვერ იგებს, თუმცა ერთხელ, კანის ფესტივალზე, ფილმში - "ბურთი და მოედანი" იპოლიტეს "კუჭკუჭიმ" ჟან გაბენის გაოცება გამოიწვია: რეზო ჩხეიძის გვერდით მჯდომ, ყველა დროის უდიდეს ფრანგ მსახიობს თარჯიმნის მეშვეობით უთქვამს: "რატომ არ ვიცნობ ამ კაცს, რა გენიოსი გყოლიათ?"

* * *

"იპოლიტეს მიერ განსახიერებულ გმირებს მაყურებელი კარგად იცნობს, მაგრამ მისი თანდაყოლილი იუმორი ცხოვრებაშიც არანაკლებ "მწვავე" იყო და ყოველთვის აღწევდა შესაბამის მიზანს: "ბურთი და მოედნის" გადაღების დროს კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსები დასჭირდა, სტუდიაში კი მისი ზომისა ვერ აღმოაჩინეს. გადაღება ორი დღით გადაიდო. საღამოს, შინ მისულმა იპოლიტემ, აივანზე გასაშრობად გაფენილ, სიდედრის კუთვნილ, შორტებივით სრულ, მოგრძო ნიფხავს მოჰკრა თვალი.

მეორე დღეს ვერიჩკამ შეძრა #13 სახლის მცხოვრებნი. მეზობლების აივნები რომ შემოიარა, ეზოშიც ჩავიდა და იქაც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო...

- რას ეძებ, ვერიჩკა? - ეკითხებოდნენ გაოცებული მეზობლები... გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ, ოჯახის წევრების გაღვიძებას რომ მოერიდა, აივანზე დაიძინა და... დილაადრიანად რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა ყველა გააღვიძა.

- დედაია! ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! სად იყო ბიჭო, მაი ტრუსიკი?

- კაი ახლა, ვერიჩკა - ეხვეწება იპოლიტე. - რა მოხდა მერე. ამ ასაკში შენ ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მსოფლიოს მოივლის... აბა?!"

* * *

"ფეოლას" გადაღება ბათუმში მიმდინარეობდა. ამ დროს სესილია თაყაიშვილიც ოჯახთან ერთად ისვენებდა იქ. გადაღებიდან ზღვისკენ მიმავალ იპოლიტეს ქუჩაში მზით "ნასიამოვნები" სესილია შეხვდა.

- აუ, სესილია, გამომასწარი?

- რა გინდა, ბიჭო, რა?

- რა და, შენი ნახვა მინდოდა საბანაო კოსტიუმში.

- უჰ, მეხი კი დაგაყარე. ა, და შემხედე! - სესილიამ გაიხსნა ხალათი და საბანაო კოსტიუმში მოეჩვენა იპოლიტეს.

- დიდუუ! ყვავს დააჩხავლებს...

- დამეკარგე აქედან".

* * *

"ერთხელ იპოლიტე ცოლს ახლობლის პანაშვიდზე გაჰყვა. ოთახში რომ შევიდა, მიმსვლელი თუ ჭირისუფალი მისკენ შებრუნდა და ყველამ ჩუმი სიცილი დაიწყო. იპოლიტემ წონასწორობა შეინარჩუნა, ჭირისუფალს მიუსამძიმრა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას. იმის შემდეგ ქალბატონი ლუბა იპოლიტესთან ერთად, პანაშვიდზე წასვლას ყოველთვის ერიდებოდა. მსგავსი უხერხული სიტუაციებით გაწამებულმა იპოლიტემ ერთხელ თხოვნითაც მიმართა ახლობლებს:

- თქვენი ჭირიმე, თუ ჩემ დაკრძალვაზე მოხვდებით, შეახსენეთ ჩვენებს, სურათი წინ არ გაიტანონ.

- რატომ, ბატონო იპოლიტე?

- ხალხი სურათის დანახვაზე გაიცინებს, მე კი მინდა, ამ ერთხელ მაინც მომეგებონ ცრემლით. ამ ერთხელ მაინც..."

შვილიშვილი ავთო ხვიჩია ბაბუაზე:

"ვიქნებოდი ასე 31 წლის, იპო 73 წლის იყო, როცა ინსულტი დაემართა. ეს უამრავი მიზეზის გამო შეიძლებოდა მომხდარიყო: ნერვიულობა, რამდენჯერმე კიბეზეც დაეცა. ფილმი ხომ გახსოვთ, "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", იქ ერთი ეპიზოდია, სადაც იპოლიტეს აგურს ურტყამენ თავში, რატომღაც ვიღაცამ ბოროტად იხუმრა და აგურის ბუტაფორიის ნაცვლად, ნამდვილი აგური დადეს, ჰოდა, იმ აგურის ჩარტყმაც დაემატა... თუმცა, ნამდვილი მიზეზი დღემდე არ ვიცით, მაგრამ ინსულტით არ გარდაცვლილა, მას შემდეგ წამოდგა, საერთოდ, ოპტიმისტი იყო, დიდი შემართებით გამოირჩეოდა. სამწუხაროდ, მას ასთმის შეტევები დაეწყო, ვმკურნალობდით, საუბედუროდ, ვერ ვუშველეთ, სიკვდილის მიზეზიც ეს გვეგონა, მაგრამ, როგორც უკვე შემდეგ გაირკვა, იპოლიტეს ფილტვებმა უმტყუნა".

იპოლიტე გარდაიცვალა თბილისში, 1985 წელს. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა ლალი ფაციამ

ასევე დაგაინტერესებთ: რას წერდა ანდერძში სესილია თაყაიშვილი და რატომ იყო "გვარში ერთადერთი ხეპრე" ჭაბუა ამირეჯიბი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ