"სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში შექმნილ ურბანულ კრიზისზე

"სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში შექმნილ ურბანულ კრიზისზე

მშენებლობა - სფერო, რომელიც ბოლო დროს ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდება, მნიშვნელოვნად ცვლის დედაქალაქის იერსახეს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ქალაქი ურბანულ კრიზისშია და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

თბილისში მშენებლობებზე ნებართვის გაცემა მერიის არქიტექტურის სამსახურის მოვალეობა თუ უფლებამოსილებაა. Ambebi.ge-ს შეკითხვებს დიმიტრი მოსულიშვილის უწყებაში კვლავ უპასუხოდ ტოვებენ. რა შეზღუდვები არსებობს მშენებლობაზე ნებართვის გასაცემად, როგორია კრიტერიუმები, რომლებსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს საქმიანობის დასაწყებად და რა ფაქტორებს ითვალისწინებენ დედაქალაქის "მთავარი არქიტექტორები" თბილისის იერსახის შენარჩუნებისთვის, უცნობია. ქაოტური მშენებლობები, გადატვირთული ცენტრალური უბნები, უსახო კორპუსები კონკრეტული შეზღუდვების არარსებობაზე თავად მიუთითებს.

მერია დუმს, საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ქაოტური განაშენიანების პრობლემას გენგეგმა და კოეფიციენტების გაცემის შეზღუდვა მოაგვარებს. საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, მიმდინარე პროექტების დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდშია დამტკიცებული, მისი განცხადებით, დღეს არსებული სამარცხვინო ურბანული განვითარება სათავეს სწორედ წინა ხელისუფლებიდან იღებს.

გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას სწორი მიმართულება აქვს არჩეული.

"უნდა დაიტვირთოს გარეუბნები, ტენდენციაც ამისკენ მიგვყავს. ტერიტორიები, სადაც მეტი სივრცეა, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. გენგეგმა და კოეფიციენტების გაცემაზე შეზღუდვის დაწესება, რაზეც დღეს ჩვენ ვმუშაობთ, ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას ბოლოს მოუღებს", - აცხადებს საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე.

მისი თქმით, ქალაქს 25 წლის მანძილზე არ ქონია განვითარების გეგმა, დღეს კი ამ საკითხში 2 მილიონ 300 ათასი ლარია ინვესტირებული, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.

"ქალაქის ცენტრში, მითუმეტეს ისრტორიულ უბნებში არ არის საჭირო 40 სართულიანი შენობების არსებობა. მაგალითად კონტექსტიდან არის ამოვარდნილი "იმელის" უკან მდებარე 40 სართულიანი სიმახინჯე. მისი მშენებლობის ნებართვა გაცემულია ძველი ხელისუფლების დროს. მშენებლობები სპორტის სასახლის უკან, სამარცხვნინო ურბანული განვითარებაა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" მოსწრებაზე იყო ხელისუფლების ცვლილებამდე და სწორედ მათი წარმომადგენლების ხელმოწერითაა აღნიშნულ მშენებლობებზე ნებართვები გაცემული", - აღნიშნავს ბაბუნაშვილი.

მისი თქმით, თბილისის განვითარებაზე ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან ერთად ღია შეხვედრებზე უფრო ინტენსიურად იმსჯელებენ.

არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ambebi.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურში დიდი რეფორმაა ჩასატარებელი. მისი თქმით, ინტერესთა კონფლიქტი ყველაზე მეტად უშლის ხელს ქალაქის სწორ განვითარებას.

"მერიაში არ უნდა ისხდნენ ის ადამიანები, ვისაც თავად აქვთ აშკარა ბიზნესინტერესები სამშენებლო სექტორში. დამნაშავეები არიან, სისხლის სამართლის დამნაშავეები. ამ აკვიატებულმა ტენდერომანიამ ხომ საერთოდ დაღუპა ქალაქი", - აცხადებს ვარდოსანძე.

მისი თქმით, უნდა გამოიყოს ცხელი წერტილები, ადგილები, სადაც დეველოპერებს განსაკუთრებული ინტერესი აქვთ და მათი დაფარვა მოხდეს ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციით. რაც შეზღუდავს აღნიშნულ ტერიტორიებზე მშენებლობების ნებართვის გაცემას.

"სხვა უფრო უნივერსლური მექანიზმია ასამუშავებელი. ამაზე მერიას ფულის დახარჯვა არ უნდა დაენანოს. ქალაქი ურბანული თვალსაზრისით კრიზისშია შესული. ცხადია, რომ დღეს ინტერესების სათავეში ფისკალური, შემოსავალზე ორიენტირებული ინტერესები დგას. მერია ფრთიხლობს. მას ეშინია მენაშენესთვის უარის თქმით არ დააფრთხოს ბიზნესი, რომელიც ერთადერთია რაც ამ ბოლო დროს ვითარდება. ხელისუფლებას უნდა შეეძლოს დანის პირზე გავლა, რათა ერთის მხრივ მოსახლეობის და მეორეს მხრივ ბიზნესინტერესები არ დაარღვიოს!", - აცხადებს არქიტექტორ-ურბანისტი.

მისი თქმით, ბევრ მშენებლობაზე ნებართვა მართლაც წინა ხელისუფლების პერიოდში გაიცა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს გაცემულ ნებართვებზე უარის თქმა მარტივი პროცესი არ არის. ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი არქიტექტურა შემოქმედებითი კუთხითაც დასაკორექტირებელია.

"მშენებლობების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, სიმახინჯეა, სექენჰენდის არქიტექტურაა. ნასესხები პროექტები, იდეები და ფორმები - ამ თვალსაზრისით შემოქმედებითი პროცესი მართლაც დასაკორექტირებელია", - აცხადებს ლადო ვარდოსანიძე.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, არქიტექტურის სამსახური ყოველთვის იყო და დღესაც არის კორუფციის ბუდე.

"მშენებლობაზე ნებართვის გაცემა ხშირ შემთხვევაში მავნებლურად ხდება და მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ამ გარიგებების უკან არ არის კორუფცია. სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება. ასე ხდებოდა ნაციონალების დროსაც და ტემპი არც ნარმანიამ დააგდო", - აცხადებს ელისაშვილი.

მისი თქმით, თბილისში ნორმალური, ჯანსაღი ქალაქდაგეგმარებითი წესები არ არსებობს და სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება.

"ეს უწესობა აწყობთ უწესო ადამიანებს, რომლებიც ქალაქის ხელისუფლებაში იყვნენ და არიან. თუ ნებართვების გაცემის ეს ველური ტემპი არ შეჩერდა, ქალაქი ისე დასახიჩრდება, რომ გენგემაც და სხვა ყველაფერიც აზრს დაკარგავს", - აღნიშნავს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, 25 წლის განმავლობაში ყველა მერმა და ყველა მთავარმა არქიტექტორმა დაამახინჯა თბილისი. მისი განცხადებით თითოეული მათგანი გასასამართლებელია.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია