როგორ ეტრფოდნენ საყვარელ ქალებს საქართველოში - დიდი ქართველების "მთლად გადარეული" სიყვარულის ამბები

როგორ ეტრფოდნენ საყვარელ ქალებს საქართველოში - დიდი ქართველების "მთლად გადარეული" სიყვარულის ამბები

როგორ უყვარდათ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ კლასიკოსებს საკუთარ სატრფოებთან - ამაზე ყველაზე კარგად მათი სასიყვარულო წერილები გვიამბობენ...

ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს

ილიას ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი - ივანე პოლტორაცკი შეყვარებულ მწერალზე წერდა: "უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი, მასთან მწერალი და ლიბერალი სასურველ სასიძოდ ვერ ჩაითვლებოდა. თავის ტრფიალს მალავდა. ამის გამო ახალგაზრდა მიჯნურებს შორის საიდუმლო მიწერ-მოწერა იყო. ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასათვის. მთელი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებდა. თაყვანება და ერთგულება თავისი საყვარელი მეუღლისადმი ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია".

ოლღა თადეოზ გურამიშვილის, საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამ ციციშვილის დედის ძმისშვილი და ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალი გახლდათ. თბილისის ერთ არისტოკრატულ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ქალაქის ლიტერატურის და ხელოვნების მიმდევრები. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი ოლღამ და ილიამ. ოლღას ნინო ორბელიანის ხელით ილიასთვის წერილი გაუგზავნია, რასაც პოეტმა ასე უპასუხა: "მითხარით, - სად შეგხვდეთ. დროის გამო ნუ შეწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ, ერთი დღით ადრე მაცნობეთ, ი.ჭ." (1863 წლის 16 იანვარი)

მორიგი წერილით ოლღამ თავის სახლში დაიბარა ილია, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: "მე მგონია, ხიფათში იგდებთ თავს, როცა პაემანს მინიშნავთ თქვენს სახლში, სადაც ასი თვალი გვითვალთვალებს. მე ბევრი რამის, ძალიან ბევრი რამის გამო მინდა, გესაუბროთ… ყველაფერს აჯობებს შევხვდეთ სადმე სხვაგან, თქვენი სახლისაგან მოშორებით, მაგალითად ტაძარში. მაგრამ რა საკვირველია, ნება თქვენია. მიბრძანეთ, რასაც ინებებთ, მე ყველაფერს შევასრულებ, ოღონდ, გთხოვ, ეს დაიმახსოვრეთ: არავის არ უთხრათ არაფერი, არავის ენდოთ, ადამიანნი ყოველთვის ბოროტნი არიან, ძნელად თუ ვინმემ დაფაროს საიდუმლო, მით უმეტეს, ისეთი შინაარსისა, როგორიც თქვენია. თქვენი ილია".

ილიას წერილი შეხვედრის შესახებ:

"გუშინდელი დღე დიდებული რამ იყო, მაგრამ უცნაური ის არის, რა ბევრის თქმა გვინდოდა და რა ცოტა ვილაპარაკეთ. რა იქნება ერთხელაც შევხვდეთ? გინდაც შევხვდეთ, ერთმანეთს ალბათ ისევ ვერაფერს ვეტყვით… მომიტევე, თუ შეგიძლია. ჩემს მაგივრად აკოცე შენ თავს".

"შენი ჭირიმე ოლიკოჯან, შემატყობინე, რა გაწუხებს? სატირალი და საწუხარი რა გვაქვს მე და შენ? შენ გეთაყვანე, ყველაფერი მომწერე ამაღამვე"...

"დიახ, ჩემო მეგობარო, მე და შენ დაავადებული ვართ ერთი სენით - სიყვარულით".

ცნობილია, რომ ილიას პირად ნივთებს შორის, წერილებთან ერთად, ყუთში ფერდაკარგული ხმელი ყვავილები ინახებოდა, რომლებიც ოდესღაც ჭაბუკ ილიას სატრფოსთვის უჩუქებია. მართალია ყველამ იცოდა მათი სიყვარულის ამბავი, მაგრამ 1862 წლის 10 აპრილს წმინდა სამების ტაძარში მაინც ფარულად იქორწინეს. "...ოლიკო! თუმცა დაგპირდი, რომ ხვალ წერილს არ მოგწერ-მეთქი, მაგრამ ვერ მომითმენია, შე გიჟო! რაზედ გამაგიჟე პატიოსანი, დარბაისელი რექტორი. მე ვინა და შუაღამისას ქალთან წიგნების წერა: ამაზედ არი ნათქვამი გლეხური ანდაზა: "ნუ შეხვალ, ნუ იბანებო, ნუ გამოხვალ და ნუ თრთიო"...

კონსტანტინე გამსახურდია რებეკა ვაშაძისადმი

"ასე ხდება ყველგან, საცა სიყვარული ადნობს ინდივიდუალობის უკარებ ყინულს, განა მე გეუბნები, გინდა თუ არა ჩემი სამშობლო შენად გაიხადე-მეთქი?! არა, ეგ უსტყვოდ უნდა მომხდარიყო. შენ უნდა დაამსხვრიო ყველა კერპები, თუკი ასეთები შენ გყავს და ჩემ ღმერთზე უნდა ილოცო - სამაგიეროდ, მიიღე ჩემგან უსპეტაკესი სიყვარული, სამაგიეროდ, მიიღე ჩემგან ყველაფერი. მე ხომ შენი ერთი გაცინება მირჩევნია ყველა მათ. მაგრამ დამიჯერე, თუ ჩვენ ერთ ტაძარში არ ვილოცეთ, გული დაიფერფლება. ყოველი ჩვენგანი სულიერი მარტოობით იქნება მოცული. და უკეთუ ეს ასე არ მომხდარა, ეს იმის მომასწავებელია, რომ მე შენს თვალში ფრიად მცირე ღირსებათა მატარებელი ვყოფილვარ.

ღმერთო, რა ვქნა, ისე დავწერე, რომ ეგონება ადამიანს, ეგ თავნება ქმარი უკვეთავს ცოლს "თავის მოდაზე" იაროს. ოჰ, რევა, თუ მე გიყვარდე, უსიტყვოდ გაიგე ჩემი ტკივილი, ჩემო სულო, გლახად არ მიიღო. გაფიცებ ჩვენ უანგარო წმინდა სიყვარულს, გაიგე ის, რაც ჩემს გულს აწუხებს. აკი შენ ჩემი გესმოდა, ჩემო. როგორ დავიჯერო, გოგო, რომ ჩემი წყლულით შენ არ იყო დაკოდილი, რომ ჩემი ცოდვები შენც არ გწვავდეს მაგ გამხდარ ლოყებს?" (ბერლინი)

გალაკტიონ ტაბიძე ოლია ოკუჯავას

"...შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარობ, ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი? რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებად წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გსურს. ოლია, ნუ სწუხარ დაკარგულ იმედებს და აუსრულებელ მიზნებს - დაივიწყე!..

* * *

...როგორი კილოთი მწერ უკანაკსნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გრწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ვისაც რა უნდა, ისა სთქვას, …ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა, უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს. იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ, არავინ არ მიყვარს"…

ივანე ჯავახიშვილი ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანს

"ჩემო მშვენიერო, ჩემო კეთილო, ჩემო ლამაზო ანგელოზო, სტაზიაჯან! დღეს მესამე წერილი მივიღე შენგან. ჩემო იმედო, დაგიკოცნი ხელებს, რომ შენი წერილებით დამამშვიდე და ნათელასი და შენი ამბავი შემატყობინე. ჩემო გვრიტო, იმედი მაქვს, რომ შემდეგაც გაანებივრებ შენს ვანოს და ყოველთვის, როცა დრო გექნება, თქვენი აზრით გამახარებ. თითოეული შენი წერილი არ შემიძლიან, რომ რამდენჯერმე არ გადავიკითხო ხოლმე. მინდა, რომ შეუწყვეტლივ მიმდინარეობდეს იგი და შენი ალერსიანი ხმა ჩემს ყურს ატკბობდეს. სულ თქვენს საგონებელში ვარ, სულ თქვენზე ვფიქრობ და ვოცნებობ იმ ნეტარ დღეზე, როცა თქვენ, ჩემო სიხარულო, აქ, ჩემთან მეყოლებით" (1909 წელი)

* * *

"მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სკრიპკას უკრავ. იცი, ჩემი მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას თავს ნურც როდის, თუ ისე დაანებე, მაშინ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები, კონცერტები გამართე-მეთქი, არა, მე მინდა, მხოლოდ, რომ ამ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო,… მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება. მე ბედნერი ვარ, რომ შენ ჩემი თვალის ჩინი, ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურება. თითქოს მე ვემსახურებოდე, იმიტომ რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთს არსებას წარმოვადგენთ, ძლიერი სიყვარული და გულითადი მეგობრობა გვაერთებს ჩვენ, მე ბედნიერი ვარ, როცა შენ უკრავ ხოლმე იმიტომ, რომ რასაც არ უნდა უკრავდე შენ, მე ვიცი, რომ სიყვარული, ჩვენი მხურვალე სიყვარული მოიმკის ხოლმე".

"ერთი კვირა წერილის მოუსვლელობა, რასაკვირველია, არაფერია, სხვები, როგორც ვხედავ, ახალჯვარდაწერილი ცოლ-ქმარნიც კი ერთიერთმანეთს ორ კვირაში ერთხელ უგზავნიან წერილებს! მაგრამ, რა ვქნა, ჩემო გულის სატრფოვ, რომ ჩვენ ასე განებივრებული ვართ და ათი წლის სიყვარულის მიუხედავად, ტრფობის ალით არის მოცული წინანდებურად ჩვენი არსება. სტაზიაჯან, იმედი მაქვს, რომ შენი მშვენიერი ვიოლინო ტფილისში ჩამოიტანე და თანდათან მის დაკვრას განაახლებ ჩემ გულისთვის მაინც. შენ ხომ კარგად იცი, რა ბედნიერი ვიქნები, რომ ეს ჩემი ნატვრა განახორციელო".

აკაკი წერეთელი ტასო მაჩაბელს

აკაკი წერეთლის ურთიერთობა მეუღლესთან, ნატალია ბაზილევსკაიასთან პოეტისთვის ტრაგედია გახლდათ. პეტერბურგში აღზრდილმა ქალმა, სოფელში ცხოვრება ვერ შეძლო, აკაკი სხვიტორში მიატოვა და ერთადერთ ვაჟთან, ალექსისთან ერთად, პეტერბურგში დაბრუნდა. მარტოდმარტო მცხოვრები მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ივანე მაჩაბლის ოჯახმა დაიკავა. ასე რომ, ცნობილია მაჩაბლის მეუღლე - ტასოსთან აკაკის მეგობრობა და მისდამი მიძღვნილი სატრფიალო წერილები და ლექსები...

"20 წლის განმავლობაში მე შენ მიყვარდი ისეთის აღტაცებითა და აღფრთოვანებით, როგორიც შესაძლოა მხოლოდ რჩეულისათვის. გეტრფოდი სრულის არსებით. უშენოდ ქვეყანა ვეღარ წარმომედგინა. დიდხანს ვინახავდი საიდუმლოდ, როგორც წმინდა ლოცვას. ეს წერილიც ჩემი სულის და ხორცის გაყრაა. თურმე, ჩემი არამკითხე მისწრაფებით სასაცილო ვყოფილვარ და თანაგრძნობის ნაცვლად, თქვენი მხრიდან გულგრილობა გამომიწვევია. მაპატივეთ... ნათქვამია, ვისაც ბევრად უყვარს, ბევრიც ეპატიებაო. მაპატივეთ დღეიდან მკვდარს და თვით მკვდარად მიგულეთ, რომ ჩემმა სახსენებელმაც კი ჩრდილი არ მიაყენოს თქვენს ნათელმოსილ ნეტარებას. მშვიდობით, სამარადჟამოდ".

ტასო გაბრაზდა და მასთან კავშირი გაწყვიტა, თუმცა დროებით... მერე მიხვდა, რომ ისეთ დიდ ადამიანს, როგორიც აკაკი წერეთელია, ბევრი რამ ეპატიება და ისევ შემოტრიალდა... საინტერესოა ასევე აკაკის რძლის, მარიამ ციციშვილის მოგონება: "ჩემი აზრით, აკაკის სამი რამე უყვარდა ქვეყანაზე. ეს იყო მისი პირველი სიყვარული ანიჩკა ნიკოლაძე, ნიცა წერეთელი და ტასო მაჩაბელი, მაგრამ მისი უპირველესი სატრფო სამშობლო იყო".

ტასო მეუღლის დაკარგვის შემდეგ აღარ გათხოვილა, საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, ხოლო აკაკისთან მისი დამოკიდებულება, როგორც ამბობენ, ბოლომდე წმინდა მეგობრული გახლდათ.

AMBEBI.GE-სთვის მომზადა ლალი ფაციამ

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს