ქუთაისელმა ჟურნალისტმა მერიიდან სარვამარტო მოსაწვევები "გაიტაცა" და ბაზარში ქალებს დაურიგა

ქუთაისელმა ჟურნალისტმა მერიიდან სარვამარტო მოსაწვევები "გაიტაცა" და ბაზარში ქალებს დაურიგა

ქუთაისის მერიიდან სარვამარტო მოსაწვევების დაუკითხავად წაღების გამო, ჟურნალისტი პოლიციაში დაიბარეს. ჟურნალისტ ლევან ქემოკლიძის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისში, დღეს, 8 მარტთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტის ბილეთების "გატაცებას" ედავება.

ჟურნალისტმა ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზეც დაწერა და მერიას მიმართა: "8 მარტს რომ "რჩეულ'' ქალებს ულოცავთ დღესასწაულს და ამისთვის ბიუჯეტიდან ფულს იხდით - ახლა რომ დავრეკე თეატრში და მეტონიძის კონცერტისთვის ბილეთები ვიკითხე (საჩუქრად მინდოდა დედაჩემისთვის) რატომ მპასუხობენ რომ მერიის დახურული კონცერტია და ბილეთები არ იყიდება? თუ აფისანსებთ ყველასთვის მაინც გააკეთეთ, ღია ცის ქვეშ მოაწყვეთ, სადაც ყველა ქალი შეძლებს სურვილისამებრ დასწრებას... ქუთაისის მერიის პრესსამსახური პ.ს ქუთაისის კულტურის სამსახური დაგეცათ მეხი!"

იხილეთ ვიდეო

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ქემოკლიძე ამბობს, "მივედი მერიაში და ვუთხარი, რომ ბილეთები მინდოდა, რაზეც მათ უარი მითხრეს. მიპასუხეს, რომ ბილეთები აღარ ჰქონდათ. ამის შემდეგ დავინახე, რომ მაგიდაზე იდო ბილეთები, ავიღე 16 ბილეთი და ქუთაისის ბაზარში მომუშავეებს დავურიგე. ამის მერე შევიტყვე, რომ მერიამ პოლიციაში მიჩივლა", - განაცხადა ქემოკლიძემ. ბაზარში მომუშავე ქალებისთვის დარიგებული ბილეთების ფოტოები ჟურნალისტმა სოციალური ქსელშიც გამოაქვეყნა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით კი, გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას ქემოკლიძის მხრიდან. "მერიაში მას განუცხადეს, რომ ეს მოსაწვევები სოციალურად დაუცველი ქალბატონებისთვის იყო, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა და ბილეთები მაინც აიღო. ასევე არ ვიცით, რა წაიღო მან მოსაწვევებთან ერთად. ყველაფერს გამოძიება დაადგენს,"- აცხადებს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია.