რა ელით ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს უვიზო რეჟიმის პირობებში

რა ელით ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს უვიზო რეჟიმის პირობებში

ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება ნიშნავს, რომ ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების თხოვნით, AMBEBI.GE დაინტერესდა, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ამოქმედდება თუ არა რაიმე განსაკუთრებული წესი საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად წასული ქართველებისთვის. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, არალეგალურად წასული ქართველებისთვის განსაკუთრებული წესი არ ამოქმედდება და ასეთი პირების არალეგალურად ყოფნის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი გაძევებულ იქნებიან ქვეყნიდან და აეკრძალებათ შენგენის ტერიტორიაზე შესვლა უვიზო რეჟიმის მიუხედავად.

"უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გავრცელდება მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნება დაჰყოს ევროკავშირის/შენგენის წევრი შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში არაუმეტეს 90 დღისა. 90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ტერიტორია. ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.

90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკვე იმყოფებიან არალეგალურად ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ ისარგებლებენ და მათზე არავითარი განსაკუთრებული წესი არ გავრცელდება. ასეთი პირების არალეგალურად ყოფნის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი გაძევებულ იქნებიან ქვეყნიდან და აეკრძალებათ შენგენის ტერიტორიაზე შესვლა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიუხედავად", - განუცხადეს AMBEBI.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თუ შესაძლებელია თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ, თუ არა, მაშინ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში.

"ყველას შეგხვედრიათ ალბათ ჩვენი მოქალაქე, რომელიც არალეგალურად ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყანაში. ყოფილა ისეთი ტრაგიკული სიტუაცია, როდესაც იმის შიშით, რომ თუ საქართველოში დაბრუნდება, უკან ვეღარ შევა, საკუთარი ოჯახის წევრის გასვენებაშიც არ ჩამოსულა. პირველი ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ ალბათ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი არიან, სასწრაფოდ გადადგან ნაბიჯები და თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ თუ ეს შესაძლებელია. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეეცადონ, რომ უკვე როდესაც დადგება უვიზოდ მიმოსვლის დღე, ახალ პირობებში კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყანაში. თუმცა პრობლემა ის არის, რომ უვიზოდ მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის ქვეყანაში ცხოვრებას", - განაცხადა წულუკიანმა.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია