"მიუტევე, რამეთუ არა იციან რას იქმან" - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ შენდობის შესახებ

"მიუტევე, რამეთუ არა იციან რას იქმან" - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ შენდობის შესახებ

"მიუტევე, რამეთუ არა იციან რას იქმან" (ლუკ.23.34.)- ვის შეეძლო ეთქვა ეს სიტყვები თუ არა ღმერთს. ვის შეეძლო გაემართლებინა კაცობრიობის ყველაზე უგუნური და უგულო საქციელი - თუ არა ღმერთს, ვის შეეძლო ამ მოკლე და ყველაფრისმთქმელ წინადადებაში ჩაეტია მთელი სიყვარული შემოქმედისა შექმნილთა მიმართ - თუ არა ღმერთს. ეს ერთი წინადადება არის საკმარისი პირობა იმისა, რომ ადამიანებმა ქრისტეს ღმრთაებრიობაში ეჭვი არ შეიტანონ. აბა დავფიქრდეთ, ადამიანები, რომლებიც უმცირეს გადაცდომასაც არ პატიობენ ერთმანეთს, აპატიებენ თუ არა ტყუილად დადებულ ბრალს. ამ ბრალში კი მარტო სიტყვიერი ბრალდება კი არ იგულისხმება, არამედ გვემა, დაცინვა, ნერწყვა, ეკლის გვირგვინი, გოლგოთა და ჯვარცმა, და ყველაფერი ამის შემდეგაც კი - "მიუტევე, რამეთუ არა იციან რას იქმან".

ბერი იოსებ ათონელი წიგნში "მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა" გვმოძღვრავს: "ნებისმიერი შეცდომის დაშვებისას სინანულით ადამიანს მიეტევება ცოდვა, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე რჩება მის შესახებ წარმოდგენა.

და როცა ადამიანი ოდნავ ჩათვლემს, მოდუნდება, მას, ცხადად თუ ძილში, ისევ ეცხადება ეს ყველაფერი, გულისსიტყვა ან გონება მაინც გაუფანტოს.

ვერ ხედავ დავით წინასწარმეტყველს, როცა ნათანი მას ბერსაბეს გამო ამხელს? ის ღაღადებს: "ვცოდე წინაშე უფლისა!" ხოლო წინასწარმეტყველი ეუბნება: "და უფალმანცა მიგიტევნა ცოდვანი შენნი". ამგვარად, მას მაშინვე მიეტევა, მაგრამ ამის გამო ცხოვრების ბოლომდე იხდიდა სასჯელს.

ჯერ ბერსაბეს ნაშრობი შვილი დაიღუპა, შემდეგ მისმა პირმშომ შსეცოდა ქალიშვილ თამართან, თავად დავითს კი შვილი აბესალომი დევნიდა... ეს ყევლაფერი შენდობის შემდეგ მოხდა. როგორც ხედავ, ცოდვა მიეტევება, მაგრამ რჩება დაცემის შესაბამისი ეპიტიმია. გახსოვს წმინდა თეოდორა ალექსანდრიელი, რომელიც ბერივით ცხოვრობდა? შესცოდა, გაიქცა, შეინანა, განიწმინდა, მაგრამ მრუშობისთვის ეპიტიმია არ დადებია. როცა ტყუილუბრალოდ დაადანაშაულეს და გააძევეს, სხვისი შვილი გაზარდა, მარტო მან იცოდა, რისთვის წამებდნენ ცილს. ხოლო დიდი ეფრემი? საპყრობილეში არ ჩასვეს ვითომ ხბოს მოპარვისთვის, თუმცა კი წმინდა იყო? "მართალია,-უთხრა უფალმა,-ახლა არ მოგიპარავს, მაგრამ ბავშობაში ხბო არ გამოხსენი და ის ნადირმა შეჭამა".

ამრიგად, თუმცა ადამიანს მიეტევება ცოდვა, მაგრამ წარმოდგენა შეცოდებაზე და ამ წარმოდგენის მოქმედება რჩება. და რადგან შენ ბოლო ხანებში გაზარმაცდი, ღვთის დაშვებით, გამოსაფხიზლებლად მაცდური შემოგიჩნდა. ამიტომ ადექი და შეჰღაღადე: "ძეო დავითისო, მსურს რაითა აღვიხილნე თვალნი!" და აი, შენს გვერდით ნათლისმომცემელი იესოა, რომელიც სინანულისა და ღვთაებრივი ცოდნის ნათელს განიჭებს.

ამრიგად, შვილო, წარსულზე არ ვდარდობ, არამედ მომავლის გამო ვხარობ. რადგან უმცირესი უმჯობესისგან იკურთხება, და ცოდვა, მცირე თუ დიდი, ჭეშმარიტი სინანულით განქარდება. ამიტომ, ნუ უყურებ მას, რაც უკანაა, არამედ, რაც წინაა, იმას მისწვდი.

ძალიან მიხარია, რომ შეცნობა გინდა, შვილო. ეს კარგი ნიშანია: როცა ვინმეს შემეცნება უნდა, რაღაცას მიაღწევს, სხვაგვარად არ ხდება. და თუ ვერ შეძლებს, ის მაინც ეცოდინება, რომ სხვები აკეთებენ ამას. თავის მაყვედრებელი მდაბლდება, განსამტკიცებლად ღმერთს სთხოვს წყალობას. და ასეთი გზით აღწევს სათნოებაში წარმატებულთა ხარისხს."

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

ყველა ქრისტიანის მისია, ცხოვრების აზრი ცხონებაა. მოვა ჟამი, როდესაც ადამიანი ღვთის წინაშე წარსდგება და უნდა გამართლდეს თავისი ცხოვრებით. სასუფეველი თავმდაბლობით, მოთმინებით, მორჩილებით და სიყვარულით მოვიპოვება. ადამიანების უმეტესობა ერში ცხოვრობს. ნაწილი, რომელიც რჩეულია მონასტერში, ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას აგრძელებს და ამგვარადი წესით ცდილობს წუთისოფელში ცხოვრებას.

მიტევების ყველაზე დიდი მაგალითი თავად უფალმა, იესო ქრისტემ მოგვცა.. როცა ის ჯვარცმული იყო ასეთ სიტყვებს ამბობდა,-"მიუტევე უფალო, რამეთუ არ იციან რას იქმან". მაცხოვარმა ყველას აპატია, მთელს კაცობრიობას და სწორედ ამიტომ გაიხსნა სასუფევლის კარი. დაიმსხვრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და დავბრუნდით აღთქმულ ქვეყანაში. უფალმა ყველაფერი მოგვიტევა... რომ არა მიტევება ჩვენ არ გვექნებოდა ბედნიერება რომ დავბრუნებულიყავით აღთქმულ ქვეყანაში ანუ სასუფეველში. ამით ჩვენ გავხდით სასუფევლის მკვიდრნი და მოგვეცა იმის საუშუალება, რომ მივემსგავსოთ უფალს, ავმაღლდეთ ზეცად, სადაც უფალია თავის ტახტზე დაბრძანებული. საუფლო ლოცვაში-"მამაო ჩვენო", ვამბობთ,- "მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოძულეს და მაჭირვებელს, ისე მიგვეტევება ცოდვები. "ყოველი კაცი ცრუ არს", რამეთუ არ არსებობს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ჩვენ ისე ვართ მიჯაჭულები მიწიერს და იმდენად არის ჩვენში მიწიერი ბუნება , რომ ნებსით და უნებლიეთ ყველა ადამიანი სცოდავს ღვთისა და ადამიანების წინაშე. ყოველივე ეს მონასტერშიც მკვეთრად აისახება. ბოროტი მძლავრობს და სურს ჩვენში შფოთი, აურზაური, მტრობა, შუღლი შემოიტანოს. ამას ჩვენ ვძლევთ ურთიერთპატიებით და მიტევებით. ყოველდღე, საღამოს ლოცვის შემდეგ ყველა მონასტერში შენდობის წესი აღესრულება. მონასტრის თითოეული წევრი ლოცვის შემდეგ ერთმანეთსიგან პატიებას ითხოვენ. მონასტრის წევრები განაწყენებულნი არ უნდა იყვნენ ერთმანეთზე და ვალდებულნი არიან მზის ჩასვლამდე ერთმანეთს შეუნდონ.

***

შობის მარხვაში ბედნიერება გვქონდა უწმინდესთან მივსულიყავით და მიგველოცა აღსაყდრება, დაბადების დღე. მონასტრის წევრები ვიყავით უწმინდესთან და მივულოცეთ სადღესასწაულო დღეები.უწმინდესთან გურული ნობათით ხელდამშვენებულები მივედით. ღვთის წყალობით ჩვენი სულიერი მამისადმი სიყვარული გამოვხატეთ. იმ დღეს უწმინდესმა იქადაგა და ასეთი ისტორია მოგვიყვა: რუსეთში, ერთ-ერთ ციხეში დატუსაღებულ პიროვნებასთან რუსი მოძღვარი შევიდა და მისგან აღსარება ჩაიბარა. ტუსაღმა მოუთხრო მას შემდეგი რამ. როცა იგი ერში ცხოვრობდა, ჰყავდა მშვენიერი მეუღლე, ჭეშმარიტი ქრისტიანი, კეთილშობილებით, სიწმინდით და სიკეთით სავსე ქალბატონი. ბოროტი ისე გამძვინვარდა, მის მეზობლად მყოფ მამაკაცს ცუდი ფიქრები ჩაუსახა. შეუყვარდა ეს ქალბატონი. მეზობელი მამაკაცი ცდილობდა ამ ქალის გული მოგებას და ერთ დღესაც მასთან მივიდა, რათა თავისი გულისთქმა გაემხილა და სურდა ამ სიყვარულზე დაეთანხმებინა. მტკიცე უარის შემდეგ ბოროტმა ისე შეიპყრო, რომ დანა აიღო და ეს ქალი ცივი იარაღით მოკლა. ამ დროს შემოვიდა მისი მეუღლე. ასეთი საზარელი სცენის შემხედვარეს თავში ათსგვარი შურისძიების აზრები დაუტრიალდა. ამ დროს მოკლული ქალბატონის მეუღლის წინ მუხლმოდრეკით მივიდა მკვლელი და მიაწოდა ეს იარაღი. დამნაშავე ვარ,- უთხრა, ასე ავყევი ბოროტ გულისთქმებს, თქვენი მეუღლე ბოლომდე თქვენი ერთგული, სიკეთით და სილამაზით სავსე ქალბატონი იყო, მე ის შემიყვარდა, ჩემმა სიყვარულმა ისე გამაბოროტა, რომ ის მოვკალი. მზად ვარ სასჯელისთვისო. მისმა მეუღლემ ამგვარი სინანული რომ დაინახა, შეუნდო და მისი სახლის დატოვება სთხოვა. როცა იგლოვა გარდაცვლილი მეუღლე ასეთი რამ გადაწყვიტა, წავიდა სამართალდამცავებთან და განაცხადა, მე მოვკალი ჩემი ცოლიო. ამის გამო ის შორეულ ციმბირში გადაასახლეს და სასჯელს იქ იხდიდა.

საპყრობილეში პატიმრებს შორის მკვლელობა მომხდარა, ისიც თავის თავზე აუღია ამ მამაკაცს. მოძღვარი საუბრის დროს გაოცებული ეკითხება თურმე,-რატომ? როგორ აიღო ეს საკუთარ თავზე? მან ბრძანა - მე ვიტვირთე ამ ადამიანების ცოდვაები. მსურდა ამ ცოდვებით მათი ცხოვრება შემემსუბუქებინა. მათი ჯვრის სიმძიმე ვიტვირთეო. ჯერ როგორ მიუტევა მან, როგორ შეძლო მისი მიტევბა და როგორ იტვირთა ასეთი მძიმე ცხოვრების ჯვარი. ბოლოს რა შედეგი მიიღო მან ამ დათმენისთვის, ამ მოწამეობრივი ღვაწლისთვის.

წმინდა სოფიოს სამივე შვილი აწამეს. სამივე მოწამეობრივად აღესრულა. წმინდა სოფიო მოწამეობრივად არ აღსრულებულა, მაგრამ ისიც მოწამეა. მან თავისი სამი შვილის მოწამეობას რომ უყურა მათ საფლავებთან გარდაიცვალა და ისიც მოწამე გახდა. მიტევების როგორი მაგალითი გვიჩვენა ამ ადამიანმა. სიყვარული, ურთიერთმიტევება თუ არ გვექნება ვერავინ შევა ცათა სასუფეველში. უფალი ბრძანებს, თუ თქვენ გვერდში მდგომი არ გეყვარებათ, მე როგორ შემიყვარებთო. უფალმა მოგვმადლოს მიტევების, ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის ნიჭი, რომელიც ასე გვჭრდება დღეს საქართველოში.

ისეთ შემზარავ ფაქტს გავიგებთ ხოლმე ტელევიზიით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ღვთივკურთეულ მიწაზე, სადაც ერთი გოჯი მიწა რომ აიღო და ხელი მოუჭირო მოწამეების სისხლით არის მორწყული და ამ მიწაზე დღეს ძმა-ძმას კლავს და რის გამო? უსიყვარულობა გამეფდებაო და ეს იქნება ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი მეორედ მოსვლისო. ღმერთო შეგვიწყალე. უფალმა მოგავნიჭოს განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. როგორც უფალი ბრძანებს, შვიდგზის მიუტევოთ ერთმანეთს და ასე ვიცხოვნოთ ჩვენი თავი. ერთი მართლის ლოცვა მის ირგვლივ ათასობით ადამიანს აცხოვნებს. სიყვარული ისეთი გადამდებია რომ აპატიებ, სხვაც გაპატიებს. მღელვარე, აბობოქრებულ ზღავში ადამიანი რომ ხარ და ნუგეშს ვერ პოულობ, ასე სურს ბოროტს შეგვიყვანოს განსაცდელში და აბობოქრებულ ზღვაში გვატაროს. ამ დროს ურთიერთპატიება, ურთიერთმიტევება როგორც სულიწმინდის მადლი გარდამოეფინება და სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოვა. ასე გარდამოეფინება მადლი დაპირისპირებულთა შორის და სიმშვიდე, სიხარული დაისადგურებს ჩვენს გულში. სადაც სიხარულია, იქ სიმშვიდეა, სადაც სულიწმინდაა, იქ არის სასუფეველი და უფალი იესო ქრისტე.

- დედაო, რა მიეტევება ადამიანს და რა არ მიეტევება?

- რასაც ადამიანი გულით ითხოვს ყველაფერი მიეტევება. ვიდრე ცოცხალია ადამიანი და ითხოვს, ღმერთო , შემიწყალე მე ცოდვილი. ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა და შემიწყალე. როგორც მეზვერე შეიწყალა და ჯვარზე გაკრული ავაზაკი შეიწყალა, ასე შეგვიწყალებს თითოეულ ჩვენთაგანს. ოღონდ გადავდგათ ნაბიჯი, ღმერთო მილხინე ცოდვილსა და შემიწყალე მე და უფალი არასოდეს დაგვტოვებს. ყველაფერს გვაპატიებს. გულში ჩაგვიხუტებს და ხელში აგვიყვანს და ისე გვატარებს. ბოლოს შეგვიყვანს ცათა სასუფეველში. ამინ!

უფალმა ჩვენი ცოდვების გამო რამდენი რამე დაითმინა, ჯვარზე გაეკრა, უმძმესი და საშინელი ტკივილით აღესრულა იმისათვის, რომ ჩვენთვის გახსნილიყო ცათა სასუფეველი და გავმხდარიყავით ცათა სასუფევლის მკვიდრი.

***

ერთი ფატერიკი გამახსენდა, ერთი ბერი მივიდა მოძღვართან და ეუბნება, მამაო, მე ათასი ბოროტი ფიქრი მომდის თავში. მაშინ ბერმა გაშალა თავისი მანტია და უთხრა,-შვილო, ეს მანტია დააკავებს ბოროტისგან მოწოდებულ ფიქრს? ვერ დააკავებს. მთავარია, თავზე ბუდე არ გავაკეთებინოთ. ფიქრს ფრთები არ შევასხათ და ხორცშესხმა არ ჰპოვოს ჩვენში.

დიდება უფალს... ჩვენდა სამწუხაროდ ადამიანს ღმერთი უფრო განსაცდელების ჟამს ახსენდება. ღმერთი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ყოველდღე უნდა გამოვხატოთ უფლის დიდებით. ვმადლობდეთ უფალს, რომ უფალმა გაგვითენა ეს დღე სადიდებლად უფლისა და გევძლევა ეს დღე, რომ მოვიმუშაკოთ, რაღაც სიკეთე გავაკეთოდ. ჩვენს გვერდით მდგომ ადამიანს რაღაც მიუძღვნათ, კეთილი სიტყვა ვუსურვოთ, გავუღიმოთ. თუ ვერაფერი დახმარება შევძელით კეთილი სიტყვის თქმა ხომ შეგვიძლია. გავუღიმოთ ერთმანეთს და სიყვარული ასეთნაირად გამოვხატოთ . პირადად მე ძალიან მახარებს, როცა ადამიანს სიკეთით სავსეს ვხედავ. ვხედავ რომ მასში ღმერთი და უფლის ანგელოზები არიან. ღვთის მოშიშს და მოიმედეს უფალი არასოდეს მიატოვებს.

ღმერთმა ინებოს, ერთმანეთის ჯვრის ტვირთვა შევძლოთ. ღმერთმა ინებოს, რომ ღვთის ძალით და ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის ცოდვების მიტევებით მივიტანოთ ჩვენი ჯვარი უფალთან და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი.

karibche.ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია