"აბაზანის ხალათი ეცვა, დედაჩემის ფირუზისფერი ხელთათმანი ეკეთა და ორი დანა ეჭირა" - ქეთევან იგნატოვა დაყაჩაღების დეტალებზე

"აბაზანის ხალათი ეცვა, დედაჩემის ფირუზისფერი ხელთათმანი ეკეთა და ორი დანა ეჭირა" - ქეთევან იგნატოვა დაყაჩაღების დეტალებზე

მხატვარი და ჟურნალისტი ქეთევან იგნატოვა ორი დღის წინ დააყაჩაღეს. იგნატოვას თქმით, თავდამსხმელმა მას და მის მეუღლეს ჭრილობებიც მიაყენა და ნაძარცვი წაიღო. დაზარალებულები უკვე დაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო.

დეტალებზე ქეთევან იგნატოვა AMBEBI.GE-ს ესაუბრება:

- 14 მარტს ღამით მოხდა ჩვენს ოჯახზე თავდასხმა. თავდამსხმელმა ჭრილობებიც მოგვაყენა, ჩემი მეუღლე ხელში და ფეხში დაჭრეს, მე კი ყელის არეში მაქვს მიყენებული ერთი ჭრილობა. თავდამსხმელი ჩვენს სახლში თავდაპირველად ქურდობისთვის შემოვიდა და დაახლოებით საათნახევარი მძევლად ჰყავდა აყვანილი ჩემი ხანდაზმული ნათესავები, მათ შორის 75 წლის მამაკაცი, მისი მეუღლე, მათი ქალიშვილი და მცირეწლოვანი ბავშვი.

ამ დროს დავბრუნდი მე სახლში და მეც მძევლად ამიყვანა. მომხსნა ბებიაჩემის ნაჩუქარი ბეჭედი, ჩანთიდან ამოიღო ფული. როდესაც ჩემი მეუღლე დაბრუნდა, მან გაუწია წინააღმდეგობა და სწორედ ამ დროს მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ჩემმა ქმარმა სკამი და საფერფლე ჩაარტყა. მეც ჩავერიე ჩხუბში და ზურგში ლეპტოპი ჩავარტყი თავდამსხმელს. ამ დროს მოტრიალდა და დანა გამიყარა ყელში. უცებ დადგა სისხლის გუბე ჩემს გარშემო. ატყდა კივილი, სასწრაფო გამოვიძახოთო. ამ დროს ეტყობა დაფრთხა. თქვა კიდევაც, საქურდლად მოვედი და ყაჩაღობა "გავიჩალიჩეო", შეეშინდა, მკვლელობაც არ მომხდარიყო. თვითონაც შეეშინდა და გაიქცა.

იხილეთ ვიდეო| როგორ გამოიყურება ქეთევან იგნატოვას დარბეული სახლი დაყაჩაღების შემდეგ

- რა დროს მოხდა თავდასხმა?

- თავდასხმა ღამის 12 საათისთვის მოხდა. მან იცოდა, რომ სახლში ვიღაც დახვდებოდა, მაგრამ არ ელოდა თუ გაუწევდა წინააღმდეგობას ჩემი მეუღლე. ჩემმა მეუღლემ მას საფულე მისცა და ამის შემდეგ ჩაარტყა სკამი.

- რა არის წაღებული სახლიდან?

- მე ორასი ლარი მქონდა საფულეში, ჩემს მეუღლეს 400 დოლარი. ასევე წაღებულია ორი ლეპტოპი, ჩემი ღირსების ორდენი, მამაჩემის ჯილდოები, ბიჟუტერია და ა.შ. ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვი რა წაიღო, რადგან კრიმინალისტები არ მაკარებდნენ იმ ტერიტორიას, მეორე დღეს დაკითხვაზე ვიყავი და ფიზიკურად არ მქონდა თავი შემემოწმებინა, რა წაიღო. ისეთი დეგენერატი იყო, შეიძლება ტანსაცმელიც წაიღო.

- ნიღბიანი იყო თავდამსხმელი?

- ნიღბის გარეშე იყო. მე როცა სახლში მოვედი, კომიკურად ჩაცმული დამხვდა. ჩემი მამიდაშვილისთვის გამოურთმევია ხასხასა მწვანე აბაზანის ხალათი, ეს ხალათი ეცვა, ხელზე კი დედაჩემის ნაქონი, ფირუზისფერი ტყავის ხელთათმანები ეკეთა და ხელში ორი დანა ეჭირა. დარწმუნებული ვარ, ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

- შეგიძლიათ მისი ამოცნობა?

- სტრესის გამო მიჭირს მისი ამოცნობა, მაგრამ შემთხვევის დროს, სახლში ხუთი ადამიანი ვიყავით და მე თუ ვერ ამოვიცნობ, მათ ახსოვთ მისი სახე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია