"მე უნდა მეგო შეცდომაზე პასუხი..." - "ინტერპრესნიუსის" ყოფილი მთავარი რედაქტორის გულახდილი ინტერვიუ

"მე უნდა მეგო შეცდომაზე პასუხი..." - "ინტერპრესნიუსის" ყოფილი მთავარი რედაქტორის გულახდილი ინტერვიუ

ყველა პროფესიის ადამიანს აქვს თავისი სამაგიდო წიგნი. ჟურნალისტებსა და საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც ახალი ამბები აინტერესებთ, აქვთ თავისი "სამაგიდო საიტი" - IPN.GE ("ინტერპრესნიუსი"). ძალიან ბევრი ადამიანისთვის სწორედ "ინტერპრესნიუსია" ბარომეტრი ამა თუ იმ მოვლენის მნიშვნელობის შეფასებისთვის და ობიექტური, ამომწურავი ინფორმაციის მიღებისთვის. სააგენტოს ასეთი იმიჯისთ­ვის იოლად არ მიუღწევია. ამის უკან დგას მრავალწლიანი შრომა, რომლის მთავარი პრინციპებია მკითხველისთვის მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება.

თუმცა, ხარვეზი და შეცდომა ყველაზე აწყობილი მექანიზმის პირობებშიც არ არის გამორიცხული. სწორედ ეს მოხდა 11 მარტს, როდესაც "ინტერპრესნიუსმა" საიტზე განათავსა ამბავი იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. შეცდომა ის იყო, რომ ნიუსის ტექსტში მითითებული იყო ვიდეოს სათაური, რაც სოციალურ მედიაში ვიდეოს მოძებნის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, სააგენტომ სწრაფად მოახდინა რეაგირება, ნიუსი ჩამოხსნა საიტიდან, ბოდიში მოიხადა, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი სამსახურიდან გათავისუფლდა. გთავაზობთ ინტერვიუს "ინტერპრესნიუსის" ახლა უკვე ყოფილ მთავარ რედაქტორთან, ნატა მუმლაძესთან, რომელიც სააგენტოს 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

- ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ლიდერობა და პირველობა დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველდღე ვმუშაობდით იმისათვის, რომ მკითხველისთვის გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ვისაც ერთი დღე მაინც უმუშავია "ინტერპრესნიუსში", იცის, რა შრომასთან არის ეს დაკავშირებული. რიტმი ძალიან დიდია და პასუხისმგებლობაც. რაც შეეხება იმ ნიუსს, რომელსაც ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა: სააგენტოს მორიგე რედაქტორმა შემატყობინა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია "იუთუბზე" პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს შესახებ. ნიუსრუმში რომ შევედი, უკვე მთელი "ფეისბუქი" მოცული იყო ამ ინფორმაციით. გადავწყვიტეთ, რომ ამბავი უნდა დაწერილიყო. თუმცა, სიჩქარეში დავუშვით შეცდომა, ტექსტში მითითებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. ხაზს ვუსვამ - არც ბმული და არც ვიდეო ნიუსს არ ახლდა. რამდენიმე წუთშივე მივხვდით შეცდომას და ნიუსი ჩამოვხსენით, თუმცა შეცდომა უკვე დაშვებული იყო და გარკვეული ჯგუფების მიერ დაიწყო "ინტერპრესნიუსზე" შეტევა.

არავინ ზუსტად არ იცოდა, რა გავავრცელეთ, რა ფორმით, მაგრამ სალანძღავ სტატუსებს არ იშურებდნენ. მათ შორის იყვნენ ამ ფაქტით გულწრფელად შეწუხებული ადამიანებიც, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზოგიერთი კონკურენტი მედიასაშუალების წარმომადგენლები. ისინი ცდილობდნენ, სააგენტოს საწინააღმდეგო კამპანია აეგორებინათ და ბოლოს ეს ამბავი "რუსთავი 2"-ის დიდი "სპექტაკლით" დაგვირგვინდა. ჩემი აზრით, ეს მიზანმიმართული შავი პიარი და "პალიტრამედიასთან" ანგარიშსწორების მცდელობა იყო. კამპანია გრძელდებოდა მაშინაც კი, როდესაც შეცდომაც ვაღიარეთ, ბოდიშიც მოვიხადეთ და მე თანამდებობაც დავტოვე.

- ალბათ, ჟურნალისტებისთვისაც რთული იყო ამ ყველაფრის მოსმენა და წაკითხვა...

- ჩემთვის პირადად, ძალიან გულსატკენია, რომ ლანძღვა სააგენტოს ჟურნალისტებსაც არ მოაკლეს, ცდილობდნენ მათ დემორალიზებას. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ. "ინტერპრესნიუსის" სიძლიერისა და პირველობის საიდუმლო სწორედ რომ გუნდის პროფესიონალიზმში, ერთგულებასა და ერთობაშია. კიდევ უფრო გაძლიერებულები, ერთ მუშტად შეკრულები და მოტივირებულები გამოვიდნენ ამ ანტიპიარის ქარცეცხლიდან. ეს გუნდი კიდევ არაერთხელ დაამტკიცებს, რომ საუკეთესოა საქართველოში.

- იმ დღეს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ასეთი ინფორმაციაც გაავრცელა - "ინტერპრესნიუსს" ჟურნალისტები ტოვებენო...

- "ინტერპრესნიუსი" დატოვა ერთმა შტატგარეშე კორესპონდენტმა. ჩემი აზრით, მან ეს მიუღებელი ფორმით გააკეთა. უკეთესი იქნებოდა, ჯერ გარკვეულიყო სიტუაციაში და მერე მიეღო გადაწყვეტილება. თუმცა, ეს მისი პირადი საქმეა. სხვა საკითხია ის, რომ ერთი შტატგარეშე კორესპონდენტის წასვლა ისე გამოიყვანეს, თითქოს სააგენტოს ჟურნალისტები ტოვებდნენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას აკლია გაწონასწორებულობა და ამავე დროს, "პალიტრამედიის" პოზიციითა და სიძლიერით იმდენად დაბოღმილია, რომ შეეცადნენ, გამოეყენებინათ ყველა შესაძლებლობა, რომ სააგენტოსთვის ზიანი მიეყენებინათ.

- თუმცა, ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ორმა სამინისტრომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბოიკოტი გამოუცხადა სააგენტოს.

- როგორც მე ვიცი, არც ერთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მეტ-ნაკლებად დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, ასეთი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა. იმის მაგივრად, რომ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს აქეთ მოეხადათ საზოგადოებისთვის ბოდიში იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერა და ვერ მოახერხა ფარული ჩანაწერების დამკვეთებისა და გამავრცელებლების გამოვლენა, შეტევაზე გადავიდნენ დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ. თითქოს ჩვენი გავრცელებული იყო ის ვიდეო ან ჩვენ გვევალებოდა გამოძიება. როდესაც იუსტიციის მინისტრი, ყოფილი უფლებადამცველი და ევროსასამართლოში ნამუშევარი ქალბატონი მაღალჩინოსანი მედიასაშუალებაზე საუბრისას იყენებს ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა "გულისრევისსმაილი", რაღაზე უნდა ვისაუბროთ? ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მე მისი მრისხანე "ფეისბუკსტატუსები" პროკურატურის მიმართ არ წამიკითხავს.

ფაქტობრივად, ქალბატონი წულუკიანი იყო ჩვენი "ჩაქოლვის" მცდელობის მედროშე. ასევე, ალბათ, უპრეცედენტო მოვლენაა, რომ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით უმაღლესი არბიტრია და სიტყვის თავისუფლების გარანტი, ბოიკოტს უცხადებდეს მედიასაშუალებას. თუმცა, ვნებები რომ ჩაცხრა, სულ სხვა რამეზე ჩავფიქრდი - ქვეყანაში რაიმე ექსტრაორდინარული რომ მოხდეს და იუსტიციის მინისტრმა, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა ასე ცხელ გულზე და დაუფიქრებლად რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რა მოხდება?! კარგი ნამდვილად არაფერი და თუ ასეთი სტილით იღებენ გადაწყვეტილებებს, ეს სახიფათოა ქვეყნისთვის.

- თუმცა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელმა პოსტი გაავრცელა, რომელშიც ტონი აშკარად შეცვლილი იყო. "დილა თენდება, კომპიუტერს გახსნი, ინტერნეტში შეხვალ და IPN-ის გვერდი გამოდის, მთავარ გვერდად გაქვს დაყენებული, ტელეფონს გახსნი და ისევ ეს ლურჯი ქუდი ჩანს. სამსახურში, სახლში ერთი და იგივე სურათია. იმიტომ, რომ სანდო, ოპერატიული, პროფესიონალების მიერ შექმნილი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა. ქვეყანაში, სადაც ტოტალური უპასუხისმგებლობა სუფევს, IPN-მა მაღალი სტანდარტი აჩვენა. ინფორმაციის გავრცელება/გადაცემის ვალდებულების, ამ შემთხვევისთვის, სულელურ არგუმენტს არ ამოეფარა და შეცდომაში არ გაჯიუტდა. ვერც კი ვიხსენებ, ასე ვინმე მოქცეულიყო ჩვენს მედიაში", - წერდა ხიდაშელი.

მე პირადად დიდ პატივს ვცემ "ინტერპრესნიუსის" ყველა ერთგულ მკითხველს და კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა.

- სააგენტო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას?

- "ინტერპრესნიუსი" არის კარგად აწყობილი მექანიზმი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალებით. ჟურნალისტებსა და რედაქტორებს შესისხლხორცებული აქვთ სააგენტოს მთავარი პრინციპები - სიზუსტე, ობიექტურობა, ოპერატიულობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა სააგენტოს ახალი ერა იწყება - აღმავლობისა და კიდევ უფრო მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დამკვიდრების.

- თქვენ სად გააგრძელებთ საქმიანობას?

- ერთ-ერთი მე ვიყავი, ვინც ყველაზე მტკივნეულად განიცადა ის, რაც მოხდა. სააგენტოში მე ვიყავი პასუხისმგებელი კონტენტზე, მე მივიღე ნაჩქარევად ნიუსის გაშვების გადაწყვეტილება და სწორედ მე უნდა მეგო პასუხი მომხდარზე. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მხარში ამოგვიდგა მეც და სააგენტოსაც, დაგვიცვა, გაგვამხნევა. ეს ჩემთვის და "ინტერპრესნიუსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს - მე, გარდა "ინტერპრესნიუსისა", "პალიტრამედიაში" ვხელმძღვანელობდი ვებგანვითარების მიმართულებასაც. ამ პოზიციაზე ახლაც ვრჩები და ვმუშაობ ახალ პროექტებზე. მჯერა, რომ ყველაფერი დალაგდება და მოწესრიგდება. ამაზე ბევრად უარესი სტრესი მაქვს გადატანილი. 8 წლის წინ, როდესაც ჩემი მეუღლე რუს ოკუპანტებს ემსხვერპლა (ნატა მუმლაძის მეუღლე "ნიუსვიქის" ჟურნალისტი, გიგა ჩიხლაძე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. - ავტ.), ყველა ერთხმად მეუბნებოდა, რომ მისი ცხედრის ცხინვალიდან თბილისში გადმოსვენება შეუძლებელი იყო. მივმართავდი ჰუმანიტარულ მისიებსაც, სახელმწიფო უწყებებსაც, მაგრამ ვერავინ დამეხმარა. მაშინ დავისახე მიზანი, რომ თუ ამას შევძლებდი, არასოდეს არაფერი გამიჭირდებოდა. 10 დღე მოვუნდი, მაგრამ მაინც შევძელი, რომ ის თბილისში გადმომესვენებინა. შემდეგ დავისახე მიზანი, რომ მისი საქმე ღირსეულად გამეგრძელებინა და ჟურნალისტიკაში წავედი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. მთავარია, იყოს მიზანი და სურვილი. შვილებსაც სულ ამას ვასწავლი.

- როგორ ეგუებიან ბავშვები იმას, რომ დედა სულ სამსახურზე ფიქრობს?

- მთავარი მიზანი, რაც მე ბავშვებთან ერთად დავისახე, იყო, კარგი განათლების მიღება. ჩემი ქალიშვილი, სოფიო ჯერ 12 წლისაა და უკვე 4 უცხო ენაზე საუბრობს, სწავლობს პროგრამირებას, მოპოვებული აქვს სრული დაფინანსება ერთ-ერთ კერძო კოლეჯში, არის უამრავი მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებული. უმცროსი, ლუკა ასევე ძალიან ნიჭიერი და პოზიტიურია. ყოველთვის იცის, როგორ გაგამხნევოს. ბავშვები საკმაოდ დამოუკიდებლები არიან - თვითონ დადიან წრეებზე, თვითონ ამზადებენ გაკვეთილებს. მიხარია, რომ ესმით - შრომითა და თვითგანვითარებით მიაღწევენ კარგ შედეგს. მე კი ვცდილობ, რომ სამაგალითო ვიყო მათთვის. ვიცი, რომ მათაც მომავალში ისევე ეყვარებათ თავისი სამსახური, როგორც მე.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია