როგორ ხდება ადამიანებზე პირადი ინფორმაციის ფარულად შეგროვება - სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები

როგორ ხდება ადამიანებზე პირადი ინფორმაციის ფარულად შეგროვება - სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები

გახსოვდეთ, რომ კედლებსაც აქვს ყურები. ბოლო 60-70 წლის განმავლობაში ტექნიკური პროგრესის წყალობით, ამ ცნობილმა გამოთქმამ პირდაპირი მნიშვნელობა შეიძინა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა თუ პირადი ანგარიშსწორებისთვის, კონკრეტულ ადამიანზე საჭირო ცნობების მოპოვებისთვის უწყებები და სპეციალური ორგანიზაციები ათასგვარ მეთოდს მიმართავენ.

ჯაშუშის პროფესია ყოველთვის არსებობდა. ოდითგანვე ფარაონები, იმპერატორები, მეფეები პოლიტიკურ ოპონენტსა თუ მათთვის მიუღებელ ადამიანზე საჭირო ინფორმაციის შეგროვებისთვის ჯაშუშებს იყენებდნენ. სხვადასხვა ტექნიკური საშუალების შექმნამდე, ინფორმაციის შეგროვების მთავარი საშუალება ადამიანი იყო. ჯაშუში "ობიექტს" მისთვის შეუმჩნევლად უთვალთვალებდა. საინტერესო ამბების მოსმენის შემდეგ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, მიღებულ ინფორმაციას პატრონს აწოდებდა.

კავშირგაბმულობის პირველი საშუალების - ტელეგრაფის გამოგონების შემდეგ, ჯაშუშების შესაძლებლობები გაფართოვდა. გაგზავნილი შეტყობინებისთვის "გზის გადაჭრის" შემთხვევაში, თვალთვალის ობიექტის შესახებ საჭირო ცნობების მიღება შეიძლებოდა. ტელეფონის ფართო გავრცელებამ, ადამიანის პირადი საუბრების მოსმენა-ჩაწერა კიდევ უფრო გაამარტივა.

სსრკ-ში ხალხის მასებზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სტალინის უშუალო მითითებით, რადიოდაზვერვის და დაშიფრული სატელეფონო საუბრების მოსმენისთვის საჭირო აპარატურის შექმნა დაიწყო. ტოტალური კონტროლის პირობებში, საქმის მსვლელობა სტალინს პირად კონტროლზე ყავდა აყვანილი. ამ საქმეში "კა-გე-ბე" ისე დახელოვნდა, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოში, ელჩის კაბინეტში გამართულ საუბრებს 7 წლის განმავლობაში უპრობლემოდ უსმენდა.

გასული საუკუნის 1970-80-იან წლებში მოსმენებმა ფართო მასშტაბი მიიღეს. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში, ამ საქმით სპეციალური საიდუმლო განყოფილებები იყვნენ დაკავებულნი. სატელეფონო მოსმენებთან ერთად თანდათან ვიდეოთვალთვალის ტექნიკაც დაინერგა. ის "ობიექტის" შესახებ გაცილებით უფრო სრულყოფილი და საინტერესო ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლეოდა. გადაუღებ ფარულად ვინმე პოლიტიკოსს, მომავალ კონგრესმენს, სენატორს ან სულაც პრეზიდენტობის კანდიდატს, როგორ კავდება ის სექსით საყვარელთან ან მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან და გარკვეული დროის შემდეგ ჩანაწერს მისსავე წინააღმდეგ გამოიყენებ. ვიდეომასალის გამოუქვეყნებლობის სანაცვლოდ ოპონენტს საკუთარი პოლიტიკის შეცვლას ან სულაც არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას მოთხოვენ.

მეთოდი ბინძურია, მაგრამ ვინ თქვა, რომ პოლიტიკაში სისუფთავე სუფევს? ამერიკული სპეცსამსახურები უსმენდნენ მარტინ ლუთერ კინგს, რომელიც ფერადკანიანების უფლებებს კბილებით იცავდა. ისტორიას უოტერგეიტის სკანდალიც ახსოვს, რომელმაც პრეზიდენტ ნიქსონის თანამდებობა შეიწირა. არჩევნებამდე 4 თვით ადრე, რომელშიც რესპუბლიკელი ნიქსონი მეორე ვადით იყრიდა კენჭს, დემოკრატების კანდიდატის ჯორჯ მაკჰოვერნის ოფისში პოლიციამ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისას 5 ადამიანი დააკავა.

მობილური ტელეფონების ფართო გავრცელებამ სპეცსამსახურებს (და არა მხოლოდ მათ) მიყურადების საქმე გაუმარტივა. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, აკონტროლოს თქვენი პირადი ფოსტა, ტელეფონით გაგზავნილი მესიჯები, ჩათები. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ეროვნული უსფრთხოების სააგენტოს (NSA), შესაბამისი სანქციების გარეშე ამერიკის მოქალაქეების ელექტრონული ფოსტების, სატელეფონო საუბრების, ფინანსური ოპერაციებისა და ინტერნეტ აქტივობის კონტროლის უფლება მისცა. საიდუმლო ოპერაციას Stellar Wind-ი ეწოდა.

გაზეთ Washington Post-ის ინფორმაციით, 2010 წლის შემდეგ Stellar Wind-ის აქტივობა გაიზარდა. ყოველდღიურად NSA-ს მიერ ჩაწერილი სატელეფონო საუბრების და წაკითხული ელექტრონული შეტყობინებების რიცხვმა 1,7 მლრდ-ს მიაღწია.

სპეცსამსახურების სწორად მუშაობაზე ქვეყნის უსაფრთოხებაა დამოკიდებული.

სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელი, ბესიკ ალადაშვილი:

- ნებისმიერ პიროვნებაზე არსებობს ორი სახის ინფრმაცია, რომელიც მოიპოვება ღია და დახურული წყაროებიდან. სპეცსამსახურები ორივე წყაროს იყენებენ. ღია წყაროა სოციალური აქტივობა, სამსახურდიან ინფორმაციის მოძიება, სოციალური ქსელი და სხვ. ხოლო დახურულია ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედება (რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული შესაბამისი ორგანოს მიერ), რაც გულისხმობს ფარულ მოსმენას, თვალთვალს, აგენტურის შეგზვანა პიროვნებასთან და სხვ.

- თუ არსებობს მაგალითები, როცა მიყურადება არ იყო სანქცირებული, თუმცაღა ამ თვალთავალით მნიშვნელოვანი საქმე იქნა გამოძიებული?

- დემოკრატიულ ქვეყნებში, თუ მსგავსი მოხდა ან დაკავებისას იყო რაიმე პროცესუალური ნორმის დარღვევა ადამიანს ათავისუფლებენ სასამართლო დარბაზიდან. შესაძლოა ადამიანზე რამდენიმე წელი მიდიოდეს თვალთვალი, ჩართული იყოს აგენტურა და ა.შ. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული, სხვა შემთხვევაში მას ძალა არ აქვს. სხვათაშორის, ”ნაციონალური მოძრაობის” დროს არცთუ ისე ცოტა იყო მაგალითი, როდესაც ადამიანს აკავებდნენ და მასზე არავითარი სამხილი არ ჰქონდათ. მაგ. სიმონ კილაძის საქმე, სადაც მტკიცებულებები არ იყო არც სერიოზული და არც საკმარისი,რომ ეს ადამიანი ჯაშუშობაში დაგვედანაშაულებინა; ვახტანგ მაისაიას საქმე, ოპერაცია ”ენვერი”, ფოტოგრაფების საქმე და სხვ. არცერთ ამ შემთხვევაში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები. თუ მოხდება ამ საქმეებზე საიდუმლო გრიფის მოხსნა, ვნახავთ რომ ესენი იყო თეთრი ძაფით შეკერილი საქმე.

- ყველაზე ხშირად, შანტაჟის რა მეთოდებს მიმართავენ სპეცსამსახურები?

- საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა მოქალქეების მიმართ იძულების მეთოდები უფრო ხისტი იყო და მარტივი. ადამიანებს აშინებდნენ სამსახურიდან დათხოვნით, ოჯახის წევრების დისკრიმინაციით, ლიკვიდაციით (თუმცა ეს უფრო 30-იან წლებში იყო) და სხვ. გარდა ამისა, გამორიცხული იყო, ადამიანი უცხოეთში გასულიყო და მას სერიოზული საუბარი არ ჰქონოდა უშიშროების თანამშრომელთან და ხშირად მათ თანამშრომლობაზეც ითანხმებდნენ. იმავე საბჭოთა კავშირში უცხოლებზე შანტაჟის მეთოდები იყო ფინანსური დაინტერესება, ასევე იყო კომპრომატირება (ძირითადად ჰომოსექსუალიზმით). ალბათ გსმენიათ ე.წ. ”კემბრიჯის ხუთეული”. ისინი იყვნენ ბრიტანელი მზვერავები, რომლებიც ბრიტანეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ და სწორედ ჰომოსექსუალიზმის კომპრომეტაციით მოხდა მათი გადაბირება საბჭოთა დაზვერვის მიერ.

- რა ფორმით ხდებოდა მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება და ფარული თვალთვალი?

- ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად უფრო ადვილი ხდება ადამიანის მოსმენა და მიყურადება. ადრე თუ ქალაქის ტელეფონებს უსმენდნენ, დღეს უკვე მობილურზე ხდება მოსმენა, რაც გაცილებით იოლია და პლიუს ამას, ამით შესაძლებელია პიროვნების ადგილმდებარეობის დადგენა. აქტიურად ხდებოდა ე.წ. ”ჟუჩოკების” დაყენება ოთახებში და ამის საშუალებით საუბრის ჩაწერა. ასევე ყველაზე ცნობილ სასტუმროებში, იმ ოთახებში სადაც უცხოელი სტუმრები ჩერდებოდნენ იდგმებოდა ჩამწერი აპარატურები. დღეს ისეა ტექნიკა განვითარებული, რომ მუშაობა გაცილებით იოლია. სპეცსამსახურის თანამშრომელს აქვს საშუალება 300-400 მეტრიდანაც კი მოახდინოს სათვალთვალოს ობიექტის ჩაწერა და მიყურადება.

თუ სპეცსამსახურებმა მოისურვეს, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს შესახებ ყველაფერს შეიტყობენ. შეიძლება იკითხოთ, ვის რაში სჭირდება ჩემნაირი რიგითი მოკვდავი, როდესაც სათვალთვალოდ გაცილებით უფრო საინტერესო ობიექტები - ძლიერნი ამა ქვეყნისანი არსებობენ? პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. მაგრამ იცოდეთ, რომ თუ ასეთი საჭიროება შეიქმნა, თქვენი სატელეფონო საუბრები, მობილურით გაგზავნილი მესიჯები, მიმოწერა Facebook-ში, Messenger-ში, Viber-ში, Skype-სა თუ კომუნიკაციის სხვა ელექტრონულ საშუალებაში, ისევე როგორც პირადი ფოსტა, სპეცსამსახურების ყურადღების ობიექტი გახდება.

ნუკრი მგელაძე

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილიყო ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად" - როგორ შეაფასა, ლევან რატიანმა კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობა კონსილიუმის შემდეგ

როგორია 27 წლის ექთნის მდგომარეობა - ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი საუნივერსიტეტო კლინიკიდან