"რუსი შემოგვესია თუ ნარმანია შემოესია თბილისს, ვერ გაიგებ" - რაში ადანაშაულებენ თბილისელები ქალაქის მერს

"რუსი შემოგვესია თუ ნარმანია შემოესია თბილისს, ვერ გაიგებ" - რაში ადანაშაულებენ თბილისელები ქალაქის მერს

"მეგონა ეს ხელისუფლება მაინც იქნებოდა ხალხისთვის, მაგრამ ესენი წინაზე უარესები აღმოჩნდნენ, დავით ნარმანიას კი თბილისი ყველაზე მეტად ეზიზღება" - ამბობს ჩვენთან საუბრისას მოქალაქე მზია თეზელაშვილი, რომელიც AMBEBI.GE-ს რედაქციას "პალიტრა მედიის" ნიუსრუმის ცხელ ხაზზე დაუკავშირდა და თავისი გაჭირვების შესახებ უამბო.

მოქალაქის განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია აშენებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია უკანონოდ გასცემს ნებართვებს და მოქალაქეების განცხადებას უპასუხოდ ტოვებს. როგორც თეზელაშვილი ამბობს, ის შეხვდა დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიასაც, რომელიც პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა ამის ნაცვლად მშენებლობის გაგრძელებაზე ნებართვა გაიცა.

"ვცხოვრობ გლდანის პირველ მიკრორაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე. ეს ადგილები 1997 წელს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის გამოიყო. სამშენებლო პასპორტებში წერია, რომ ამ ტერიტორიაზე მაქსიმუმ ორსართულიანი სახლების აშენება შეიძლება, შესაძლოა დაემატოს მანსარდი, რადგან გეოლოგიურ დასკვნაში გვიწერია, რომ ეს ფენები არის ნაყარი, ქვევით მცოცავი ნიადაგია, შეიცავს მარილიან წყალს, რაც ასუსტებს მიწას და მრავალსართულიანი სახლის აშენება არ შეიძლება. 2014 წლის ზაფხულში მოვიდნენ ვიღაც პირები, რომლებმაც თქვეს, რომ ჩემი და ჩემი მეზობლის სახლებს შორის ბაზარი უნდა გაიხსნასო. წარმოიდგინეთ, ორ ორსართულიან სახლს შუა, პატარა ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ბაზარი. ავტეხეთ ერთი ამბავი, დაინიშნა სასამართლო, იქ გავარკვიეთ, რომ ამ საქმეში იურისტი იყო დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია, რომელიც დაინტერესებული იყო ამ ტერიტორიით. საბოლოდ გვიპასუხეს, რომ ტერიტორია იყიდა შპს ბალავარმა, რომელმაც ბაზრის ნაცვლად უნდა ააშენოს 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი", - ამბობს მზია თეზელაშვილი.

მისი თქმით, 2015 წლის 8 იანვარს მერიაში ჩატარდა სხდომა, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლების დასწრების გარეშე გაზარდეს მშენებლობის კოეფიციენტი, რამაც უფლება მისცა კომპანიას, დაეწყო სამშენებლო სამუშაოები. "არც კი გაგვაგებინეს სხდომას რომ ატარებდნენ, განცხადებაში უწერიათ, რომ თითქოს მირეკავდნენ, მაგრამ მე არ ვუპასუხე, წესიერ ტყუილსაც ვერ იფიქრებენ, უბრალოდ, ჩვენი დასწრება არ უნდოდათ სხდომაზე, რადგან იცოდნენ, რომ ასე მშვიდად არ შევხვდებოდით ამ ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ კოეფიციენტი გაზარდეს, ეს გაზრდილი კოეფიციენტიც არ იძლევა 10-სართულიანი კორპუსის აშენების საშუალებას".

"არქიტექტურის სამსახურმა სამშენებლო კომპანიას მოსთხოვა საექსპერტო დასკვნა ანუ კომპანიას მომიჯნავე სახლების ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა, რომელიც დაადასტურებდა, ამ მშენებლობით საფრთხე არ შეგვექმნებოდა, მაგრამ ექსპერტიზა არ ჩაატარეს. გამოვიძახეთ ზედამხედველობის სამსახური, რომელმაც შეაჩერა გამაგრებითი სამუშაოები. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ეს შეჩერებული სამუშაოები კვლავ გააგრძელეს, საბუთს კი დავით ნარმანიას ხელმოწერა აქვს, ანუ მერიისგან კვლავ აქვთ ნებართვა და ჩვენი ამდენხნიანი მცდელობის მიუხედავად, ნარმანიამ მშენებლობის გაგრძელების უფლება მისცა. ახლა ისევ შეტანილი მაქვს სასამართლოში საქმე, რომ შეჩერდეს მუშაობა, მაგრამ მშენებლები ელვის სისწრაფით მუშაობენ, რადგან რამდენიმე სართულს თუ ააშენებენ, სასამართლო ვეღარ შეაჩერებს. თავის დროზე, სანამ სამუშაოები დაიწყებოდა ამ ტერიტორიაზე, დავით ნარმანიასაც შევხდი, თავის კაბინეტში მიმიღო, დახმარებას დამპირდა, მითხრა, სასამართლოში არ იჩივლო და საქმეს მოვაგვარებო, მაგრამ არაფერი გააკეთა. რაც ყველაზე მთავარია, ახლა უკვე მეორე მხარეს სხვა კომპანია აშენებს საცხოვრებელ კორპუსს, ორივე მხრიდან გვიტევენ. მერიაში ვიყავით მოსახლეობა მისულები, ნებართვა უნდა გასცენ ახალ მშენებლობაზე და დაგვიბარეს, თუმცა ამის წინააღმდეგები ვართ, პირადად ჩვენი ოჯახი საფლავში ხვდება ამ ორი კორპუსის შუა", - ამბობს მზია თეზელაშვილი.

მოქალაქის თქმით, მან დახმარებისთვის მიმართა მთავრობასაც, პარლამენტს, თბილისის საკრებულოს, თუმცა ამბობს, რომ დამაიმედებელი პასუხი არცერთი სტრუქტურისგან არ მიუღია. "ჩვენი მთავარი მოთხოვნა კოეფიციენტის გაუქმებაა, კოეფიციენტი თავის ნორმაზე რომ დადგება, ჩვენ სახლები არ დაგვენგრევა, ერთ წელიწადში ეს სახლები თუ დაიბზარება მერე ნელ-ნელა თავზე ჩამოგვენგრევა. ააშენონ 4 სართულიანი სახლი, ამაზე პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ამხელა კორპუსს რომ აშენებენ, ჩვენ საფრთხის ქვეშ ვართ. დავით ნარმანია ამ საქმეს უნდა გადაყვეს, ჩემი ფულით ჭამს პურს, ვერ ნახეს სხვა ადგილი? ქვეყანაში სრული ანარქია სუფევს, ნარმანიას პირადი დაინტერესება აქვს ამ საქმეში, რუსი შემოგვესია თუ ნარმანია შემოესია თბილისს, ვერ გაიგებ. მე როგორც მოქალაქე, მოსახლეობის სახელით ვსვამ კითხვას ქალაქის მთავრობა მერის მეთაურობით რატომ იცავს მილიონერ სამშენებლო კომპანიებს, მათ უკანონო დოკუმენტებს რატომ ამართლებს თუ არ აქვს დაინტერესება? ეს არის თბილისის მთავრობის ელიტური კორუფცია მერის მეთაურობით", - ამბობს მზია თეზელაშვილი.

საქმის გასარკვევად მერიას დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ "2015 წლის 8 იანვარს გაიმართა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ხსენებული საკითხიც განიხილებოდა. მოქალაქე მზია თეზელაშვილის დაკავშირება საბჭოზე დაბარების მიზნით ხორციელდებოდა სატელეფონო შეტყობინებით, თუმცა, დაკავშირება ვერ მოხერხდა".

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მერიაში განაცხადეს, რომ "არქიტექტურის სამსახურის მიერ ნამდვილად მოთხოვნილი იყო აღნიშნული დასკვნა. დამკვეთმაც წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა, სადაც წერია, რომ მოსაზღვრე შენობებს არანაირი საშიშროება არ ექმნება".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

შეესწარით რაიმე შემთხვევას? ფლობთ საინტერესო ინფორმაციას? გაქვთ საინტერესო ფოტო/ვიდეომასალა?

დაგვიკავშირდით ნიუსრუმის ცხელ ხაზზე 5 77 11 11 30

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია