"Je suis შერჩევით" - ანუ როცა სოლიდარობა მხოლოდ ერთეულებს ეკუთვნით

"Je suis შერჩევით" - ანუ როცა სოლიდარობა მხოლოდ ერთეულებს ეკუთვნით

"ტერორიზმს ეროვნება არ აქვს" - ეს ფრთიანი ფრაზა ჩვენც ხშირად გვითქვამს და ალბათ უფრო ხშირად ხელისუფლების უმაღლესი პირებისაგან გაგვიგია, თუმცა ტერორიზმისაგან განსხვავებით, მის მსხვერპლს აქვს ეროვნება, ყოველ შემთხვევაში, ბევრისთვის სწორედ მსხვერპლის ეროვნება განსაზღვრავს, განიცადოს თუ არა მომხდარი.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს პარიზში ტერაქტები მოხდა, უამრავი ადამიანისაგან გაიგებდით "Je suis france", მეტიც, ტერაქტიდან ძალიან მალე სოციალური ქსელი საფრანგეთის დროშებმა წალეკა. მართლაც სასიამოვნო იყო, როდესაც ქვეყანას, რომელსაც ამხელა ტრაგედია დაემართა, მთელი მსოფლიო უცხადებდა სოლიდარობას (ალბათ სწორედ სოლიდარობაა ერთ-ერთი მთავარი იარაღი ტერორიზმის წინააღდმეგ). სოლიდარული იყო მსოფლიო ბელგიის ტერაქტის დროსაც. პარიზის ტერაქტსა და ბელგიის ტერაქტებს შორის მსოფლიოში უამრავი ტერაქტი მოხდა და ფანატიკოსების გაუაზრებელ ქმედებას ძალიან ბევრი ადამიანიც შეეწირა, თუმცა არსად (ან ძალიან იშვიათად) შემხვდა "Je suis turkey" ან თუნდაც "Je suis iraq" და სხვა.

ნიგერიაში, კვირა არ გავა, რომ იქაურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ბოკო ჰარამმა" ტერორისტული აქტი არ მოაწყოს, რასაც ასობით ნიგერიელის სიცოცხლე ეწირება, თუმცა მსოფლიო დუმს, როგორც ჩანს, ცივილიზაციის მონაპოვარი - სოლიდარობა, მხოლოდ ერთეულებს ეკუთვნით, ხოლო ცივილიზაციისაგან საკმაოდ შორს მყოფი აფრიკა სადარდებელი არაა.

არაა საჭირო შორს წასვლა იმისათვის, რომ ვნახოთ შერჩევითი სოლიდარობის მაგალითები. ჩვენს მეზობელ თურქეთში, იქ, სადაც უამრავი ქართველი ტურისტი ყოფილა და კიდევ უამრავი ჩავა, ცოტა ხნის წინ მოხდა ტერაქტი. სამწუხაროდ, არც ჩვენ, მეზობლები ვიყავით ერთსულოვანი სოლიდარობაში. კი ბატონო, არაა აუცილებელი დროშა დააყენო პროფილის ფოტოდ ან დაწერო ჰეშთეგი #prayforturkey, მაგრამ თუ იგივეს საფრანგეთის ან ბელგიისთვის ვაკეთებთ, თურქეთში ადამიანები არ დაიხოცნენ?! სხვათა შორის, ორი დღის წინ 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა პაკისტანში მოწყობილ ტერაქტს, მაგრამ Je suis-ები არსად ჩანან და, ეჭვი მაქვს, არც გამოჩნდებიან.

შერჩევითობა ყველაფერში ძალიან ცუდია, მით უფრო, სოლიდარობაში და, მით უფრო, ისეთ საქმეში, რომელსაც ადამიანები ეწირებიან. მეეჭვება, თურქეთში ან პაკისტანში გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის რაიმე შვება ყოფილიყო პაკისტანის ან თურქეთის დროშის ფერებში განათებული ეიფელის კოშკი (სწორედ ისე, როგორც ცოტა ხნის წინ განათდა ბელგიის დროშის ფერებში), თუმცა ეს ნიშანი იქნებოდა ტერორისტებისათვის, რომ მსოფლიო ყველა ტერაქტზე ერთნაირად რეაგირებს და რომ ტერორიზმი მართლაც მსოფლიო სენია.

იმედია, ეიფელის კოშკს აღარასოდეს მოუწევს რომელიმე ქვეყნის დროშისფრად განათება, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიომ საშინაო დავალება (ან თუნდაც გაკვეთილი) სახელად სოლიდარობა, ვერ ჩააბარა, უფრო სწორად, შერჩევით ჩააბარა, შერჩევითობა კი ძალიან შორსაა გულწრფელობისაგან.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია