როგორ და რამდენად ისვენებენ რუსი ტურისტები აფხაზეთში

როგორ და რამდენად ისვენებენ რუსი ტურისტები აფხაზეთში

ყოველწლიურად აფხაზეთს რამდენიმე ათასი რუსი ტურისტი სტუმრობს. განადგურებული ინფრასტრუქტურისა და კრიმინალის მაღალი დონის ფონზე, დამსვენებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. რუსები ამბობენ, რომ მათ არჩევანს სუფთა ზღვა, შეუდარებელი ბუნება და სერვისის დაბალი ღირებულება განაპირობებს.

როგორ გამოიყურება დღეს აფხაზეთის საკურორტო ქალაქები, რა სერვისს სთავაზობენ დამსვენებელს და საშუალოდ, რა ჯდება დასვენება აფხაზეთში?

რუსეთიდან აფხაზეთში მოსახვერდად რამდენიმე გზა არსებობს:

1. მატარებელი - "მოსკოვი-აფხაზეთი", რომლითაც მგზავრი გზაში 44 საათს ატარებს.

2. ავტობუსი, რომელიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან დადის. მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით, ის კვირაში ერთხელ გადის და ღირებულება დაახლოებით 100 ლარის ექვივალენტია. გზას ავტობუსი 24 საათში ფარავს.

3. საკუთარი ავტომობილი.

4. თვითმფრინავი "მოსკოვი-სოჭი" (აერპორტი ადლერი.) გზა ორივე მიმართულებით დამსვენებელს დაახლოებით 250 ლარის ექვივალენტი უჯდება. ეს არის სწრაფი და ყველაზე კომფორტული გზა აფხაზეთში მოსახვედრად. არჩევანს რუსი ტურისტების უმეტესობა სწორედ ამ გზაზე აკეთებს. ადლერის აეროპორტიდან აფხაზეთის საზღვრამდე დაახლოებით 60 კილომეტრია.

იხილეთ ვიდეო

რუსი ტურისტი ოკუპირებულ ტერიტორიას, რუსული პასპორტით კვეთს. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად ტრანსპორტის სამი საშუალება არსებობს - მიკროავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი და უბრალოდ, ტაქსი, რომლის ღირებულება დანარჩენი ორისას სამჯერ აღემატება. სოხუმი, გაგრა, გუდაუთა, ახალი ათონი, ბიჭვინთა - ტურისტები უპირატესობას ამ ადგილებს ანიჭებენ. სუფთა ზღვა, მთები და რაც მთავარია, სერვისის დაბალი ღირებულება რუსი ტურისტების აფხაზური ვოიაჟის არჩევანს განსაზღვრავს. სერვისის დაბალი ღირებულება მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის დაბალი დონის პირდაპირპროპორციულია. ტურისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დრო აქ რამდენიმე წლის წინ გაჩერდა. 21-ე საუკუნისათვის აფხაზეთის ინფრასტრუქტურა საბჭოთა კავშირის დიდი მუზეუმია.

საცხოვრებელ ადგილს ტურისტები წინასწარ ინტერნეტის მეშვეობით, ან ადგილზე ჩასვლის შემდეგ ქირაობენ. როგორც თავად აღნიშნავენ, ბინის ნახვა აფხაზეთში ჩამოსვლის შემდეგ სჯობს. ხშირად ფოტოზე ასახული, რეალობისგან რადიკალურად განსხვავდება. სანატორიუმებში და სასტუმროებში ერთი ადამიანის ცხოვრების საფასური 800-1000 რუბლიდან, ანუ 30 ლარიდან იწყება. კერძო სახლებში კი ტურისტები ღამეში ერთ ადამიანზე 10 ლარს იხდიან. თანხა კომფორტის მიხედვით მატულობს. ცხელ წყალს, სააბაზანოს და საპირფარეშოს აქ ყველა სახლში ვერ ნახავთ.

აქაური მოსახლეობისთვის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარი წყარო კაფეებია, თუმცა როგორ თავად ტურისტები ამბობენ, მათი რაოდენობა არასაკმარისია. ასეთ დაწესებულებაში ყავისა და ჩაის ღირებულება 70 თეთრის ექვივალენტია. 5 ხინკალს დამსვენებელი 4 ლარად დააგემოვნებს, მწვადს - 5 ლარად. კომპლექსური სადილი კი 7 ლარი ღირს.

ადგილობრივები, რომლებსაც ავტომობილი ჰყავთ, გიდის სტატუსს ირგებენ. თვითდასაქმებული გიდები თავად ადგენენ ტურებს და ემსახურებიან ჩამოსულ დამსვენებლებს. ბიჭვინთიდან ახალი ათონისა და რიწის მიმართულებით ტურების ღირებულება 30 ლარის ექვივალენტია, თერმული წყლების ჩანჩქერებამდე კი 23 ლარი.

ტურისტების მთავარი პრობლემა კრიმინალის მაღალი დონეა. დამსვენებლის უცხო ნომრიანი მანქანა კრიმინალების თვალთახედვის არეში მალევე ექცევა, შედეგად, ხშირად ტურისტებს გაძარცვული მანქანები ხვდებათ. არის ფაქტები, როცა ძვირფასეულობას და ფულს დაქირავებული ბინებიდანაც იპარავენ. ზღვისპირა ქალაქში საცურაო კოსტიუმით გადაადგილებაც აკრძალულია. განადგურებული ინფრასტრუქტურის, კრიმინალის მაღალი დონისა და სხვა წინააღმდეგობების მიუხედავად, აფხაზეთში რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება. ონლიან-დაჯავშნის მსურველებს, სასტუმროები აგვისტოს თვეზე ჯავშნის გაკეთებაზე უარს ეუბნებიან.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა ეკა მელიქიძემ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია