"დინამოზე" თამაშის დროს ვცდილობ ადამიანებში დედის სახე დავიჭირო" - შალვა სუთიაშვილი პირადსა და რაგბზე

"დინამოზე" თამაშის დროს ვცდილობ ადამიანებში დედის სახე დავიჭირო" - შალვა სუთიაშვილი პირადსა და რაგბზე

შალვა სუთიაშვილი საქართველო მორაგბეთა ნაკრების წევრია. ევროპის ერთა თასის თამაშებზე სწორედ ის იყო გუნდის კაპიტანი. რატომ გადაწყვიტა რაგბის თამაში, ვინაა მისი მთავარი გულშემატკივარი, რა განცდაა ეროვნული ჰიმნის მღერა ამ და სხვა კითხვებით თავად შალვას მივმართეთ:

- მამაჩემი, გოგი სუთიაშვილი ძველი მორაგბეა. თბილისის "ლოკომოტივის" იმ თაობის წევრია, საბჭოთა კავშირის თასი რომ მოიგეს. სწორედ, მამაჩემის გავლენით დავიწყე რაგბის თამაში. სხვათაშორის, თავიდან, არავის ეგონა თუ რაგბში წარმატებას მივაღწევდი, რადგან ძალიან გამხდარი ვიყავი. ჩემი მეგობრები დღემდე იხსენებენ: პირველად რომ მოხვედი რაგბზე, ისეთი გამხდარი იყავი, როცა დადიოდი ძვლების ჭახაჭუხი ისმოდაო. ძალიან ბევრი ვარჯიშით ნელ-ნელა წარმატებაც მოვიდა. თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. "ლოკომოტივთან" ერთად ვიყავი საქართველოს ჩემპიონი.

- რომ არა მამის ფაქტორი, ითამაშებდი თუ არა რაგბის?

- რომ არა მამაჩემის ფაქტორი, ალბათ არ გავხდებოდი მორაგბე, რადგან არა თუ რაგბი, არამედ ზოგადად სპორტი ნაკლებად მაინტერესებდა. ზოგადად ისეთი ტიპი ვარ რომ უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს და ქუჩაში ნამდვილად არ დავდგებოდი, მაგრამ რას გავაკეთებდი არ ვიცი. ვიზრდებოდი რაგბის სამყაროში. სამწუხაროდ მამამ იმ დროს დაანება რაგბის თამაშს თავი როცა მე დაბადებულიც არ ვიყავი და მამაჩემის თამაშებზე არ მივლია, მაგრამ მამასთან ერთად დავდიოდი საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე და ნელ-ნელა "მოვიწამლე" რაგბით. როგორც გითხარით მამა მორაგბე იყო, ბიძა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჭიდაობაში ანუ ჩემ ოჯახს სპორტის გარეშე არ უცხოვრია. მერეც, როცა რაგბი დამთავრდებოდა ხოლმე, ჩვენთან ოჯახში იშლებოდა სუფრა და ასე ვთქვათ იქ გრძელდებოდა "მესამე ტაიმი". გულწრფელად მიხარია რომ ეს ტრადიცია შევინარჩუნე და ახლაც, ყოველი თამაშის მერე ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია სახლში მისვლა, რადგან იქ უკვე გაშლილია დიდი სუფრა, სადაც ჩემი საყვარელი ხალხი მელოდება. რაგბი არაა მხოლოდ სპორტი, ცხოვრებისეული ფილოსოფიაა. რაგბი ადამიანის პატივისცემას გასწავლის. რაგბში მთავარია მოწინააღმდეგის პატივისცემა და დაფასება. მაგ. ზელანადიელების მხრიდან პატივისცემაა, როცა 80 წუთის მანძილზე ბოლომდე მთელი ძალით თამაშობენ და არ გაგრძნობინებენ რომ შენზე ბევრად ძლიერები არიან. შეიძლება 100:0 მოგიგონ, მაგრამ მერე ტაშით გაგაცილებენ. მატჩის მერე დერეფანია, სადაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთსისადმი უდიდეს პატივისცემას გამოხატავენ.

- 90-იან წლებში მაშინ როცა მთელ ქვეყანას უჭირდა, ბუნებრივია არ იყო ფინანსები რაგბშიც, თუმცა ეს მთავარ გუნდს არ დატყობია

- რაგბიში მთავარი ფული არაა. რაგბი უპირველესი ერთმანეთის გატანა და გვერდში დგომაა. ალბათ სწორედ ამან გადაარჩინა ქართული რაგბიც, თორემ ომის დროს რაგბისთვის ვის ეცალა. მიუხედავად გაჭირვებისა რაგბმა და მორაგბეებმა სახე შეინარჩუნეს. ჩემპიონატი ენთუზიაზმით ტარდებოდა და იმ თაობამ უდიდესი როლი შეასრულა შედეგის მიღწევაში რასაც ვიმკით. რაგბის თითოეული გულშემატკივარი მადლიერი უნდა ვიყოთ იმ ხალხის ვინც მაშინ ოვალური ბურთით თამაშობდა, ძალიან დიდი და უანგარო სიკეთე აკეთეს ამ ადამანებმა.

- შალვა სამი ბიჭს ზრდი, როგორ ფიქრობ შენი ბიჭები ითამაშებენ რაგბის?

- ალბათ კი. ყოველშემთხვევაში ამათ ძალიან უყვართ რაგბი, დადიან კიდეც და წარმატებებიც აქვთ. მე ჩემისმხრივ ყველანაირად შევუწყობ ხელს, დაძალებით ნამდვილად არ დავაძალებ და ვნახოთ. იმედია ტრადიცია გაგრძელდება და წარმატებული მორაგბე სუთიაშვილები ისევ იქნებიან. სხვათაშორის, ძალიან მიხარია რომ ცდილობენ მომბაძონ, ზუსტად ისე, როგორც მე ვცდლობდი მამაჩემისთვის მიმებაძა.

- რას გრძნობ როცა იცი რომ შენი ოჯახის წევრები არიან სტადიონზე. ეს სტიმულია თუ უფრო დამაბრკოლებელი ფსიქოლოგიური ფაქტორი?

- როცა რაგბის თამაში დავიწყე მაშინ თუ ვიცოდი რომ მამაჩემი ესწრებოდა თამაშს, განსაკუთრებულად ვინდომებდი, თითქოს ვცდილობდი მამაჩემისთვის მომეწონებინა თავი. სამწუხაროდ, დედა მხოლოდ ერთხელ დაესწრო ჩემს თამაშს. 18 წლამდელთა ნაკრების თამაში იყო "დინამოზე" და ისიც კი მახსოვს სად იჯდა, ის თამაში წავაგეთ, თუმცა მახსოვს რა ბედნიერი იყო დედა, სიხარულისაგან ტიროდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაც მორაგბე იყო, მეც მანამდეც მქონდა თამაშები, დედა მხოლოდ მაშინ იყო სტადიონზე პირველად და როგორც აღმოჩნდა უკანასკნელად (შალვას დედა გარადაცვლილი ყავს. ავტ.). ამ ფაქტორის გამო "დინამოს" სტადიონი სხვა დატვირთვას ატარებს ჩემთვის. როცა "დინამოზე" მიწევს თამაში ასე მგონია რომ იმ ადგილას ისევ ზის დედა და მგულშემატკივრობს. მახსოვს მისი ბედნიერი სახე და სულ ვცდილობ ის სახე დავიჭირო ადამიანებში.

ძალიან მწყდება გული რომ დედა ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას, არადა სანამ ცოცხალი იყო ყველაფერს აკეთებდა რომ ბევრისთვის მიმეღწია. ერთხელ, მაშინ ბავშვთა გუნდში ვთამაშობდი, ვარჯიშის მერე მთელი გუნდი დავპატიჟე სახლში, არადა აზრზე არ ვიყავი, რა გვქონდა ოჯახში, რით ვაპირებდი გამასპინძლებას, მაგრამ დედაჩემი მეგულებოდა და თამამად წამოვიყვანე მთელი გუნდი. ბიჭები დღემდე ტკბილად იხსენებენ ამ დღეს და ძალიან მიხარია. რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრები სტადიონზე ყოფნას, ძალიან დიდი სტიმულია. მაგ. ახალი ზელანდიის ნაკრების თამაშზე ჩემი მეუღლე და შვილები რომ იყვნენ ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. სამი და მყავს და სამივე ყველა თამაშს ესწრება. ჩემი დების და მათი შვილების დასწრება კიდევ უფრო დამატებითი სტიმულია, მათი ხმაც კი მესმის ხოლმე.

- რა განცდაა როდესაც ქვეყანაში ყველაზე წარმატებული ნაკრების კაპიტნის რანგში გადიხარ მოედანზე?

- ჯერ პირველად როცა გეუბნებიან რომ უნდა იყო კაპიტანი, არის ძალიან რთული, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად თამამდები. ბუნებრივია, სიამაყის განცდაა როცა ამხელა ნდობას გიცხადებენ და ცდილობ რომ ეს ნდობა გაამართლო, ცდილობ იყო ყველა კონტექსტში სამაგალითო. თან ქართველები ცოტა ფიცხი ხასიათის ადამიანები ვართ, ზოგჯერ ემოციების მოთოკვა გვიჭირს, კაპიტანს ამის უფლება არ აქვს. გაწონასწორებული უნდა იყოს. ბუნებრივია მწვრთნელის დარიგებებით გავდივართ სტადიონზე, მაგრამ უშუალოდ მოედანზე შენ გიწევს ბევრი გადაწყვეტილების საკუთარ თავზე აღება. კაპიტნის რანგში თამაში ასჯერ მეტად ემოციურია ჩემთვის.

- შალვა, რუმინეთთან თამაშის მერე, პირველივე კომენტარში თქვი,რომ ქედს იხრი გულშემატკივრის წინაშე. რას ნიშნავს შენთვის გულშემატკივარი?

- რუმინეთთან თამაშის მერე, მართლა მინდოდა მიკროფონი მქონოდა და გულშემატკივრისათვის მადლობა მომეხადა. გულშემატკივარი მართლა დამატებითი მოთამაშეა. ნაღდი გულშემატკივრისაგან კრიტიკაც სასიამოვნოა, რადგან როგორც წესი მართებულია ხოლმე, მიუხედავად შედეგისა. ნაკრების თამაშითვის ბევრჯერ მიყურებია გულშემატკივრის რანგში და ვიცი რას განიცდის ამ დროს მაყურებელი, ამიტომ სტადიონზე როცა ვარ ვცდილობ მათ სიხარული მივანიჭო. სხვათაშორის ბევრჯერ მიფიქრია რას ვიზამ კარიერის დასრულების შემდეგ და ერთადერთი რაც ვიცი, არის ის რომ რაგბში აუცილებლად დავრჩები, მინიმუმ როგორც გულშემატკივარი.

- ბევრი გულშემატკივრისაგან გამიგია, ბორჯღალოსნები ისე მღერიან ჰიმნს, რომ მთელი თამაში მიგყვება მუხტი და გაიძულებენ შენც აყვეო...

- ინგლისში, საფრანგეთსი, ზელანდია და სხვა სარაგბო ქვეყნებში მთელი სტადიონი ერთად მღერის ჰიმნს და ძალიან მიხარია რომ ნელ-ნელა ეს ჩვენთანაც მკვიდრდება. რუმინეთთან მართლა ყველამ ერთად ვიმღერეთ. ჩვენი მიზანია ხმამაღლა ვიმღეროთ რომ მოწინააღმდეგემაც გაიგონოს ჩვენი ჰიმნი და გულშემატკივარმაც. ზელანდიელებს თუ ჰაკა აქვთ ჩვენ ჩვენი ჰიმნი გვაქვს. სიმღერის კომპლექსიც უკვე აღარ გვაქვს და ბოლომდე გულიანად ვმღერით ჰიმნს.

- ყველაზე ემოციური თამაში რომელი იყო შენთვის?

- რა თქმა უნდა ყველა თამაში ემოციურია, მაგრამ არის გამორჩეულად ემოციური თამაშები. ძალიან დიდი ემოცია იყო ამერიკასთან (2010წ) თამაშისას როცა ბოლო წუთზე გავიტანეთ გადამწყვეტი ლელო. მახსოვს ამ თამაშზე გულშემატკივარი ბოლო ათი წუთი არ გაჩერებულა და გვერდში გვედგა. ბუნებრივია, უდიდესი ემოცია იყო მსოფლიო ჩემპიონატზე ტონგასთან გამარჯვება. მიუხედავად იმისა რომ ბოლო 15 წუთი მომიწია თამაში, ჩემთვის ყველაზე ემოციური სამოასთან მოგება იყო თბილისში. თამაშის დროს ამაზე არც ფიქრობ, მსაჯის სასტვენთან ერთად უკვე მოდის სიხარული რომელსაც გულშემატკივართან ერთად ვიზიარებთ ხოლმე.

- აუცილებლად უნდა გკითხო ექვს ერზე. როგორ ფიქრობ მზად ვართ იქ სათამაშდ?

- ყველაზე ლოგიკური განცხადება ლა პასემ (მსოფლიო რაგბის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე)გააკეთა, რომელმაც თქვა რომ ექვსი ერის ბოლო ადგილოსანმა და ევროპის ერთა თასის გამარჯვებულმა ორმატჩიან დაპირისპირებაში გაარკვიონ უძლიერესი და იმან ითამაშოს მომდევნო წელსო. ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ შეგვიძლია მათთან თამაში, თუ ვერ გავიმარჯვებთ ღირსეულ წინააღმდეგობას აუცილებლად გავუწევთ და იმ ორი თამაშით, რაზეც ლაპასე საუბრობდა გავიგებთ რამდენად მართებულია ეს პრეტენზია. ბუნებრივია, თუ მათთან არ გვქონდა თამაშები ეს საუბარი დიდხანს გარძელდება, ჩვენ ვიტყვით რომ შეგვიძლია, იტალია იტყვის რომ ქართველებისთვის ადრეა და ასე საუბარში ძალიან დიდი დრო დაიკარეგბა.

- ივნისში ნაკრებს უწევს ძალიან მნიშვნელოვანი ტესტები ფიჯისთან, ტონგასთან და სამოასთან. როგორ შეაფასებ ჩვენ შანსებს?

- კუნძულებზე თამაში ძალიან ძნელი იქნება. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომლის მისაღწევადაც ვიბრძოლებთ, ვიცით რომ ამ თამაშებში გამარჯვებას შეუძლია ძალიან დიდი შედეგი მოიტანოს და ქართული რაგბის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწეროს და ეს ფაქტორი, ბუნებრივია, დამატებითი სტიმული იქნება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია