5 წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენი

5 წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენი

ბიზნესის დაწყება და მისი გამართვა არც ისე მარტივი საქმეა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც ნიჭის, მონდომებისა და მრავალწლიანი შრომის ხარჯზე, წარმატებას ადრეულ ასაკში მიაღწიეს. AMBEBI.GE სწორედ ასეთ ახალგაზრდა ქართველ ბიზნესმენებს წარმოგიდგენთ.

ილია წულაია

32 წლის ილია წულაია სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ბიზნეს საქმიანობაში სტუდენტობის პერიოდში ჩაერთო. ძმასთან ერთად ბაქოდან ფეხსაცმელი შემოჰქონდა და საქართველოში ყიდდა. მოგვიანებით სამოქალაქო სამართლის იურისტად დაიწყო მუშაობა. მოკლე პერიოდის შემდეგ კი სამშენებლო ბიზნესში გადავიდა და 2006 წელს ამ სფეროში პირველი ნაბიჯები გადადგა. დღეს ილია წულაის კომპანია ერთ-ერთი ცნობილი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში.

კახა კუჭავა

პროფესიით იურისტია. 2011 წელს დააარსა კომპანია Caucasus Minerals. "კავკასიის მინერალები" აწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიურ კვლევასა და განვითარებას. კომპანია ფლობს საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბადოს, "ზოფხითოს" შესწავლა-მოპოვების 30 წლიან ლიცენზიას. 2010 წელს კუჭავამ მეგობრებთან ერთად დააარსა იურიდიული ფირმა, სადაც ძირითადი კლიენტურა უცხოელები იყვნენ. ისინი სთავაზობდნენ კომპანიებს პრობლემის მოგვარებას, სანაცვლოდ კი უკვე შემდგარი კომპანიისგან გარკვეულ აქტივებს ითხოვდნენ.

"ჩვენ გვქონდა გამოცდილება, უნარები და გადავწყვიტეთ კომპანიებს დავხმარებოდით კრიზისიდან გამოსვლაში. არ ვთხოვდით ანაზღაურებას, ვიცოდით, რომ ვერ გადაიხდიდნენ, მაგრამ ვთხოვდით ან ე.წ. წარმატების მოსაკრებელს, ან უკვე კომპანიაში აქტივებს. ასე დაიწყო ჩვენი საქმიანობა სამშენებლო კუთხითაც, დღეს ვართ ერთ-ერთი დიდი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის აქციონერებიც, მმართველებიც. რამდენიმე კომპანია შევარჩიეთ, რომლებშიც ვთვლიდით, რომ სიტუაცია გამოსწორებადი იყო (თუმცა გაკოტრების პირას იყო), მართვა გადავიბარეთ, რამდენიმე წელი ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა მოვახერხეთ, რომ ვალდებულებები გაგვესტუმრებინა. იქ არა მარტო ბანკის ვალდებულებები, არამედ სხვადასხვა პრობლემური საკითხებიც იყო, რომლებიც წარმატებით მოვაგვარეთ", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კახა კუჭავა.

ნინო ვასაძე

ნინო ვასაძე უკრაინაში მოღვაწე ტარიელ ვასაძის ქალიშვილია, თუმცა ბიზნესის მართვის განსაკუთრებული ალღოთი ქალიშვილი მამას არ ჩამოუვარდება. ის უკრაინაში ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნეს ქალბატონად მიიჩნევა. ცნობილია, რომ მამამისი მსხვილი ავტომწარმოებელი, დისტრიბუტორი და სერვისული მომსახურების მიმწოდებელია უკრაინაში. ვასაძის აქტიური საქმიანობის წყალობით, კომპანია 20-ზე მეტი საავტომობილო ბრენდის გენერალური იმპორტიორი და ოფიციალური დილერია. მისი ქონება 183 მილიონ დოლარს აღემატება, თავად ნინომ კი ზუსტად რამდენის გამომუშავება შეძლო უკვე, უცნობია. ახალგზარდა ბიზნესლედი კომპანია "ფალკონ-ავტოს" ფინანსური დირექტორია და ამავე დროს "უკრავტოს" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს. ბიზნესის მართვის ნიჭის გარდა, ნინო გარეგნობითაც გამოირჩევა, ჟურნალმა "კორესპონდენტმა" რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში.

ბაქარ ბაკურაძე

კომპანია "იფქლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. კომპანია 1993 წლიდან არსებობს, თუმცა ბაქარ ბაკურაძე კომპანიის საქმიანობაში აქტიურად 2005 წელს ჩაერთო. მას შემდეგ კომპანიას უდგას სათავეში და ბიზნეს კიდევ უფრო აფართოებს.

"2005 წელს დავიწყე კომპანიაში აქტიურად მუშაობა. თუმცა ბავშვობიდან, როცა თავისუფალი დრო მქონდა, სულ დავდიოდი და ვცდილობდი მაქსიმალურად დავხმარებოდი მამაჩემს. ყოველთვის მქონდა ინტერესი, რას და როგორ აკეთებდა", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ბაქარ ბაკურაძე.

სოფიო კორძახია

სოფიო კორძახია "ფრესკოს" დირექტორის პოსტზე 1 თებერვალს დაინიშნა. სოფიო კორძახია ოტტო-ფონ-გუერიკეს უნივერსიტეტის (გერმანია) ფინანსურ მეცნიერებათა მაგისტრია. ასევე განათლება მიიღო Northern State University-ში (ამერიკის შეერთებულ შტატები). 2009-2011 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. "ფრესკოში" მუშაობის დაწყებამდე ის "პროკრედიტ ბანკის" დირექტორი იყო.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 911 პირი - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის" - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს მიმართავს