"მშობლებს აღარ სცალიათ შვილების მოსასმენად" - ფსიქოლოგი თინეიჯერებში მომრავლებულ სტრესსა და სუიციდის შემთხვევებზე

 "მშობლებს აღარ სცალიათ შვილების მოსასმენად" - ფსიქოლოგი თინეიჯერებში მომრავლებულ სტრესსა და სუიციდის შემთხვევებზე

რა აწუხებთ მოზარდებს, რა პრობლემებს ხედავენ ყველაზე ხშირად ფსიქოლოგები თინეიჯერულ ასაკში, რატომ იმრავლა სუიციდმა ამ ასაკში და რა აღელვებთ თინეიჯერების მშობლებს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ფსიქოლოგი ანა მურვანიძე გვესაუბრება. ანა თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის ფსიქოლოგია და როგორც ამ სივრცეში მომუშავე ადამიანმა, გაცილებით უკეთ იცის, რა პრობლემებია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში და როგორ შეიძლება მათი მოგვარება.

- ყველაზე ხშირად რა პრობლემებს ხვდებით ბავშვებში?

- ვერ პულობენ ადგილს საზოგადოებაში, საკუთარ თავში იკეტებიან. განსაკუთრებით, ე.წ. თინეიჯერულ ასაკში და სამწუხაროდ, ხშირია ამ მიზეზით განპირობებული სუიციდებიც. ყოველთვის ყველაზე პრობლემატური იყო გარდატეხის ასაკი, თუმცა ამ ასაკის ზღვარმა დაიწია და სულ უფრო და უფრო მეტ პრობლემას ვეჩეხებით უფრო მცირე ასაკის ბავშვებშიც. მოზარდები საზოგადოებაში ადგილს ვერ პოულობენ, ამას ხელს უწყობს ფსიქოლოგიური არამდგრადობა, გარემო პირობები, სახელმწიფოს მიდგომა, განათლების პრობლემა და უფროსებთან კონტაქტის არქონა. უფროსებში ვგულისხმობ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც, რომლებსაც ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვს მხოლოდ კარგი სწავლა, კარგი ჭამა-სმა თუ ჩაცმა არ სჭირდება. მთავარია მისი გაგება, მოსმენა.

- ამბობენ, რომ დღეს ბავშვებს მეტისმეტად იშვიათად ვეუბნებთ "არას", ყველაფერს ვუსრულებთ და როცა ერთ დღესაც წინააღმდეგობას ეჩეხებიან, უჭირთ მასთან შებრძოლება და უსუსურები ხდებიან... ხშირად ამასაც ასახელებენ მომატებული თვითმკვლელობების მიზეზად...

- ბავშვი უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, უნდა დავეხმაროთ, რომ ჩამოყალიბდეს მოქალაქედ. მოქალაქე სკოლამ უნდა გაზარდოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობის დაძლევის უნარი, ეს უნდა ასწავლოს მშობელმა, ოჯახმა, გარემომ და სკოლამ. მან უნდა იცოდეს პატარაობიდან, რომ ყველაფერი არ არის ნებადართული და არსებობს რაღაცები, რაც არ შეიძლება. ჟან ჟაკ რუსო ამბობდა: "ადამიანის უბედურების საწყისი საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების არათანხვედრაშია". თუ ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, გავაცნობიეროთ რისი ძალა, საშუალება გვაქვს და რისი არა, ბუნებრივია, მიიღწევა ბედნიერება.

საერთოდ, ამ თაობის მოზარდებს აქვთ ძალიან დადებითი რამ - მოტივაცია, სურთ, იყვნენ განათლებულები, წარმატებულები, ამჩნევენ, რომ წარმატება განათლების გარეშე არ მიიღწევა. და როცა ეს აქვთ გააზრებული, აუცილებლად უნდა გამოიყენონ მშობლებმა ეს მოტივაცია და ყველანაირი სიკეთე უნდა დაანახონ ბავშვებს და ასწავლონ ასევე თავიანთი მოვალეობები. თუმცა ამ თაობას აქვს ასევე მანკიერი მხარეც, რომ მათი სურვილები დაუძლეველია. ყოველთვის რაღაც უნდათ, უნდათ ყველაფერი ბევრი, არის სიხარბის, დაუკმაყოფილებლობის მომენტები.

ეს ბავშვები სტრესების ეპოქაში არიან დაბადებული და მუცლად ყოფნის პერიოდიდან სდევთ ეს სტრესები, ამიტომ არიან არა მხოლოდ ჰიპერაქტიურები, ასევე ჰიპერპასიურებიც. რატომღაც სულ ვამახვილებთ ყურადღებას ჰიპერაქტიურობაზე, მაგრამ ძალიან ბევრია ჰიპერპასიური, ე.წ. კუთხის ბავშვიც. მშობლებზე ბევრია დამოკიდებული, მათ უნდა წამოწიონ ბავშვები წინ, ჩააბან როგორც მიკრო, ასევე მაკრო სოციუმში. თუმცა ეს მზრუნველობაც არ უნდა იყოს ზღვარგადასული ჰიპერმზრუნველობა. ამანაც შეიძლება უკურეაქცია მოგვცეს. მშობელს უნდა შეეძლოს ოქროს შუალედის პოვნა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია